Accessibility links

იქცევა ჰააგის გადაწყვეტილება პრეცედენტად?


ჰააგის საერთაშორისო სასამართლო

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო

გაეროს საერთაშორისო სასამართლო დღეს ჰააგაში გამოაქვეყნებს საკუთარ გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ. 2008 წლის თებერვალში კოსოვოელმა ალბანელებმა გამოაცხადეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რაც ამ ეტაპისათვის 70-მდე სახელმწიფომ ცნო - მათ შორის, აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ. ორი წლის წინ, სერბეთის ინიციატივით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს საკითხი განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადასცა. რას შეცვლის საერთაშორისო დონეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რამდენად შეიძლება ის პრეცედენტი აღმოჩნდეს ქართულ რეალობაში?

მას შემდეგ, რაც კოსოვომ, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული პროვინციაა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს 70-მდე ქვეყანამ მხარი დაუჭირა, გიგანტი სახელმწიფოების აზრი ლამის ორად გაიყო. ერთი მხრივ, ამერიკა მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, რომლის მიხედვითაც ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერს მხარს კოსოვოს. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, 21 ივლისს, კოსოვოს პრემიერთან შეხვედრისას გააკეთა.

თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება წლებია აცხადებს, რომ ეს აღიარება არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მაგალითად, 2008 წლის 14 თებერვალს მედიასთან შეხვედრაზე რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოსოვოს თემასთან დაკავშირებით ევროპას ბრალი დასდო, რომ ის ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს სერბიის ამ პროვინციის მიმართ. მისი თქმით, სერბიისგან კოსოვოს დამოუკიდებლობა ამორალური და უკანონო იქნება. ამასთან, მან დასძინა, რომ კოსოვოს სტატუსი არ არის იმისგან განსხვავებული, რაც აქვთ სეპარატისტულ რეგიონებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე:

"აი, მაგალითად, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან - კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის."

მოგვიანებით კი რუსეთმა კოსოვოს აღიარება პრეცედენტად განიხილა და 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ფაქტების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოსა და საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონებს შორის პარალელს ვერ ხედავენ განსხვავებული მოცემულობების გამო, ქართველი ექსპერტები გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილებას ინტერესით ელიან.

მთავარი, რასაც ხაზი ესმება, ის გახლავთ, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელებს სასამართლო - პოლიტიკური მიზანშეწონილობისა თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რადგან, მათი განცხადებით, საერთაშორისო სამართალი იწერება პატარა ქვეყნებისთვის - იმისათვის, რომ დიდმა ქვეყნებმა ისინი უკეთ აკონტროლონ.

”შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს ისტორიაში ყველაზე რთული პროცესი იქნება, ვინაიდან ეს ტესტადაც გამოდგება - არის თუ არა ჰააგის სასამართლო დამოუკიდებელი, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელმძღვანელობს ის თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. მაგრამ შედეგი, როგორიც არ უნდა იყოს ის, წავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავარი დისკუსიები სწორედ იქ იქნება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არა აქვს სავალდებულო ხასიათი, მას მხოლოდ რეკომენდაციის შინაარსი აქვს. შესაბამისად, მხარეები გადაწყვეტილებას ან გაითვალისწინებენ, ან არა. მთავარი მსჯელობა კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, ამით არაფერი შეიცვლება პოლიტიკურ დონეზე: არავინ თავის აღიარებას უკან არ წაიღებს; ევროპის სახელმწიფოები სერბიასთან ურთიერთობას განაგრძობენ, მას შესთავაზებენ ევროკავშირში შესვლას და კოსოვოსთან ასე ურთიერთობის გაგრძელებას, მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ აღიარებს...

”თუ სასამართლო იტყვის, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა და შეიძლებოდა სერბიის ნების წინააღმდეგ მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს იქნება ძალიან სკანდალური გადაწყვეტილება და ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში ამ ტიპის ტერიტორიების მეტად აღიარებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გვეხება ჩვენ, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო, რომელიც დღეს თავს იკავებს აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ხათრით შეიძლება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და უფრო იულად აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ასეთი შეიძლება იყოს ორი-სამი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის გავლენით, მასთან საერთო ენის გამონახვისა და საერთო საქმეებიდან გამომდინარე, აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს” ,- მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის შეცვლა არ გამოუვა:

”ვშიშობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება არ იქნება გავლენის მქონე საქართველოს სიტუაციაზე, რადგან არც შეერთებული შტატები და არც რუსეთი არ ავლენენ მზაობას, რაიმე ერთი მოდელით იმსჯელონ არც კოსოვოზე და არც საქართვლოზე. მათ გააჩნიათ განსხვავებული არგუმენტები. მაგალითად, ამერიკას თავად ამ კონფლიქტის გენეზისის, წინაპირობების გამო აქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ რუსეთს, რომელიც ამბობს, რომ კოსოვო დაუშვებელია, რატომღაც დასაშვებად მიაჩნია საქართველოს დაქუცმაცება ”, - ფიქრობს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის სიტყვებით, ჰააგის სასამართლოს ისტორიულად ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდება. შეძლებს გაეროს საერთაშორისო სასამართლო ტესტის ჩაბარებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას? - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეძლებს.
XS
SM
MD
LG