Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში შიდსის ეპიდემია იზრდება


ყოველკვირეული პროგრამა „ახალი ევროპა“ დღეს შიდსის პრობლემატიკის შესახებ ვენაში მიმდინარე კონფერენციას ეთმობა. ამ კონფერენციის მონაწილეებს გაეროს ბავშვთა ფონდმა - UNICEF-მა - წარუდგინა თავისი ბოლო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მსოფლიოს რეგიონებს შორის ყველაზე სწრაფი ტემპით აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში ვრცელდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის - თანახმად, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის - ანუ აივ-ინფექციის - გავრცელების მასშტაბი 2006 წლის შემდეგ 700 პროცენტით გაიზარდა. უკრაინაში ამ, შიდსის გამომწვევი, ვირუსის გავრცელება მთელი მოსახლეობის 1.6 პროცენტზე მოდის, რაც, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შუა აზიის ქვეყნებს კი დაავადების ახალ-ახალი აფეთქებების კერებად მიიჩნევენ.

ეს შემაშფოთებელი მაჩვენებლები UNICEF-ის ბოლო ანგარიშშია წარმოდგენილი. ანგარიში ვენაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოქვეყნდა პირველად.

UNICEF-ის ანგარიშში აღწერილია ჩაკეტილი წრე, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მოზარდებს ეხება. მათ ინფიცირების საფრთხე განსაკუთრებით მწვავედ უდგათ - ისინი ხშირად ადრეულ ასაკში ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ინტრავენურ ნარკოტიკულ საშუალებებს საზიარო შპრიცებით იკეთებენ. ბევრი მათგანი - ხშირად სწორედ ნარკოტიკებისთვის საჭირო ფულის მოსაპოვებლად - პროსტიტუციაშიც ერთვება.

სააგენტოს თანახმად, პრობლემას უფრო მეტად ის ფაქტორი ართულებს, რომ აივ ინფექციითა და შიდსით დაავადებული ბავშვები და მოზარდები, სოციალური სტიგმის შიშით, სამკურნალო დაწესებულებებს არ მიმართავენ.

UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, „მარგინალებად ქცეულ ბავშვებს და მოზარდებს ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დაცვის სამსახურები სჭირდებათ, მკაცრი გაკიცხვის ნაცვლადო.“

სააგენტოს შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში მთავრობებმა საზოგადოებისგან გარიყული ბავშვების და ზრდასრულების დასახმარებლად ისეთი სამსახურები უნდა შექმნან, რომლებიც ხალხს მორალიზმის და გაკიცხვის გარეშე მოემსახურება და უმწვავეს პრობლემებს გადაუჭრის.

UNICEF- მა წარმატების მაგალითებიც მოიყვანა. რუსეთში 100-ზე მეტი სამსახური მუშაობს, რომლებიც აივ-ინფექციით დაავადებულ და ასევე რისკის ჯგუფში მყოფ ახალგაზრდებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს და ინფორმაციით უზრუნველყოფს. მსოფლიოს სხვა ნაწილში - სამხრეთ აფრიკაში - ახლახან ვაგინალური კრემის დარიგება დაიწყეს, რამაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ქალებს შორის ინფიცირების შემთხვევები 50 პროცენტით შეამცირა.

თუმცა ზოგადი სურათი მაინც მძიმე რჩება.

ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით მწვავე კრიტიკაც გაისმა - ითქვა, რომ ის შიდსთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. შიდსის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ხულიო მონტანერმა წამყვან განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებს არასაკმარის მოქმედებაში დასდო ბრალი:

„კანადაში ახლახან ჩატარებულ დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის შეხვედრების მიმართ ჩემს ღრმა იმედგაცრუებას და მწვავე უკმაყოფილებას ვერ ვმალავ. იმის გამო, რომ მათ მთლიანად ვერ იკისრეს პასუხისმგებლობა, რათა შიდსის მკურნალობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გაეხადათ; ასევე იმის გამო, რომ ვერ შეძლეს იმ შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა, რომლებმაც არა მხოლოდ ექვსი, არამედ [ათასწლეულის განვითარების მიზნების] ყველა პუნქტის შესრულებასთან უნდა მიგვიყვანოს, ვინაიდან თუკი მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ვერც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა მოხერხდება 2015 წლისთვის“, - განაცხადა მან.

თუმცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, კონფერენციის მონაწილეები გააფრთხილა, არსებული კრიზისის პირობებში დონორ ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის სფეროში მეტი თანხის გაღებას ვერ მოვთხოვთ, თუკი ისინი არ დაინახავენ, რომ მათი ფული სწორი მიმართულებით იხარჯებაო:

„ზედმეტად ბევრ ქვეყანაში ზედმეტად ბევრი ფული იხარჯება იმისათვის, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი ზედმეტად ბევრ შეხვედრებს დაესწროს - ზედმეტად ბევრი თვითმფრინავით იფრინოს და ზედმეტად ბევრი ტექნიკური დახმარება აღმოეჩინოს. ზედმეტად ბევრი თანხა იხარჯება გამოკვლევებსა და ანგარიშებზე, რომლებიც შემდეგ თაროებზე შემოდებული რჩება“, - თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვენაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია პარასკევამდე გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG