Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური მიმართვა ჰოლანდიიდან ჟენევაში


ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი
ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი
ქართულ-ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა. ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში ქართველი, ოსი, რუსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ერთობლივად შეიმუშავეს მიმართვის ტექსტი, სადაც განიხილავენ აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჟენევის კონსულტაციები არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფებმა ხელშესახები შედეგები ვერ დადეს.

მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი ჩაშლილია.

“ნათელია, რომ პოლიტიკური ინტერესების ტყვეობაში რიგითი ადამიანები აღმოჩნდნენ ყოველდღიური პრობლემებით”, – ნათქვამია მიმართვის დასაწყისში.

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს ურჩევენ, პირველ რიგში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ. მათი აზრით, მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას; ნათესავებს ერთმანეთის ნახვის საშუალება და ეკლესიებში და საფლავებზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ; მიწისმფლობელებს საკუთარი ნაკვეთების უსაფრთხოდ დამუშავების საშუალება უნდა ჰქონდეთ; სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ქართული სოფლებისთვის წყალმომარაგებისა და ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა.

ქართულ-ოსური ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ, დაადგინონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების საერთო წესები. დღეს, როცა არაერთი მოქალაქე მალულად გადადის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ხდება მათი დაკავება და უფლებების შელახვა. მიმართვის ტექსტს, სხვებთან ერთად, ხელი ცხინვალელმა ჟურნალისტმა მარია პლიევამაც მოაწერა. მისი თქმით, სასურველია, ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ხმა სწრაფად გაიგონ და რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ ძალისხმევა.

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და უკანონოდ დაკავებულთა საქმეების გამოძიების დაწყებისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ. მათი აზრით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების დონეზე კონტაქტების გაღრმავება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და შეკრებების და გაერთიანების შეუზღუდავი უფლება. მიმართვას ხელი ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბენდიანაშვილმაც მოაწერა. მისი აზრით, სამოქალაქო ფორუმი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი რეკომენდაციების მიწოდების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.

მიმართვის ბოლოს ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ აღადგინონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ამ მიმართვას ხელი 22-მა ადამიანმა მოაწერა და უკვე დაეგზავნა როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, ასევე მხარეების წარმომადგენლებს.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 27 ივლისს არის დაგეგმილი. გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის რეკომენდაციებს, ეს ჟენევაში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG