Accessibility links

logo-print

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო


საგამოცდო დარბაზი

საგამოცდო დარბაზი

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 24 ივლისს აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ზოგადი უნარების ტესტური გამოცდის შედეგები. გაირკვა, რომ აბიტურიენტთა 8 პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. დარჩენილი სამი გამოცდის შედეგები 10 აგვისტომდე თანდათან გამოქვეყნდება.

შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, სადაც, სპეციალურ საძიებო სისტემაში აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეტანის შემდეგ, ტესტურ დავალებაში მიღებული ქულისა და თავად ნაშრომის ასლის ნახვა შეიძლება. თუმცა კი დღის განმავლობაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებსაიტი არ ფუნქციონირებდა. აბიტურიენტებს სისტემაში შესვლა განათლების სამინისტროს ვებსაიტიდანაც შეუძლიათ. გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია აქვთ ასევე საგამოცდო ცენტრებს და გამოცდების შედეგების მიღება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც ხდება.

ზოგადი უნარების ტესტური გამოცდის შედეგების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაია გაბუნია ამბობს:

”დაახლოებით 8 პროცენტი გამოეთიშა კონკურსს, ანუ ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ მიიღო 21 ქულაზე ნაკლები. გარდა ამისა, ორი მაქსიმალური ქულა დაიწერა.”

2 წლის წინ და უფრო ადრე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგად აბიტურიენტთა ძალიან მცირე ნაწილი ეთიშებოდა კონკურსს. ამის მიზეზად კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაბალ დონეს ასახელებენ. ის 21 ქულამდე შარშან გაიზარდა.

წელს ზოგადი უნარების ტესტური გამოცდის მაქსიმალური ქულა 80 იყო, შარშან კი - 100. ხოლო სირთულის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ოდნავ მაღალია და სირთულის იდეალურ მაჩვენებელს - 50-ს - მიუახლოვდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კმაყოფილია ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესით:
”მთლიანად პროცესი ჩატარდა ძალიან შვიდად, ორგანიზებულად. ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი გამოცდები იყო.”

რამდენად გამართლდება მინისტრის სიტყვები, დარჩენილი სამი გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ 10 აგვისტომდე ყველაფერი ნათელი გახდება. ცენტრის წარმომადგენლის მაია გაბუნიას კომენტარი:

”რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება უცხოური ენები, ქართული და სხვა საგნები და არჩევითი საგნით, ლიტერატურით, 10 აგვისტომდე დავასრულებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. ამის შემდეგ, 5 დღის მანძილზე, აბიტურიენტებს ექნებათ ნამუშევრების გაცნობის დრო, რათა გადაწყვიტონ გააკეთონ თუ არა სააპელაციო განაცხადი.”

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს მეექვსედ ჩატარდა. გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რომლებიც ერთმანეთს 33 ათასი ადგილის დაკავებაში ეცილებიან.
XS
SM
MD
LG