Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესია და პოლიტიკა


20-28 ივლისს უკრაინა სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს მასპინძლობს. ამ მოვლენას, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, უკრაინის ნაციონალური I ტელეარხი პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად აშუქებს. ვიზიტი იმით არის საინტერესო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია მსოფლიო მართლმადიდებლური და განსაკუთრებით რუსული ეკლესიის თავის ტკივილადაა ქცეული. იქაური მართლმადიდებელი მრევლი ორ ნაწილადაა გაყოფილი - ისინი, ვინც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის უპირატესობას აღიარებს და ვინც უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პატრიარქს ემხრობა, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსგან აღიარებული ჯერ არ არის. თუმცა ქვეყანაში ორივე ეკლესიის გავლენა თანაბრად ძლიერია. რუსეთისთვის კი, როგორც ექსპერტები განმარტავენ, უკრაინის წინა ხელისუფლების მცდელობა - გაერთიანებულიყო ორად გახლეჩილი ეკლესია, გავლენის სფეროს დაკარგვას ნიშნავს. და აი, აქ უკვე ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთს კვეთენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ გავლენას დღეს ყველა აღიარებს. ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ რუსული ეკლესია რუსული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და მისი პოლიტიკის გამტარებელია, განსხვავებით ქართული ეკლესიისგან, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა დროდადრო უწევს, მაგრამ განზე რჩება.

გიგა ზედანია, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
”რუსეთში ეკლესია ლამის ერთ-ერთი სამინისტროა. საქართველოსაც ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ ასე გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ დასავლური მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისა სწორედ ისაა, რომ ისინი ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს”, - ამბობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია.

გაგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო პრესამ 90-იან წლებში არაერთხელ დაწერა რუსეთის პატრიარქისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ეს ეკლესიის მოღვაწეობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამხდარა. რა არის ის, რის გამოც სხვა ეკლესიები რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბვას ერიდებიან? ექსპერტი რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილი იხსენებს, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მასთან შეხვედრისას პირადად სთხოვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიურობის საკითხის წამოწევა, მაგრამ უარი მიიღო.

”პრობლემა ის არის, რომ ყველას ეშინია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი გავლენისა.”

საქართველოს შემთხვევაში იყო კიდევ ერთი ფაქტორი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საეკლესიო ეპარქიების არაღიარება რუსეთის ეკლესიის მიერ. ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ მათი აღიარების შემთხვევაში ქართულ ეკლესიასაც მოუწევდა საპასუხოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიურობის აღიარებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც რუსეთს სრულებითაც ხელს არ აძლევს და, აი, მიზეზიც:

ბექა მინდიაშვილი
”უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის აღიარება სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ გატეხს რუსეთის გავლენას მართლმადიდებლურ სამყაროზე, რადგან უკრაინის ეკლესია იქნება უძლიერესი ეკლესია რუსეთთან და საბერძნეთთან ერთად.”

ამასანავე, ჩვენი მეორე რესპონდენტი გიგა ზედანია ფიქრობს, რომ აფხაზეთის ეპარქიის არაღიარებით არც რუსული ეკლესია და არც სახელმწიფო არაფერს კარგავს, საქართველო კი - პირიქით.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, პოლიტიკური მიზეზების გარდა, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ერთი ეკლესიის მიერ მეორის ავტოკეფალიურობის აღიარებისას და იყო თუ არა უკრაინის ეკლესიის მიმართ საქართველოს საპატრიარქოს უარის მიზეზი ზემოთ დასახელებული ფაქტორები. მამა დავით შარაშენიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს საეკლესიო სამართალი არეგულირებს, მას თავისი პროცედურები აქვს:

”აუცილებელია დედა ეკლესიამ, ამ შემთხვევაში კი რუსეთის ეკლესიამ, განაცხადოს უკრაინის ავტოკეფალიაზე თანხმობა. ეს აუცილებელი პირობაა. და მეორე - ყველა დამოუკიდებელმა ეკლესიამ, საერთოდ, კონსენსუსის საფუძველზე მიიღოს ამ ეკლესიის ავტოკეფალიურობა. ეს არ შეიძლება მხოლოდ ერთმა ეკლესიამ აღიაროს, - მაგალითად, ქართულმა, - როგორც რუსეთმა აღიარა, მაგალითად, ჩვენი რეგიონები ცალმხრივად და საერთაშორისო სამართლის დარღვევით.”

გიგა ზედანია ამბობს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი საერო და სასულიერო სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნაა, ხოლო თუ ეკლესია ზედმეტად ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, ის პოპულარობას დაკარგავს. საქართველოში კი ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ნდობა ხალხს სწორედ ეკლესიის მიმართ აქვს:

”როგორც კი პატრიარქი გამოვიდა და მომიტინგეებს 26 მაისს დაშლისაკენ მოუწოდა, მაშინვე გამოჩნდა ამ განცხადებით უკმაყოფილო ხალხი. მეორე მხრივ, რამდენჯერაც ეკლესიამ არ დაიჭირა რაღაც არაპოპულარული პოზიცია, მაშინაც მას უკან დაუბრუნდა კრიტიკა. ეკლესიის არანორმალური პოპულარობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მან მოახერხა და ის წლების განმავლობაში იდგა კონკრეტულ პოლიტიკურ ბრძოლებზე მაღლა, მაგრამ ეს მართლა ძალიან დიდი სიმბოლური ძალაუფლება ძალიან სწრაფად შეიძლება დაიცალოს, თუ ეკლესიამ მოინდომა და რეალობის გარდაქმნა დაიწყო. აი, მაგალითად, როგორც ხელისუფლება მოვიდა 2004-ში უზარმაზარი რეიტინგით და მაშინვე დაეცა, როგორც კი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რეფორმების სახით.”

მაშინ, როდის ეკლესია პოლიტიკაში ერევა, რა აუცილებლობა არსებობს ამისი და რა შედეგებს იღებს ამით როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია? მამა დავით შარაშენიძე საპატრიარქოს სახელით აცხადებს, რომ ეკლესიას არა აქვს სურვილი პოლიტიკურ პროცესებში კორექტირების შეტანის და, საერთოდ, ჩარევისა:

მამა დავითი (შარაშენიძე)
”ხდება, არის შემთხვევები, როდესაც ეკლესია, მისი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებული გამხდარა ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, როდესაც იყო პერიოდი, როდესაც ვერავინ არბიტრი ვერ აღმოჩნდა ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვერც სხვა ჯგუფიდან, ვინც დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და სწორედ ეკლესიის ჩარევით ძალიან ბევრ შემთხვევაში - გნებავთ, 26 მაისის შემთხვევაშიც - დიდი საფრთხე ასცილდა ჩვენს ქვეყანას.”
ხდება, არის შემთხვევები, როდესაც ეკლესია, მისი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებული გამხდარა ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში...

მსგავსი ჩარევა არ ნიშნავს, რომ ეკლესია რომელიმე პოლიტიკური ძალის დასაყრდენია, ამბობს მამა დავით შარაშენიძე. ხოლო პოლიტიკურ განცხადებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. როდესაც ეკლესიის საქმიანობის ორიენტირებზე საუბრობს, ბექა მინდიაშვილი აზუსტებს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მეტ ყურადღებას სოციალური პროგრამების განხორციელებას დაუთმობდა და არა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ საქმიანობას, ან მეტად ჩაერთვებოდა ოსი და ქართველი, აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგების პროცესში.

ხშირად მოჰყავთ ევროპული მაგალითიც. იქ, როგორც კი იკლო ეკლესიის პოპულარობამ, ეკლესიის მთავარი საზრუნავი სოციალურად შეჭირვებული ფენა გახდა. გიგა ზადანიას აზრით, დღეს საქართველოში ისედაც ძალიან პოპულარულ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ზედმეტი აქტივობები არ სჭირდება:

”დახმარება, სოციალური აქტივობები მოითხოვს მუშაობას. რად უნდა ასეთი სამუშაო ეკლესიას, თუ, მაგალითად, შეუძლია მანქანები აკურთხოს? მე არ ვამბობ, რომ... ის ქველმოქმედებასაც ეწევა და გარკვეული სოციალური პროგრამებიც აქვს, მაგრამ ეს, იმასთან შედარებით, რასაც დასავლეთში ეკლესიები აკეთებენ, არაფერი არ არის.”

ამ შენიშვნას ეკლესია არ იზიარებს და ამბობს, რომ თავისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ქართული ეკლესია სოციალურ მსახურებაში საკმარისად არის ჩართული - გაცილებით მეტად, ვიდრე პოლიტიკაში:

”თუ ვნახავთ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სხვადასხვა სკოლებში ეკლესიის აქტივობებს და საქველმოქმედო საქმიანობას, ნათელი იქნება, რომ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ დიდია. დასავლეთის ეკლესიების როლი, გასაგებიცაა, რომ დიდია, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ფინანსური დახმარება აქვთ სახელმწიფოსგან.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG