Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სამართალი და კოსოვოს დამოუკიდებლობა


ჰააგა: გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სხდომა, რომელზეც კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა

ჰააგა: გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სხდომა, რომელზეც კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი 2008 წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა, ჰისაში ოვადამ გამოაცხადა: „სასამართლოს დასკვნით. დამოუკიდებლობის გამოცხადებას 2008 წლის 17 თებერვალს არ დაურღვევია საერთო საერთაშორისო სამართალი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244, ან კონსტიტუციის სტრუქტურა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის რომელიმე შესაბამისი ნორმა“.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება, რომლის ნაწყვეტიც ახლა შემოგთავაზეთ, დაახლოებით, საათნახევარი გაგრძელდა და ითქვა, რომ „საერთო საერთაშორისო სამართლი“ არ კრძალავს დამოუკიდებლობის გაომოცხადებას. ჰისაში ოვადამ როგორც აღნიშნა: „სასამართლოს აზრით, საერთო საერთაშორისო სამართალი არ მოიცავს დამოუკიდებლობის გამოცხადების აკრძალვას. შესაბამისად, სასამართლო დაასკვნის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას 2008 წლის 17 თებერვალს არ დაურღვევია საერთო საერთაშორისო სამართალი“.

კოსოვოს დამოუკიდებლობა 70-მდე ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მრავალ წევრს აქვთ აღიარებული. ახლა ვარაუდობენ, რომ "ამღიარებლების" რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. კოსოვოში კმაყოფილებას არ მალავენ: პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება „მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო შესაძლო პასუხად“ მოიხსენია. ბუნებრივია, სრულიად საწინააღმდეგოა სერბიის რეაქცია. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ცოტა ხანში აღნიშნა, რომ ბელგრადი არასოდეს შეურიგდება კოსოვოს დამოუკიდებლობას. მისივე განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „პოლიტიკური დასკვნა“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უნდა გაკეთდეს.

ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილებას მართალია, მარტო რეკომენდაციის ხასიათი აქვს, მაგრამ, მან, სამართლის ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ძლიერი გავლენა იქონიოს სეპარატისტების მოქმედებაზე სხვა რეგიონებშიც.

რას შეიძლება მოელოდეს ამ გადაწყვეტილებისაგან საქართველო? შეიძლება თუ არა, რომ ჰააგაში მიღებული ვერდიქტი პრეცედენტად იქცეს? ამ საკითხზე მომდევნო დღეებში, უდავოდ, ბევრჯერ იქნება საუბარი. გადაწყვეტილების გამოცხადება ჯერ არ იყო დასრულებული, როდესაც რადიო „თავისუფლებამ“ ჰააგაში გამოტანილი ვერდიქტის პრეცედენტად ქცევის შესაბძლებლობაზე შეკითხვა დაუსვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს. პასუხად მან გამოთქვა მოსაზრება, რომ "ის რეჟიმები, რომლებიც წაახალისებენ ესეთ მცირე სეპარატისტულ რეჟიმებს, ალბათ, გამოიყენებენ ამ გადაწყვეტილებასაც იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებამდეც გამოიყენეს მათ კარგად ეს ყველაფერი და ოფიციალურად, პოლიტიკურ დონეზე განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ, რომ ამით სხვაგანაც შეიძლება სწორედ ესეთი გამოყოფა მოხდეს ამ სეპარატისტული ტერიტორიების. რაც შეეხება კონკრეტულად, დღევანდელ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ როგორიც უნდა ყოფილიყო, ალბათ საკამათო, როგორც სამართლებრივად, პირველ რიგში, და ასევე პოლიტიკურად, ალბათ ყოველთვის იქნება ეს (სამართლებრივი) გადაწყვეტილებაც და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც კოსოვოს შესახებ“.
XS
SM
MD
LG