Accessibility links

logo-print
ბიომეტრიკა - არჩევნების პროცესში. ეროვნულ ფორუმს და საინიციატივო ჯგუფს მიაჩნიათ, რომ ბიოლოგიური მაჩვენებლები საარჩევნო სიებში ერთ მილიონიან გარღვევას აღმოფხვრის, მაგრამ კონკრეტულად როგორ მოხდება ეს?

რაზე საუბრობს თქვენი ტელევიზორი, გაზეთი, რადიომიმღები... მოკლედ, ხმაური, რომელიც ყოველი არჩევნების დროს მედიის არხებით იღვრება… დიახ, ვგულისხმობ ხმების გაყალბებას, გაორებას, გაღმა ქვეყნიდან დემოკრატიაში მონაწილეობას… არარსებულ კორპუსებს... მოკლედ, ბევრი ენერგია და რესურსი წლიდან წლამდე… არადა, პოლიტიკოსებს დრო არ რჩებათ რამე უფრო საინტერესოსა და კონცეპტუალურზე იფიქრონ-მეთქი, ვფიქრობდი ხოლმე. ჰოდა, აგერ, ბატონო, დღეს გამოსავლის კვალს მივაგენი-მეთქი, ვიფიქრე. ეროვნულ ფორუმს და საინიციატივო ჯგუფს პარლამენტისთვის მიუმართავთ, 30 000 ხელმოწერას შევაგროვებთ და საარჩევნო სისტემა ბიომეტრიული გავხადოთო. პარლამენტმა, კარგიო. პირველი, რაც თავში მომივიდა... დიახ, ბიომეტრიული პასპორტი. ეროვნულ ფორუმში ინტერვიუზე წასული, ირაკლი მელაშვილს სწორედ ამ შეკითხვას ვუსვამ:

„რამდენადაც მე ვიცი, ეს ბიომეტრიული პასპორტები ჯერ არ არის მოსახლეობაში.“

სამოქალაქო რეესტრის დაუზუსტებელი მონაცემებით, ბიოპასპორტები დღეისათვის მოსახლეობის მხოლოდ ხუთ პროცენტს აქვს.

„ბიომეტრიული პასპორტები რა შუაშია! საერთოდ, წარმოდგენა გაქვთ, რაზე ვლაპარაკობთ? ახლა როგორ აგიხსნათ, მაგი არი მთელი ისა.“

ჩავარდა ჩემი ლოგიკა. ”მთელი ისა”, როგორც დაბნეული ინტერვიუს აღების დროს ვხვდები, არის...

„ანუ ბიომეტრიულს როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, ადამიანი მოვა, სურათს გადაუღებენ, თითის ანაბეჭდი. აბა, სხვა ბიომეტრია რა არის, ცოტა წაიკითხეთ, ხალხო!“

გავბრაზდი. არა, ჩემს თავზე გავბრაზდი: ასე წაუკითხავად და მოუმზადებლად რომ გავედი მასალის მოსაპოვებლად. გზაში ვფიქრობდი: ბიო, ბიო, ანუ ბიოლოგიური, მეტრიქსი კი ინგლისურად - გაზომვის სტანდარტი. მოკლედ, ისევ ინტერნეტს მივუჯექი. გავარკვიე, რომ ბიოლოგიას აღრიცხვაში, ძირითადად, FBI-ის მსგავსი ორგანიზაციები იყენებენ. კიდევ, საარჩევნოდ მსგავს სისტემებს ახალ დემოკრატიებში ან აფრიკულ ქვეყნებშიც ნერგავენ, სადაც საარჩევნო სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ბიო მეტრიქსი მრავალგვარ მეთოდს მოიცავს - თითის ანაბეჭდიდან დაწყებული, სახის პარამეტრებით და ხმითაც, ანუ ჩვენი უნიკალური ხმის ტემბრით გათავებული... მოკლედ, ბიოლოგიური მონაცემები... ამას რომ ვკითხულობდი, ისევ ჩემი პირველი იდეა, ბიომეტრიული პასპორტი გამახსენდა. სამოქალაქო რეესტრში გიორგი მეურმიშვილთან დავრეკე.

„ბიომეტრიულ პასპორტში არის ელექტრომატარებელი, სადაც არის დატანილი ადამიანის სურათი, არის ხელმოწერა, ფაქსიმილე და თითის ანაბეჭდი.“

თითის ანაბეჭდი... კი, მაგრამ რატომ არ არის თითის ანაბეჭდი ბიოლოგიური მეტრიქსი, ანუ საზომი ერთეული? ისევ დავიბენი. მაშინ რა პრობლემა იყო ჩემს შეკითხვაში? იქნებ პასუხი ეროვნული ფორუმის ვებგვერდზე ვიპოვო-მეთქი, დარიგებისამებრ. აქ ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია. ნახსენებია, მაგალითად, წინასწარი რეგისტრაციის დროს ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემების დამაფიქსირებელი აპარატი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ:

”წინასწარი რეგისტრაციის გავლის მიზნით ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე, ორივე ხელს მიადებს აპარატის ზედა ნაწილში დამონტაჟებულ მოწყობილობას, რომელიც დააფიქსირებს თითების ანაბეჭდებს და ამომრჩეველს გადაუღებს ფოტოს. აპარატი მიერთებულია საარჩევნო უბნის კომპიუტერზე.”

ჰო, ეს უკვე 21-ე საუკუნის ტექნოლოგიაა. თუ ვინმეს ექნება მსგავსი აპარატი, სამოქალაქო რეესტრს უნდა ჰქონდეს.

- არსებობს ასეთი აპარატი?
- აპარატი, როგორც ასეთი, არა, ანუ ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს აპარატი საბეჭდ ცენტრში, რომელიც ამოწმებს ნამდვილად ბიომეტრიულია თუ არა ესა თუ ის პასპორტი, მაგრამ ისეთი აპარატი, რომ თითი დაადო და ისე მისცე ხმა, ეგრე არა.

დაიცა, იქნებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იციან რამე. ჯული გიორგაძეს ვურეკავ.

- ეს დოკუმენტაციაზეა საუბარი თუ აპარატზე?

- დოკუმენტაციაზე, ანუ ბიომეტრიული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი იქნება, ანუ ამ იდეით დოკუმენტების გაყალბება იქნება თავიდან აცილებული. ეს არის მათი იდეა.

ვახ, ვერაფერი ვერ გავიგე. ნეტა, სხვებმა თუ გაიგეს. არც ისე ცხელა, რომ ვთქვა, სიცხისგან მომდის-მეთქი. ისევ გიორგი მეურმიშვილს მოვუსმინოთ, სამოქალაქო რეესტრიდან:

„ჩვენ ახლა მონაცემები რაც გვაქვს, ეს არის ბიომეტრიული პასპორტები. მომავალ წელს ახლა გეგმაში გვაქვს ID ბარათების შემოტანა. თუ ამ ID ბარათებს გულისხმობენ... თვითონაც გაურკვევლობაში არიან ეგენი, მე მგონი.“

ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ თუ გაურკვეველ ინიციატივას პარლამენტმა მწვანე შუქი უკვე აუნთო, ეროვნულმა ფორუმმა გამარჯვება დღეს კამერების წინ იზეიმა და პირობა დადო, საველე სამუშაოებს მომავალი კვირიდან შევუდგებითო. ისე, ქუჩაში რო გაგაჩერონ, ხელმოწერებს ვაგროვებთო? და რომ ჰკითხოთ,რაზე აგროვებთო? იმედია, მომავალ კვირამდე საკითხი უფრო კონკრეტული გახდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG