Accessibility links

logo-print

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ქართული შეფასებები


კოსოვოს დროშა

კოსოვოს დროშა

გუშინ, 22 ივლისს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, როცა ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა, საქართველოში მსჯელობის ტალღა ააგორა. ექსპერტები და პოლიტიკოსები ვერ შეთანხმებულან, გახდება თუ არა პრეცედენტი ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება აისახოს ის საქართველოსთან მიმართებაში. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები ჰააგის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საქართველოს კონტექსტში?

ერთადერთი, რაზეც თითქმის ყველა თანხმდება, ის არის, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სეპარატისტულად განწყობილებს თავიანთი ტერიტორიების აღიარებისკენ უბიძგებს. ასევე ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს დადგენილებას ინტერპრეტაციები არ სჭირდება. თუმცა არის საკითხები, რაც ექსპერტებს განსხვავებულ პოზიციებზე აყენებს - მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია, რა მოცემულობა არსებობს სეპარატისტულ რეგიონებში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ ფუნდამენტური განსხვავება კოსოვოსა და საქართველოს თვითაღიარებულ რეპუბლიკებს შორის თვალნათელია და, ამ მხრივ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ქართულ რეალობაში გადმოტანა არ არის გამართლებული.

”ისეთი დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელიც დამყარებულია არალეგიტიმური ძალის გამოყენებაზე ან საერთაშორისო სამართლის ნორმების სხვა საფუძველზე, დაუშვებელია. ეს არის თვალნათელი და თუ ვინმე დაუშვებს, რომ ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის მეშვეობით შეიძლება რომელიმე ტერიტორიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადონ, ბუნებრივია, ეს არის ძალინ სახიფათო და ეს არის პრეცედენტი და ეს ძალინ კარგად ესმის სასამართლოს”, - ამბობს აკაკი მინაშვილი.

ყველა ხაზს უსვამს კოსოვოსა და ჩვენს რეგიონებს შორის თვისებრივ სხვაობას, იმიტომ რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა დაეფუძნა ეთნიკურ წმენდას კოსოვარების წინააღმდეგ, მაშინ როცა ჩვენს შემთხვევაში სულ პირიქით არის ...
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით აკეთებს დასკვნას: გადაწყვეტილება უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა. თუ საერთაშორისო სამართლის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს თვითაღიარება, მაშინ ეს უკვე გააკეთა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. მათ კვალს კი, მისი აზრით, შეიძლება მიჰყვეს ყარაბახი და ჩრდილოეთ კვიპროსიც. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ვაგონივითაა ჩაბმული კოსოვოს აღიარების ლოკომოტივზე და ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლით იცავდა თავს, რომ რუსეთის ზეწოლით აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ეღიარებინა, დღეს ხელიდან ეცლება არგუმენტები.

”საერთაშორისო სამართალი არ ცნობს, არ აუკრძალავს ამა თუ იმ ტერიტორიის მიერ თვითაღიარება. ამით უკვე დაფიქსირდა ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მისი ნების საწინააღმდეგოდ და სერბია სწორედ ასეთი აღმოჩნდა, რადგან ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი. მით უმეტეს, კოსოვო არ ყოფილა ავტონომია, ჩვეულებრივი რეგიონი იყო - კახეთივით იყო, სამეგრელოსავით იყო, არავითარი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის ნიშანი არ ჰქონდა. ეს არის პირდაპირი კავშირი ჩვენთან”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი კოსოვოს და საქართველოს თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისა და ეთონოწმენდის განსხვავებულობის გამო მიიჩნევს, რომ ჰააგის გადაწყვეტილების გავლენა ქართულ რეალობაში ნაკლებად გამოდგება:

”დიდი ხანია კოსოვოს აღიარებაზე არის მსჯელობა. ზოგი თვლის, რომ ეს სწორი იყო, ზოგი თვლის, რომ არა, მაგრამ ყველა ხაზს უსვამს კოსოვოსა და ჩვენს რეგიონებს შორის თვისებრივ სხვაობას, იმიტომ რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა დაეფუძნა ეთნიკურ წმენდას კოსოვარების წინააღმდეგ, მაშინ როცა ჩვენს შემთხვევაში სულ პირიქით არის, ასევე დაეფუძნა მრავალწლიან საერთაშორისო ფორმატში არსებულ მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებს”,- მიიჩნევს დავით დარჩიაშვილი და ფიქრობს, რომ აღიარების ტალღა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თვითაღიარების პროცედურებში განსხვავებულობას უსვამს ხაზს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი სიტყვით, კოსოვოს დამოუკიდებლობა სერბიისაგან რეფერენდუმის გზით მოითხოვა კოსოვოელი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მსგავსი რამ არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეო, ამბობს ექსპერტი, რადგან, ერთი მხრივ, ამ რეგიონებიდან მოსახლეობის უმრავლესობა განდევნილია, მეორე მხრივ კი, ამ ტერიტორიების სტატუსიდან გამომდინარე, რეფერენდუმებს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალა არ ექნებოდაო, ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ის მაინც ფიქრობს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ქართულ რეალობაზე გადატანა და გავლენების ძიება მიზანშეწონილი არ არის:

”როცა დაცხრება აჟიოტაჟი და ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია გაივლის, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდება, რომ საერთაშორისო დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ არ შეიცვლება ნამდვილად. შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ სხვა, ანალოგიურ ვითარებაში მყოფ რეგიონებს მისცეს სტიმული, რომ წავიდნენ საერთაშორისო სამართლებრივი გზით და ბევრი შეიტანს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს”,- ფიქრობს კახა გოგოლაშვილი.
XS
SM
MD
LG