Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი აზერბაიჯანელები და მათი დედაენა


Iran -– A visitor look at books during 23rd Tehran International Book Fair in Tehran, 12May2010
Iran -– A visitor look at books during 23rd Tehran International Book Fair in Tehran, 12May2010
„რაც გენებოთ, უწოდეთ - დისკრიმინაცია თუ შოვინიზმიც კი: მილიონობით ირანელ აზერბაიჯანელს არა აქვს საშუალება დედაენაზე ისწავლოს, მაგრამ მათ უმრავლესობას ეს უთანასწორობა არ ანაღვლებს“, - ასე იწყებს თავის სტატიას რადიო თავისუფლების მაუწყებლობის ასოცირებული დირექტორი აბას ჯავადი. მისი ეს წერილი სტამბულში, სამეცნიერო კონფერენციაზე, ირანელი აზერბაიჯანელებისა და მათი ენის შესახებ გაკეთებულ მოხსენებას ეფუძნება.

აბას ჯავადი თავის შეხედულებებს გვიზიარებს, ირანში გამოკითხულ პირთა ნაამბობის დამოწმებით.

„ბოლო ორ თვეში 80-მდე ადამიანს ვესაუბრე თავრიზში, არბადილში, ხოიში და თეირანში. ჩემი თანამოსაუბრეები ან ბაზარზე მოვაჭრეები იყვნენ, ან ექთნები, სამთავრობო მოხელეები, პენსიონერები, დიასახლისები, კომპიუტერით მოვაჭრეები, იურისტები, სტუდენტები, ექიმები ან მუშები. მხოლოდ ხუთმა მათგანმა მითხრა, რომ დაინტერესებულია ირანის აზერბაიჯანულ სკოლებში დედაენის სწავლებით“, გვიზიარებს ჯავადი თავისი თანამემამულეების შეხედულებას და ამბობს, უმეტესობას არც აინტერესებს დედაენის სკოლაში სწავლებაო. მათ შორის ისეთებიც ყოფილან, ვისაც თემა აწუხებს, მაგრამ თვლის, რომ საკითხის წამოჭრამ შეიძლება სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს. ზოგიერთის აზრით, კვირაში ერთი-ორი საათით მაინც შეიძლება შემოიღონ თურქულის სწავლება, მაგრამ იქვე ამატებენ, ალბათ, მშობლები მაინც არ გაუშვებენ შვილებს ამ გაკვეთილებზე, რადგან ამით მათი სპარსული იზარალებსო. მცირე ჯგუფი საერთოდ წინააღმდეგია სპარსულთან ერთად თურქულის სწავლებისა. როცა ირანელ აზერბაიჯანელებზე ვლაპარაკობთ, მათი ზუსტი რიცხვის დადგენაც კი ჭირს, აბას ჯავადის თანახმად, იმის გამო, რომ ირანში არ თვლიან, რამდენი მოქალაქე მიიჩნევს ამა თუ იმ ენას მშობლიურად. მისი ვარაუდით, რაოდენობა ირანელი აზერბაიჯანელებისა ქვეყანაში სულ 15 მილიონი უნდა იყოს. შინ და კომპაქტური დასახლების ადგილებში ირანელი აზერბაიჯანელები მშობლიურ ენას იყენებენ, თუმცა საგრძნობია მასზე სპარსულის გავლენა არა მხოლოდ ლექსიკის, სინტაქსის დონეზეც კი. ეს განსაკუთრებით ეხება უფრო განათლებულ ფენას. მათი სამწერლობო ენა უპირატესად სპარსულია. მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს ირანში სამწერლობო თურქულს, რომელიც კავკასიის აზერბაიჯანის ან თურქეთის ლიტერატურული ენის გავლენას განიცდის. თუმცა ეს ნაწილი ერთგვარად გაუცხოებულია ირანის აზერბაიჯანელთაგან, რადგან ირანელი აზერბაიჯანელების სამწერლობო ენის სტანდარტები დადგენილი არაა. ეს მდგომარეობა, განგვიმარტავს აბას ჯავადი, იმან განაპირობა, რომ ბოლო 90 წელია ირანის სკოლებში აზერბაიჯანული არ უსწავლებიათ. გამონაკლისი მხოლოდ 1945-46 წლები იყო, როცა საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით ხელისუფლებაში მოსულმა ფიშავარიმ დაუშვა ეს. ვითარება არც ისლამურ რევოლუციას შეუცვლია, თუმცა 1979 წელს დაარსებული რესპუბლიკის კონსტიტუციაში სპარსულთან ერთად სხვა ეთნიკური ჯგუფების ენების გამოყენების შესაძლებლობაც აღიარებულია. ჯავადი ამბობს, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი არასოდეს ამოქმედებულა.

