Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ მხარი დაუჭირა ყირგიზეთში პოლიციის მრჩეველთა გაგზავნას


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) დღეს მიიღო გადაწყვეტილება ყირგიზეთში პოლიციის მრჩეველთა ჯგუფის „დაუყოვნებლივ განთავსების“ შესახებ. მრჩევლების ჯგუფი ყირგიზეთის ხელისუფლებას დაეხმარება ეთნიკური დაძაბულობის განმუხტვასა და რეგიონში პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერებაში. გადაწყვეტილებით, რომელიც ყირგიზეთთან არის შეთანხმებული, ეუთო თავდაპირველად 52 უცხოელ პოლიციელს გააგზავნის ყირგიზი პოლიციელებისთვის რეკომენდაციების მისაცემად, რაც პირველ რიგში სამხრეთ ყირგიზეთს ეხება. ექსპერტებს იარაღი არ ექნებათ და არც პოლიციელების ფუნქციას შეასრულებენ. ჯგუფი ოთხთვიანი მანდატით იქნება აღჭურვილი, მაგრამ შესაძლებელია მანდატის ვადის გაგრძელება. ეუთოს გადაწყვეტილების ფონია სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშის მერის განცხადება, რომ ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთი საპოლიციო ძალის განთავსების წინააღმდეგ გამოდის. გასულ თვეში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის დაპირისპირებამ სამხრეთში მდებარე ჯალალ-აბადისა და ოშის რაიონებში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და შინიდან გაქცევა აიძულა 400 000-მდე ადგილობრივ მოსახლეს.
XS
SM
MD
LG