Accessibility links

"ბრიტანელი ჟურნალისტები რუსეთს საქართველოს შესახებ მოუთხრობენ" - ასეთია სათაური 20 ივლისის “კომერსანტის” ერთი პუბლიკაციისა, რომელშიც გაზეთი მკითხველს ამცნობს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რუსულენოვანი ”პირველი კავკასიური არხის” მართვის უფლება კერძო კომპანია ”ქეი ვანისათვის” გადაეცა. გაზეთი წერს, თუმცა კომპანია საქართველოშია დარეგისტრირებული, პრესაში მას ბრიტანულს უწოდებენ, რადგან მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მოსკოვში ”ბი-ბი-სის” ყოფილი კორესპონდენტი რობერტ პარსონსიაო.

გაზეთი წერს, რომ რობერტ პარსონსის განცხადებით, "K 1"-ის თანამშრომლებს შორის გამოცდილი ბრიტანელი ჟურნალისტებიც არიან, რომლებიც ეცდებიან საქართველოში ”ჟურნალისტიკის ახალი სკოლა შექმნან” და ადგილობრივი მედიისათვის ხარისხის ახალი სტანდარტი დააწესონ. ბრიტანელი ჟურნალისტის მტკიცებითო, - წერს გაზეთი, - „პირველი კავკასიური“ არ აპირებს პროპაგანდისტული გადაცემების კეთებას და საქართველოს ხელისუფლება არხის ეთერში ზუსტად ისეთივე კრიტიკის საგანი იქნება, როგორიც სხვა ქვეყნების მთავრობები. პარსონსმა გაზეთთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა - თქვა, რომ აპირებს გააფართოოს საკორესპონდენტო ქსელი, ჟურნალისტები გაგზავნოს მოსკოვში, ვლადიკავკაზში, მახაჩყალაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ერევანში, ბაქოში, თეირანში და ასე შემდეგ...

„კომერსანტი“ ასევე წერს, რომ რუსულენოვანი არხის მოდერნიზაციისათვის 7 მილიონი ლარი საქართველოს ხელისუფლებამ გაიღო.

ქართველი მსმენელისათვის საინტერესო იქნება გაზეთ „ვრემია ნოვოსტეიში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხება ყაზახეთის პრეზიდენტის ნუსრსულთან ნაზარბაევის ამასწინანდელ განცხადებებს ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით. ასტანაში ანგელა მერკელის ვიზიტის დროს ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არაფერს აკეთებს ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით. ნაზარბაევის თქმით, ” ყაზახეთი არასოდეს იყო ნაბუკოს წინააღმდეგი. ევროკავშირი კი ლაპარაკის გარდა არაფერს აკეთებს პროექტის რეალიზაციისათვის. არ მინდა კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ ეს ასეაო“, - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასტანაში, მან ასევე თქვა: "იმისათვის, რომ ყაზახეთი ნაბუკოში მონაწილეობდეს, როგორც მინიმუმ ორი რამ არის აუცილებელი: ან გასზადენი უნდა გაკეთდეს კავკასიის გავლით შავ ზღვაზე და შემდეგ... ან კასპიის ზღვაზე გაზის გადასამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს" - თქვა ნაზარბაევმა და დასძინა, რომ მისი ცნობით, ვერც თურქმენეთი ხედავს პრობლემას, რომ გაზის ტრანსპორტირება კასპიის გავლით ხდებოდეს. კარგი იქნებოდა, თუ ევროკავშირი უფრო აქტიურად იმუშავებდა ჩვენთან ერთად ამ პრობლემებზეო, - აღნიშნა ნაზარბაევმა.

გაუგებარია, რატომ მიმართა ასეთ დემარშს ნურსულთან ნაზარბაევმა სწორედ ახლაო, - წერს „ვრემია ნოვოსტეი“,- ლიდერმა, რომელიც ბოლო ხანებში არ ყოფილა შემჩნეული რუსეთის გამაღიზიანებელ მკვეთრ მოძრაობებში. „ვრემია ნოვოსტეი“ ამ საქციელს ”აღმოსავლურ ეშმაკობას” უწოდებს და წერს: "იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვთან ერთად სულ ახლახან გაერთიანდა საბაჟო კავშირში, როგორც ჩანს, გაზის გაყიდვის უკეთეს პირობებზე ვაჭრობა გადაწყვიტა". პუბლიკაციის მიხედვით, ასტანა დიდი ხანია ცდილობს გაზის თუნდაც ნაწილის დამოუკიდებლად ექსპორტირებას რუსეთის მიღმა. "ნაზარბაევის საუბრები ნაბუკოზე, შესაძლოა, მორიგი ნიადაგის მოსინჯვა იყოს მოსკოვთან გაზის ევროპაში ტრანზიტის თაობაზე", - წერს „ვრემია ნოვოსტეი“.
XS
SM
MD
LG