Accessibility links

logo-print

აქციების ბირჟებზე განთავსებას ფოთის პორტიც აპირებს


ფოთის პორტი

ფოთის პორტი

ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მფლობელი რას-ალ ხაიმას საემიროს საინვესტიციო ფონდი (Ras Al Khaimah Investment Authority - RAKIA) 2011 წელს ფოთის პორტის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებას (IPO) გეგმავს. ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხატერ მასაადმა განაცხადა.

„ჩვენ აღარ განვახორციელებთ ინვესტიციებს საზღვარგარეთ, თუმცა გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ პროექტებს, მათ შორის ალუმინის ქარხანას ინდოეთში და პორტს საქართველოში,“ – იტყობინება დუბაიში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი Gulf News ხატერ მასაადის სიტყვებზე დაყრდნობით.

RAKIA-მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში, 300 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით იმავე წელს RAKIA-მ პორტის დარჩენილი 49%-ის აქციებიც შეიძინა 65 მილიონ დოლარად და უკვე მის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
მოკლედ, ”საქართველოს ბანკისა” და ”საქართველოს რკინიგზის” შემდეგ ფოთის პორტი მესამე ქართული კომპანია შეიძლება გახდეს, რომელიც ფასიან ქაღალდებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს, რამაც მისი საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაზარდოს.

თუმცა, როგორც ირკვევა, ფოთის ნავსადგურს, ისევე როგორც ბათუმის პორტს და ყულევის ტერმინალს, გაცილებით მეტი კონკურენციის პირობებში შეიძლება მოუხდეთ საქმიანობის გაგრძელება. კომპანია „ბლექ სი პროდაქტმა“ ლანჩხუთის რაიონში, სუფსაში პორტის მშენებლობა უკვე დაიწყო. 6-ნავმისადგომიანი პორტი ექსპლუატაციაში 2012 წლისთვის შევა. პორტი 180 ჰექტარზე გაშენდება და მოემსახურება როგორც საკონტეინერო, ასევე კომბინირებულ, ნავთობის, მარცვლეულის და ავტომობილების გადაზიდვას.

მენეჯმენტის მტკიცებითვე, ახალი პორტი რკინიგზასთან სხვა ქართულ პორტებზე ახლოს იქნება. მისი მთავარი უპირატესობა კი ზღვის სიღრმეა, რაც სუფსის პორტს ნებისმიერი სიდიდის გემის მიღების საშუალებას მისცემს. არსებულ პორტებს კი მისი ამოქმედების შემდეგ, სულ სხვა კონკურენტულ გარემოში მოუხდებათ ოპერირება.
XS
SM
MD
LG