Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ დაირღვა საერთაშორისო სამართალი კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით


კოსოვოს დროშა
კოსოვოს დროშა
კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრივ სერბიის ყოფილ ოლქში გამარჯვებად მიიჩნიეს, სერბიაში კი ბევრმა კატასტროფად და საშინელებად შეაფასა. ორი მთავარი მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკაში, აშშ და რუსეთი, ასევე სრულიად განსხვავებულ პოზიციაზეა. ვაშინგტონი მიესალმა გაეროს სასამართლოს განაჩენს და სხვებსაც - სერბიას, მათ შორის - მოუწოდა აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რუსეთი კი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ჰისაში ოვადამ ხუთშაბათს თქვა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არღვევს საერთაშორისო კანონს, არც გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციას და არც კონსტიტუციას. სერბიაში გადაწყვეტილება უარყოფითად მიიღეს, მით უმეტეს, რომ კოსოვოს ტერიტორიას სერბები თავიანთი ეროვნული იდენტურობის დაბადების არეალად თვლიან. 1999 წელს, ნატოს ავიაციის მიერ სერბიის ქალაქების დაბომბვის შემდეგ, სერბიის არმია იძულებული გახდა ოლქის ტერიტორია დაეტოვებინა. იქ საერთაშორისო მმართველობა შემოიღეს გაეროს - ზემოთ მოსამართლის მიერ ხსენებული - რეზოლუციის თანახმად. სერბიამ სასამართლოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საწინააღმდეგოდ თავისი და არაერთი ქვეყნის არგუმენტი წარუდგინა. აშშ-მა, ასევე ბევრმა ქვეყანამ ევროკავშირში - მსოფლიოში სულ 69 სახელმწიფომ - კოსოვო ცნო. ახლა მოელიან, რომ ეს პრეცედენტი სხვა სეპარატისტულ რეგიონებსაც გულს გაუმაგრებს, ასევე ბევრ ქვეყანას უბიძგებს აღიაროს დე ფაქტო დამოუკიდებელი, დე იურე კი რომელიმე ქვეყნის ნაწილი რეგიონი. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ემხრობა სულ 120 ქვეყანა, მათ შორის სამი - რუსეთი, ჩინეთი და ესპანეთი - სერბიას მხარს უჭერდა დიპლომატიურ კამპანიაში, არ ეღიარებინათ კოსოვო.

სასამართლოს გადაწყვეტილება მორგებული იყო კოსოვოს ფაქტობრივ ვითარებაზე და მას აზრი არ გამოუთქვამს თვითგამორკვევისა და გამოყოფის საყოველთაო შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართალთან ...
ლონდონის ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ჯეიმს კირ-ლინდსი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური იურიდიული ძალა არა აქვს:

„თუმცა ყველა ამბობს, რომ ამას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს, ვერ იტყვი, რომ არ ჰქონდეს მნიშვნელობა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს გაეროს სასამართლო ორგანოა.“

ერთია, რომ არა აქვს იურიდიული ძალა, მეორეა ის, რომ სასამართლოს თავის განცხადებაში პოზიცია არ გამოუხატავს იმის თაობაზე, რომ, ფაქტობრივად, აღიარა კოსოვოს უფლება, ცალმხრივად გამოაცხადოს თავისი დამოუკიდებლობა. სასამართლოს თავმჯდომარის, ოვადას, თქმით, არც ის არის სასამართლოს ამოცანა, რომ გადაწყვიტოს, იძენს თუ არა კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებით სახელმწიფოს სტატუსს. ამაზე ლაპარაკობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ჰეროლდ ჰონჯუ კო:

„მათ არ უთქვამთ, რომ დამოუკიდებლობის ყოველი გამოცხადება საერთაშორისო კანონთან თანხვედრაშია. მათ თქვეს, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ფაქტობრივი მდგომარეობის გამოა საერთაშორისო კანონთან თანხვედრაში და ხაზი გაუსვეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, კოსოვოს განსაკუთრებულ მდგომარეობას.“

იქვე კომ კიდევ ერთხელ აღნიშნა კოსოვოს განსაკუთრებულობა:

„სასამართლოს გადაწყვეტილება მორგებული იყო კოსოვოს ფაქტობრივ ვითარებაზე და მას აზრი არ გამოუთქვამს თვითგამორკვევისა და გამოყოფის საყოველთაო შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართალთან.“

სერბიამ ყველა დონეზე გამოაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს თავისი ოლქის - როგორც ის მიიჩნევს - დამოუკიდებლობას...
აშშ-ის მთავრობა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და სერბიას კოსოვოსთან დიალოგისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სერბია და კოსოვო, ორივე, აშშ-ის მეგობარი და პარტნიორია. კლინტონის თქმით, ახლა დროა დაივიწყონ მათ აზრთა სხვადასხვაობა და მომავლისკენ იარონ. ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სერბიის ხელისუფალთ მოუწოდა მიიღონ სასამართლოს გადაწყვეტილება. თეთრი სახლის განცხადებაში წერია, რომ ბაიდენმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა დემოკრატიულ და მრავალეროვან კოსოვოს და გაიმეორა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კოსოვოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სერბიამ ყველა დონეზე გამოაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს თავისი ოლქის - როგორც ის მიიჩნევს - დამოუკიდებლობას. სერბიის სახელმწიფოს მეთაურმა, ბორის ტადიჩმა, თქვა, სერბია დარწმუნებულია, რომ ცალმხრივად გამოცხადებული და ეთნიკურად მოტივირებული გამოყოფა არ შეესაბამება გაეროს პრინციპებსო. სერბიის მოკავშირე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი წაიკითხავთ, რომ მოსკოვი თავის პოზიციას არ ცვლის, რომ საკითხი მხოლოდ ორ მხარეს, ანუ სერბიასა და კოსოვოს შორის შეთანხმებით უნდა მოგვარდეს. არგუმენტი, რომ გაეროს 1999-ის 1244-ე რეზოლუცია, ცალმხივი გადაწყვეტილების ნაცვლად, საკითხის ორივე მხარის მონაწილეობით მოგვარებას გულისხმობს, მოიყვანა სლოვაკეთმაც, ერთ-ერთმა ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელმაც არ აღიარა კოსოვო. ბრატისლავა პოზიციას არც ახლა იცვლის და აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი იქნებოდა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებდა ამჟამად არსებული რეზოლუციის ამოქმედებას. ოფიციალურად ძალის არმქონე სასამართლოს გადაწყვეტილებას კი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს. ამიტომ ბრატისლავა ჯერ არ აპირებს აღიაროს კოსოვო.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა, საგარეო საქმეთა მმართველი კეტრინ ეშტონი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წევრმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ სერბიას და კოსოვოს მიმართა რჩევით, მზერა ევროპას მიაპყრონ, რადგან მათი მომავალი ევროპის კავშირშია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG