Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


”საყურადღებოა ხშირი ვიზიტები თვალში საცემი იზოლაციის შემდეგ, ერთ თვეში ერთი წლის მოსასვლელი ‘თოვლი მოვიდა’“. - უთხრა ორშაბათს „კვირის პალიტრას“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. სწორედ ამ თემით დაიწყო მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში. რამაზ საყვარელიძის თქმით, სწორი არ უნდა იყოს ვერსია, თითქოს ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსანთა ვიზიტები იმით იყო განპირობებული, რომ დაძაბულობის ახალი ესკალაციისგან დაეზღვიათ თავი. ”რა თქმა უნდა, ყველა ლაპარაკობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და აღიარებდნენ, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, მაგრამ აქცენტი, რომელსაც გაფრთხილების სახე ექნებოდა საომარი მოქმედებების განუახლებლობასთან დაკავშირებით, არც ერთი ვიზიტის დროს არ დასმულა", - უთხრა რამაზ საყვარელიძემ "კვირის პალიტრას".

უკვე მომდევნო დღიდან კი პრესის მთავარი თემა ახალი კონსტიტუციის პროექტი იყო.

სამშაბათს „რეზონანსი“ წერდა: "მართალია, პრეზიდენტს, წესით, ახალი კონსტიტუციის პროექტი ჯერ არ უნდა ჰქონდეს ნანახი, მაგრამ სააკაშვილი ამ პროექტზე კომენტარებსაც უკვე აკეთებს და მოსწონს კიდეც. გუშინ იგი, ქუთაისში ყოფნისას, სადაც "მაკდონალდსის" ქუთაისური ფილიალის გასახსნელად იყო ჩასული, ახალი კონსტიტუციის პროექტს იმ დროს აფასებდა დადებითად, როცა საკონსტიტუციო კომისიას პროექტი ჯერ დამტკიცებული არ ჰქონდა", - ვკითხულობთ სტატიაში, სათაურით ”დემეტრაშვილის კომისიამ ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და დღეს პრეზიდენტს გაუგზავნის”.

”ამ ერთი წლის განმავლობაში ეს პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ტვირთად მაწვა,- უთხრა სახელმწიფიო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა სამშაბათს "ახალი თაობას" და განმარტა: ” რადგან მისაღები იყო ისეთი მოსაზრებები, რომელიც მისაღები იქნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის, მსოფლმხედველობის ადამიანებისთვის და, იმავდროულად, საზოგადოებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, კომისიის წევრები, პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ სახელმწიფო კომისიაში, აღმოჩნდნენ ქვეყნის პატრიოტები, ამიტომ არ გამჭირვებია”, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

"ახალი კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს საერთო-სახალხო კონსენსუსის საფუძველზე და არა ასე ნაჩქარევი წესით” - ეს უკვე სოზარ სუბარის სიტყვები გახლავთ. - ”ეს არის მცდელობა, ისევ ერთი კაცის ნება-სურვილს მოერგოს ეს ყველაფერი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივებას ემსახურებოდეს, რაც დაუშვებელია”, - უთხრა სოზარ სუბარმა „ახალ თაობას“.

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი კი იმავე გაზეთში მომდევნო დღეს წერდა:
"ეს ხელისუფლება მესამედ რომ ვეღარ მოვიდეს, ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა ორი რამ. პირველი: მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ სიტუაცია არ არის ისე, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს, ანუ უკმაყოფილების გამოხატვა და საზოგადოების პროტესტი უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო. ოპოზიციური განწყობა უნდა იყოს ფაქტორი, რომლის გათვალისწინების გარეშეც სტაბილურობა ქვეყანაში შეუძლებელია. გამორიცხულია, სხვა ქვეყანაში გარედან მოხდეს სერიოზული ჩარევა. ეს ერთი ფაქტორია დასავლეთიდან. მეორე ფაქტორი არის ის, რომ თუ ასე არ მოხდა, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება რუსეთის გავლენის სფერო”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

შაბათს კი „რეზონანსი“ წერს, რომ ” საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტისგან მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიიის მიერ შექმნილი ახალი კონსტიტუციის პროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვიოს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები არ მოიტანს პრობლემების რეალურ რეგულირებას და წარმოდგენილი ცვლილებები ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებს პარლამენტს, როგორც დღემდეა. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრების განცხადებით, აღნიშნული პროექტით კვლავ უუფლებო მდგომარეობაში რჩება პოლიტიკური ოპოზიცია და არაფერია გათვალისწინებული თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად", - ვკითხულობთ შაბათის "რეზონანსში".

და კიდევ ორი თემა, რომელთაც შაბათის „რეზონანსი“ წამოსწევს:

”იმ ჩინოვნიკებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა, არასამთავრობოები იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ”, - წერს გაზეთი. პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ” გაქსუებული”, ” გათავხედებული” ”ნაცრის ქექვა”, ”მახათის ერთ ადგილზე გაყრა” - ეს ის ფრაზებია, რომლებითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყვარლის ტბის პირას გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრები და მათი მოადგილეები შეამკო.“ პუბლიკაციის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებების პრიორიტეტის” ადვოკატები აღნიშნული გამონათქვამებით შეურაცხყოფილ მინისტრებს და მათ მოადგილეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. თუმცა მომჩივანის გამოჩენას არც არავინ ელოდებაო, - წერს გაზეთი.

შაბათის „რეზონანსის“ კიდევ ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლები დაესხნენ თავს. გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი ასე აღწერს ვითრებას: ”არ ვიცი, მითხრა, რომ ცემის ღირსი ვიყავი და ამიტომ მცემეს. მისი გვარი გახლავთ გიგოლაშვილი. დაახლოებით ღამის 11-დან 12 საათამდე იქნებოდა, საკუთარი მანქანით მივდიოდი სახლში, რა დროსაც მანქანა გამიჩერა წინ, ასევე უკან გაჩერდა ორი მანქანა. მანქანის კარი რომ გავაღე და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ეგრევე დამარტყეს, რაზეც საპასუხო რეაქცია მქონდა. 3 მანქანაში არ ვიცი რამდენი ჩაეტეოდა, 15-20 კაცი იყო. არც ერთი არ იყო ნიღბიანი, სახეზე შემიძლია ყველა ამოვიცნო. მინდა გითხრათ, რომ მე უარესად ვცემე ისინი - მაგის შესაძლებლობა ღმერთმა მომცა“, - უთხრა შალვა ხაჭაპურიძემ ”რეზონანსს”.

” კოსოვო - სამართალი და პოლიტიკა” - ასეთია „24 საათის“ პუბლიკაციის სათაური. მიმდინარე კვირის ამ უმნიშვნელოვანესი თემის თაობაზე მოსაზრებებს სწორედ შაბათის „24 საათში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG