Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშა მოძრაობა ტექნოგენურ დივერსიებზე გადადის?


ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე ბაქსანის ჰიდროელექტროსადგური

ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე ბაქსანის ჰიდროელექტროსადგური

21 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარმა ტერორისტულმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული იატაკქვეშეთი არსებობას განაგრძობს და სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის ბრძოლის ახალ-ახალ ფორმებსაც იყენებს. ჯგუფმა, რომელიც 4-5 თავდამსხმელისაგან შედგებოდა, სტრატეგიულ ობიექტზე შეაღწია - მათ დახოცეს მცველები, თვითნაკეთი ბომბებით ააფეთქეს ორი ჰიდროაგრეგატი და გათიშეს მთელი სადგური.

ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშა მოძრაობის სამეცნიერო-ტექნიკური აზროვნება გარკვეული მიმართულებით ვითარდება და ეძებს ბრძოლის წარმოების ახალ საშუალებებსა და ინსტრუმენტებს. ეს უკვე არის ტექნოგენური დივერსია ...
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაბარდო-ბალყარეთში ფეხზე დადგა. გზები გადაკეტილია, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იჩხრიკება ყველა, ვინც კი რესპუბლიკიდან გადის და შემოდის. გაძლიერდა კონტროლი ყაბარდო-ბალყარეთში არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელთა რაოდენობა ექვსს აღწევს, აფეთქებისაგან მწყობრიდან გამოსული ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა რუსეთის ხელისუფლებამ ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინს დაავალა, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა:

„ორგანიზებული ტერორისტული აქტის შედეგები ლოკალიზდება. ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია, დაწყებულია გამოძიება ფედერალური უშიშროების სამსახურისა და პროკურატურის მონაწილეობით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები ტერიტორიის განსანაღმავად. მიცემულია ბრძანება და რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა ჰიდროელექტროსადგური გადაყვანილია მომეტებული მზადყოფნის რეჟიმზე.“

გამოძიების წინაშე დგას მთავარი კითხვა: როგორ მოახერხეს თავდამსხმელებმა სტრატეგიულ ობიექტზე შეღწევა და აქვთ თუ არა მათ კავშირი ჩრდილო კავკასიის იატაკქვეშა მოძრაობასთან, რომლის გასანადგურებლადაც კრემლი ფინანსურ, საინფორმაციო და ადამიანურ რესურსს არ იშურებს. ზოგიერთი დეტალი, რაც ცნობილია, მიუთითებს იმაზე, რომ ტერაქტი კარგადაა დაგეგმილი და ორგანიზებული. 3-5 კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა ყურადღების გადასატანად 21 ივლისს ჯერ ბაქსანის მილიციის რაიონულ განყოფილებაზე მიიტანა იერიში ყუმბარსატყორცნიდან, შემდეგ კი შეიჭრა ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, დახოცა დაცვის ორი წევრი, ააფეთქა თვითნაკეთი ბომბები სამანქანო განყოფილებაში და მიიმალა. ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის - „ეხო კავკაზას“ - მთავარი რედაქტორი ანდრეი ბაბიცკი არ გამორიცხავს, რომ ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება იყოს ბრძოლის ახალი ტაქტიკის შემადგენელი ნაწილი, ტექნოგენური დივერსია, რაც ჩრდილოეთკავკასიური იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობამ მიზნად დაისახა:

„უნდა ითქვას, რომ თავდასხმა ამ ჰიდროელექტროსადგურზე მიუთითებს, რომ ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშა მოძრაობის სამეცნიერო-ტექნიკური აზროვნება გარკვეული მიმართულებით ვითარდება და ეძებს ბრძოლის წარმოების ახალ საშუალებებსა და ინსტრუმენტებს. ეს უკვე არის ტექნოგენური დივერსია.“

ჩრდილოეთ კავკასიის რუკა
ანდრეი ბაბიცკის თქმით, აშკარაა ერთგვარი ევოლუცია. 2000 წლიდან მოყოლებული, ჩრდილო კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობამ ტექნოგენურ დივერსიებამდე ბრძოლის ისეთი მეთოდები მოსინჯა, როგორიცაა დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდება. ტერორისტული აქტიურობის მეორე ხაზი იყო ობიექტების ხელში ჩაგდება, „ნორდ ოსტი“ მოსკოვში და სკოლის ხელში ჩაგდება ბესლანში. მესამე ეტაპი იყო თვითმკვლელი ტერორისტების მომზადება და ბოლო ტაქტიკა მდგომარეობს ისეთი დივერსიების მოწყობაში, რომლებიც დიდ ტექნოგენურ ზიანს გამოიწვევს.

„ის, კავკასიის საამირო, აქეთ იყურებოდა და ჯერ კიდევ ზამთარში ცდილობდა თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებაზე. თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ გარედან არავითარი ტერორისტული ზემოქმედება არ ყოფილა. ახლა კი ყველაფერი ნათელია: ესენი ნამდვილად იყვნენ მეამბოხეები და ეს ნამდვილად არის ტექნოგენური დივერსია, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ რომელიმე სტრატეგიული ობიექტის აფეთქებას, არამედ ასევე გარკვეული სამეურნეო ზიანის მიყენებას ქალაქისათვის, რაიონისა და რესპუბლიკისათვის. უფრო ზუსტად, ეს არის კატასტროფა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი.“

არაოფიციალური ინფორმაციით, ბაქსანის ჰიდროელეტროსადგურზე 21 ივლისს მომხდარი ტერორისტული აფეთქების უკან შესაძლოა იდგეს ყაბარდო-ბალყარეთის ჯამაათი. თუმცა ჯერჯერობით ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ანდრეი ბაბიცკის თქმით, ყაბარდო-ბალყარეთის ჯამაათი 2004 წლის შემდეგ კვლავ გაძლიერდა და მას კავკასიის საამიროში საკუთარი ლიდერი ჰყავს, ამირ სეიფულას სახით. ე.წ. კავკასიის საამიროს კი ხელმძღვანელობს ჩეჩენ პარტიზანთა ლიდერი დოკ უმაროვი, რომელიც ამა წლის 26 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტების სიაში შეიყვანა.
XS
SM
MD
LG