Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ლუკაშენკო მიზანში ამოიღო?


ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ბელორუსიის ავტორიტარულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი ძველი მოკავშირე კრემლის დაპირისპირება ბოლო ხანებში იმდენად ინტენსიური ხდება, რომ, ზოგიერთის ვარაუდით, რუსეთი ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უნდა გეგმავდეს. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-თი ნაჩვენებმა დოკუმენტურმა ფილმმა „ნათლია“ („კრესტნი ბატკა“), რომელშიც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი.
სხვათა შორის, ფილმს „ნათლია“ („კრესტნი ბატკა“) სწორედ რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომის“ კუთვნილი ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“ უჩვენებს 4 ივლისიდან.

ბოლო დრომდე დასავლეთის პრესაში ლუკაშენკოს მოიხსენიებენ როგორც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“, საკუთარ თავს კი თავად ლუკაშენკო ხან ჰიტლერს ადარებს, ხან სტალინს და თავს მთელი ბელორუსი ხალხის ნათლიად მიიჩნევს.

ზემოხსენებულ ფილმში მოთხრობილია ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენელთა გატაცებისა და მკვლელობის თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში და რომლის უკანაც, გავრცელებული აზრით, ლუკაშენკო და მისი სიკვდილის ბრიგადები იდგნენ. ფილმს სააშკარაოზე გამოაქვს ასევე ლუკაშენკოს პირადი ცხოვრების დეტალები და შეახსენებს მაყურებელს, რომ რუსეთი მას მილიარდობით დოლარს აძლევდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბელორუსიის ლიდერის მაკომპრომეტირებელი ფილმი რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეკომპანიაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლუკაშენკოს აშკარად გაუცივდა ურთიერთობა მოსკოვთან. ბელორუსიის პრეზიდენტი ამ ბოლო ხანებში ცდილობს დაუახლოვდეს დასავლეთს. მან რუსეთი აიძულა მისთვის ბუნებრივი აირი დაბალ ფასად მიეყიდა და უარი თქვა ეცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

„ნათლიის“ პასუხად, ლუკაშენკო შეტევაზე გადავიდა. ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიით 15 ივლისს უჩვენეს რუსეთის დაუძინებელი მტრის, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინტერვიუ, რომელშიც საქართველოს ლიდერი მადლობას უხდის ლუკაშენკოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო და კრემლს ბელორუსიის საწინააღმდეგო პროპაგანდის გაჩაღებაში ადანაშაულებს:

„სხვადასხვანაირი ბრალდებები ისმის და ლამის კანიბალიზმში სდებენ ბრალს ბელორუს მოღვაწეებს... და ეს ბრალდებები მოდის ქვეყნიდან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემდი და კარგად ვიცნობდი, და სადაც არათუ მკვლელები არ უპოვიათ, არამედ ყველა პროცესი შეწყვეტილია; სადაც ცოტა ხნის წინ მოკლეს აქტიური მოქალაქე ასტემიროვა, რომელიც ორი დღის შემდეგ თბილისში ჩამოსვლას აპირებდა.“

ამას მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. მომდევნო დღეს, 16 ივლისს, რუსულმა „ენ-ტე-ვემ“ აჩვენა „ნათლიის“(„კრესტნი ბატკა“) მეორე სერია, რომელშიც საუბარია ლუკაშენკოს კავშირებზე დევნილობაში მყოფ რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან და ყირგიზეთის დევნილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლუკაშენკოს შემბღალავი დოკუმენტური ფილმი მოჰყვა ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებით ივნისის თვეში მომხდარ დაპირისპირებას რუსეთსა და ბელორუსიის მთავრობებს შორის. მომდევნო წელს კი ბელორუსიაში დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ლუკაშენკოს შეეძლება მეოთხედაც შეინარჩუნოს პოსტი.

ოპოზიციის წარმომადგენელი, ბელორუსიის სახალხო ფრონტის ლიდერი ალექსეი იანუკევიჩი ფიქრობს, რომ დოკუმენტური ფილმი აშკარად მიანიშნებს, რომ მოსკოვი ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას აპირებს:

„კრემლმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა აღარ დაუჭიროს მხარი ლუკაშენკოს მომდევნო არჩევნების დროს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთისთვის მომგებიანია ლუკაშენკოს დაუძლურება. პოლიტიკა, რომელსაც კრემლი ატარებს, იმაში მდგომარეობს, რომ დაასუსტოს და პერსონალურად შეურაცხყოს ლუკაშენკო. ფილმი „ნათლია“ ამ რეგულარული საინფორმაციო თავდასხმის შემადგენელი ნაწილია.“

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ რუსულ ფილმში ხშირად ფიგურირებს ოპოზიციის ლიდერი ალიაქსანდრ კაზულინი, ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც ლუკაშენკოს მეტოქე იყო 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მინსკში არსებული ბელორუსული გაზეთის - „ნაშა ნივას“ - მთავარი რედაქტორი ანდრეი დინკო ამბობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს შემცვლელად კრემლი ფსონს სწორედ კაზულინზე დადებს:

„მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არის ძალიან პერსონალური გზავნილი: იგი ბიძგს აძლევს ალიაქსანდრ კაზულინს დაბრუნდეს პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ ამ სიგნალის შემდეგ კაზულინი გადაწყვეტს კენჭი იყაროს, მაშინ ეს მომავალი საარჩევნო კაპმანიის გადამწყვეტი მომენტი იქნება. ფართო გაგებით, ამ ორივე ფილმმა საკმაოდ წინა პლანზე წამოსწია ოპოზიცია, რომელსაც აქტიურობის ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა. მათ ახალი იმედები მიეცათ.“

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლმა გადაწყვიტა ეკონომიკური ბერკეტები გამოაცალოს ალექსანდრ ლუკაშენკოს და ფარულად გააძლიეროს ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატი. თუმცა ცნობილი ბელორუსი პოლიტოლოგი ლეონიდ ზაიკა მიიჩნევს, რომ კრემლის ამ სტრატეგიას მხოლოდ მაშინ ელოდება წარმატება, თუკი ლუკაშენკო არჩევნების პროცესში უხეშად ჩაერევა და დასავლეთი არ ცნობს არჩევნების შედეგებს:

„თუკი ვაშინგტონი, ბრიუსელი და მოსკოვი - ყველა ერთად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვითარება სრულიად შეიცვლება. მაშინ მათ მეტის გაკეთება არც დასჭირდებათ. არ დასჭირდებათ მათ არანაირი კონსპირაციები. კრემლი იმოქმედებს ლეგიტიმურად და კანონის ფარგლებში.“

თუმცა ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ კრემლის მიზანს არ წარმოადგენდეს სერიოზული ქმედება ლუკაშენკოს შესაცვლელად მანამდე, სანამ რუსეთი არ დარწმუნდება, რომ შეუძლია ხელისუფლების გადაცემის კონტროლი და მის ნაცვლად უფრო მისაღები პრეზიდენტის დანიშვნა. პაველ შერემეტი კი, რუსული ყოველდღიური გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური მიმომხილველი, კიდევ ერთ, უფრო „დამაჯერებელ სცენარზე“ ამახვილებს ყურადღებას - ეს შეიძლება იყოს არა ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლა, არამედ მისი იძულების კამპანია:

„მას შეინარჩუნებენ პრეზიდენტად, მას ხელს არ შეუშლიან, რათა არჩევნების გაყალბების გზით მოიპოვოს ტრიუმფალური გამარჯვება, მაგრამ სანაცვლოდ ლუკაშენკო გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს საბაჟო კავშირის, პოლიტიკური კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სფეროს მიმართულებით,“ - ამბობს პაველ შერემეტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG