Accessibility links

რას მოახმარს ”ბლოკ-ჯორჯია” 8 მილიონი დოლარის სესხს


USAID-ის წარმომადგენელი ჯონათან კონლი

USAID-ის წარმომადგენელი ჯონათან კონლი

„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის“ ნაწილის ფარგლებში, თიბისი ბანკმა სამშენებლო კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” 8 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო. ამ თანხის ნახევრის, ანუ 4 მლნ დოლარის, გარანტად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID გამოცხადდა. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა საქართველოში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციასა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის გეგმა 100 ახალი საავადმყოფოს აშენებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ვეღარ განხორციელდა. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა მიზეზად ამ ორ ფაქტორს აცხადებდა. მოგვიანებით ამ პროექტს სახელი შეეცვალა და „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა“ ეწოდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ვებგვერდზე „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის“ 2007-2009 წლების ანგარიშში წერია, რომ უნდა გარემონტდეს და აშენდეს სულ 100 საავადმყოფო, მათ შორის რეგიონებში - 77, თბილისში კი - 23.

მოგება, რისკები დათვლილი გვაქვს და ველით მოგებას.
ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე სამშენებლო კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიაა”. სწორედ მას გამოეყო 8 მილიონი დოლარის სესხი. ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ თანხით კომპანიამ ქუთაისის სამედიცინო ცენტრს 120 საწოლიანი ფლიგელი უნდა მიუშენოს, ასევე გაარემონტოს და აღჭურვოს დასავლეთ საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ზომის 8 საავადმყოფო, რის შედეგადაც, გეგმის მიხედვით, 2011 წლის დეკემბერში სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ახალაშენებული ან გარემონტებული სამედიცინო დაწესებულებები უნდა მოემსახუროს.

თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის მიხედვით გაფორმდა, ”ბლოკ-ჯორჯიას”, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 24 საავადმყოფო უნდა გაერემონტებინა და 1700 საწოლი უზრუნველეყო. თუმცა, კომპანიის გენერალური მენეჯერის გელა გოგიშვილის განცხადებით, კომპანიამ ვერ შეძლო ერთ-ერთი ჩეხური კომერციული ბანკისგან სესხის მიღება, რის გამოც დაწყებული სარემონტო სამუშაოების გაგრძელება თბილისში არსებულ ყოფილ მე-8 სავადმყოფოში, მე-5 სამშობიაროსა და კიდევ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ვეღარ მოახერხა.
ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კომპანიას, საჯარიმო სანქციის სახით, ობიექტები ჩამოერთვა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ „ბლოკ-ჯორჯიასთან“ ურთიერთობის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა.

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მათ გადახედეს ხელშეკრულებას და „ბლოკ-ჯორჯიას“ პროცესში მონაწილეობის გაგრძელების საშუალება მისცეს:

სანდრო კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი
„’ბლოკ-ჯორჯიას’ თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, აღებული ჰქონდა ძალიან დიდი ვალდებულება. ჩვენ გადავხედეთ ამ ხელშეკრულებას, ჩამოვართვით ის ვალდებულებები, რომლებსაც ვერ ასრულებდა და დარჩა მხოლოდ სამეგრელოს ლოტი, რომელიც უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს USAID -ის დახმარებით, გვინდოდა, რომ დასრულებულიყო”,- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

სწორედ ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიას თიბისი ბანკისგან 8 მილიონი დოლარის კრედიტის აღებაში თანხის ნახევრის, ანუ 4 მილიონი დოლარის, გარანტად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუდგა.
USAID-ის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი გიორგი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ USAID-მა ეს ნაბიჯი სოციალური პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადადგა:

„ეს არის USAID-ის სპეციალური მექანიზმი, განვითარების კრედიტების გარანტია, რომელიც ითვალისწინებს 50%-იან გარანტიას გარკვეული ტიპის კომერციულ სესხებზე კერძო კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში 8-იდან ნახევარი არის გარანტირებული USAID -ის მიერ, ანუ რისკი რჩება ბანკსაც. შესაბამისად, ყველა მხარე არის დაინტერესებული, რომ პროექტი სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს”, - ამბობს გიორგი ხეჩინაშვილი.

თავის მხრივ, თიბისი ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ღაძაძე, ამ ხელშეკრულებიდან ერთდადერთ რამეს ელის:

„მოგება, რისკები დათვლილი გვაქვს და ველით მოგებას.”

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა ამბობს, რომ „ბლოკ-ჯორჯიასთან” სახელმწიფო ურთიერთობა საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება. ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ კომპანიასთან ურთიერთობა არა სატენდერო პირობებით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხორციელდება. თათული თოდუა საეჭვოდ მიიჩნევს იმ შემოწირულობებსაც, რომელიც ამ კომპანიის მხრიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფონდში ხორციელდება.

„2007-2008 წლებში, მთელი წლის განმავლობაში, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 100 ათასი ლარი. კანონი ადგენს იურიდიული პირებისგან მაქსიმალურ ნებადართულ შემოწირულობას და მისი ოდენობა 100 ათასი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ბლოკ-ჯორჯიამ” მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალური ოდენობის თანხა შესწირა მმართველ პარტიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება”,- მიიჩნევს თათული თოდუა.
XS
SM
MD
LG