„1920-იან წლებამდე ირანში არ არსებობდა ცენტრალური მთავრობა, საერთო არმია, მკაფიო საზღვრები, სახელმწიფო განათლების სისტემა და, ცხადია, სახელმწიფო ენის გაგებაც არ ყოფილა. სკოლებში სპარსულსა და არაბულს სწავლობდნენ, მაგრამ აზერბაიჯანულ თურქულზე სწავლა არ იყო აკრძალული. იმ საუკუნეებში, როცა ირანს აზერბაიჯანელთა დინასტიები მართავდნენ, - დაწყებული მე-16 საუკუნიდან, სეფიანების დროიდან, 1925 წლამდე, ანუ ყაჯარების დრომდე, - სპარსული იყო მმართველობისა და ლიტერატურის ენა, არაბული რელიგიურ კულტურაში იხმარებოდა, მაგრამ აზერბაიჯანულ თურქულზე სამეფო კარი და ყველა აზერბაიჯანელი მეტყველებდა, ამბობს აბას ჯავადი და განაგრძობს: ფეჰლევების მმართველობაში მოსვლის შემდეგ კი სპარსული გაბატონდა ყველა სფეროში და სხვა ენები ოფიციალური სფეროდან - ასევე სკოლებიდან - განიდევნა, არაბულის გარდა, რომელიც, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად სასულიერო ფენის ენად დარჩაო. ამას მოჰყვა ირანის მოდერნიზება, რისი შედეგიც მრავალი აზერბაიჯანელის ქალაქებში, პირველ რიგში, თეირანში გადასახლება იყო. ქალაქში წარმატებას კი სპარსულის გარეშე ვერ მიაღწევდი. ირანის კულტურა სპარსულს ეფუძნებოდა, აზერბაიჯანელების ენაც სულ უფრო მეტად განიცდიდა სპარსულის გავლენას.

ზოგადად, ირანელ აზერბაიჯანელებს არასოდეს ჰქონიათ განცდა, რომ უმცირესობას წარმოადგენდნენ, არც გაუცხოებას გრძნობდნენ ირანში, სადაც ისინი თავს ყოველთვის ირანელებად მიიჩნევდნენ და ამ ქვეყნის აღმა- დაღმა სვლას ზუსტად სპარსელებივით განიცდიდნენ, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანელები საზოგადოების ზედა ფენაში მტკიცედ იყვნენ ფეხმოკიდებულები, მათ სამეფო დინასტიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სახელმწიფო იდენტიფიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აბას ჯავადის მოჰყავს რელიგია, შიიტიზმი, რომელიც ირანში სხვადასხვა ჯგუფის შემაკავშირებელი ელემენტი გახდა. ირანელი აზერბაიჯანელები, განსხვავებით თურქებისგან, შიიტები არიან და, ენობრივი ნათესაობის მიუხედავად, ირანელ თანამოქალაქეებთან მეტი აკავშირებთ, ვიდრე თურქებთან. ამ ყველაფრის ფონზე, აბას ჯავადი მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება აზრს, თითქოს მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდგომ, ირანის მოდერნიზების მერე, იქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებს ეროვნული კულტურისა და ენის განვითარების საშუალება მიეცათ. მისი თქმით, სუნიტები ან არამაჰმადიანი ჯგუფები, როგორც მაგალითად, სომხები, მხოლოდ ძალიან მცირე მანდატებს ფლობენ პარლამენტში. ამ ჯგუფებს აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა, თუკი არ არიან პოლიტიკური შეზღუდვებისა თუ რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამას ვერ იტყვი ირანელ აზერბაიჯანელებზე. მათ, როგორც შიიტებს, არავითარი შეზღუდვა არა აქვთ. ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ოპოზიციის ლიდერი მირ ჰოსეინ მუსაუი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. თუმცა იმის უარყოფა მაინც არ შეიძლება, რომ, რადგან სპარსული მათი დედაენა არ არის, ირანელ აზერბაიჯანელებს არ უადვილდებათ საზოგადოებაში აღმასვლა. აბას ჯავადი თავისი სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ ირანელი აზერბაიჯანელები ამ უსამართლობასთან შეგუებულები არიან და მაინცდამაინც არ განიცდიან თავიანთი დედაენის მდგომარეობას. თუმცა, მისი ვარაუდით, ეს ვითარებ შეიძლება შეიცვალოს იმის გამო, რომ ირანში უკვე ხმამაღლა გაისმის ლიბერალიზაციისა და თავისუფლებების მოთხოვნა. თავისი წერილის ბოლოს ჯავადის ირანელ აზერბაიჯანელებსა და მათ ენასთან დაკავშირებით მოჰყავს ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევრის, თურაჯ ათაბაქის სიტყვები: „ირანის ეთნიკური წყობისა და ტერიტორიული მთლიანობის ბედი შეიძლება სხვაზე მეტად ერთ ფაქტორზე აღმოჩნდეს დამოკიდებული: ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის რეფორმირებაზე, რომლის მიზანი ცალკეული ადამიანებისა და ჯგუფების უფლებების უზრუნველყოფა უნდა იყოს. ეს უნდა მოხდეს არადისკრიმინაციულ საფუძველზე და უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, პოლიტიკას და კულტურას, ენის ჩათვლით. სხვა მხრივ, არაფერია მარადიული.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG