Accessibility links

logo-print
”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელ თეა თუთბერიძის მიერ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანთა დადანაშაულების ფაქტზე დღევანდელი ”ვერსია” დეტალურად წერს და სტატიის გარდა აქვეყნებს იმ ფარული აუდიოჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს, რომელიც თეა თუთბერიძემ წარმოადგინა.

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ წინააღმდეგობის მოძრაობა ”იბერიის” წარმომადგენელ პოლკოვნიკ გიორგი ნებიერიძესთან. ის ამბობს: ”აგვისტოს დღეებში ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი ჯარი პარტიზანული დაცვის სისტემაზე გადაეწყო, მაგრამ ეს სურვილად დარჩა. როგორც არმიის ხელმძღვანელობა ვერ შეძლო, ასევე არ შეეძლო პარტიზანების ორგანიზება. სააკაშვილს უყვარს ტერმინი ”ხელისუფლება არ ჩამოგვეშალაო”. სწორედაც რომ ჩამოიშალა ჩვენი მთავარსარდლობა და ელემენტარული დირექტივების მოწოდებაც კი ვეღარ მოახერხა. ცხადია, მას დღეს ბრძოლა აღარ შეუძლია. ამიტომ წინააღმდეგობის მოძრაობა არაფერში სჭირდება და არც გვერდში უდგას მას”, - ამბობს ”ვერსიის” რესპონდენტი პოლკოვნიკი გიორგი ნებიერიძე, წინააღმდეგობის მოძრაობა ”იბერიის” წარმომადგენელი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი თითქმის ყველა გაზეთის განხილვის საგანია. ”ახალი თაობა” ლეიბორისტული პარტიის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილსაც ეკითხება ამის შესახებ. შატბერაშვილი ამბობს: ”ეს პროექტი სააკაშვილის დღეების გახანგრძლივების საკონსტიტუციო პროექტია. ჩვენ შევხვდით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, მის წევრებს და კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილიყო ასეთი პუნქტი: სააკაშვილს, ანუ პრეზიდენტს, რომელიც ორჯერ იყო საქართველოს ხელისუფალი, აეკრძალოს მომავალში გარკვეული თანამდებობების დაკავება, როგორიცაა - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი სახელმწიფო პოსტები.”

”ახალ თაობაშივე” კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის შესახებ ჟურნალისტი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილსაც ეკითხება: ”ჩქარი სასურველია მხოლოდ ტაში. ჩქარი ტაში უხდება ჩქარ ცეკვას და ფაციფუცში, ნაჩქარევად კონსტიტუციის მიღება ნიშნავს ისეთი ნაღმების არსებობას მასში, რომელზეც საუბარი ხელისუფლებას არ აწყობს და რომელზე აზრის გამოთქმის უფლება სურს რომ წაართვას როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.”

”24 საათის” პირველ გვერდზე, სათაურით - ”საიდუმლო ინფორმაცია”, წაიკითხავთ: ”გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა 13 ივლისს ჯაშუშობაში ბრალდებული ბაკურ კიღურაძე დააკავეს”. ”24 საათის” ავტორი განაგრძობს: ”როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა ”24 საათთან” საუბრისას, მისთვის ცნობილი არ არის ინფორმაცია კიღურაძის დაკავების შესახებ, თუმცა იქვე განმარტა: ”რომც ვიცოდეთ მომხდარი ფაქტის თაობაზე, ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს საიდუმლო ინფორმაციაა.”

”რეზონანსი” წერს, რომ ”თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედროებს უჩივის და ჯარიმებს აკისრებს”. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ ლია ხუროშვილს გაზეთისთვის უთქვამს: ”ამ უბედურ ხალხს, ყოფილ ჯარისკაცებს ხელი მოწერილი აქვთ კონტრაქტზე, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა. ჯარიმის რაოდენობა ძალიან მაღალია, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე დამატებით გადასახადს ითვალისწინებს. ეს კი, კატასტროფულ თანხებამდე ადის. ხშირად 15-20-30 ათასი ლარი გამოდის.” ლია ხუროშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულების პირობებს ბოროტად იყენებს, სამი წლის შემდეგ შეაქვს სარჩელი სასამართლოში, რის გამოც ყოფილ სამხედროებს დიდი თანხის გადახდა ეკისრებათ.

”საქართველოს რესპუბლიკაში” განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი აკადემიკოს ივანე კიღურაძის მიმართვა ქვეყნდება. ის ასე სრულდება: ”ყველას, ვინც დღეს ქართული მეცნიერების, კულტურისა და სულიერების ამოძირკვას ცდილობს, არცთუ შორეულ მომავალში მკაცრდა მოეკითხება. მე არ მინდა, რომ მათ შორის თქვენც გიხილოთ. ამიტომ გირჩევთ დაარწმუნოთ ხელისუფლება, რომ მაღალი რეიტინგის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები დააბრუნოს აკადემიის წიაღში, დაუკანონოს მათ უამრავი ქონება, დაუნიშნოს მეცნიერებს ნორმალური თანამდებობრივი სარგოები და, რაც მთავარია, საშუალება მისცეს ინსტიტუტებს ფართოდ გაუღონ კარები ნიჭიერ ახალგაზრდობას.”
XS
SM
MD
LG