Accessibility links

ელინა ლანგეს, ლატვიის მოქალაქეს, გასულ კვირაში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენი გადაეცა. ამ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება ქართული სახელმწიფო ჯილდოებითა და ორდენებით არაერთ უცხოელ მოღვაწეს აჯილდოებს. თუმცა ელინა ლანგეს შემთხვევა მაინც გამორჩეულია: ახალგაზრდა ლატვიელი ქალი 2 წელიწადია საქართველოში ცხოვრობს და თავისი წვლილი შეაქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს - საქართველოს სამხედრო ძალების - რეფორმირების პროცესში.

ელინა ლანგე, ლატვიის მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაცია BBSA- ის - ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის - აქტიური წევრი, 2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობს, ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროექტების კუთხით. 2008 წლის აპრილში, როდესაც რუსეთმა სამხედრო პროვოკაციები დაიწყო საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ელინა ლანგემ თავის რამდენიმე ლატვიელ და ქართველ კოლეგასთან ერთად ენგურის ხიდთან პირდაპირ რუსი ჯარისკაცების თვალწინ მოაწყო „საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობის“ ერთჯერადი მხარდამჭერი აქცია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, როგორც ელინა ამბობს, იგი საქართველოში უფრო ხანგრძლივი და მრავალჯერადი მისიით ჩავიდა:

„საბოლოოდ, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ომი მოხდა, არა მხოლოდ მე, არამედ ბევრმა ლატვიაში, ვინც საქართველოს იცნობს და უმუშავია საქართველოზე, ეს ომი მიიღო როგორც პირადი ტრაგედია. ეს იყო ძალიან დიდი ემოციური მომენტი, რომელიც დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის და საქართველოში ჩემი მომავალი საქმიანობისათვის. აი, ეს შემიძლია გითხრათ მოკლედ.“

ელინა ლანგე მოკლედ ლაპარაკობს, მაგრამ გრძელვადიან პროექტებს ახორციელებს საქართველოში. იგი ნატო-საქართველოს განვითარების პროგრამის მენეჯერია - პროგრამისა, რომელიც ნატოს 10 წევრი ქვეყნის -მათ შორის, ლატვიის - მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა, 2009 წლიდან მოქმედებს საქართველოში და მთელ სამხედრო ძალებში სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო კადრების განვითარებას ისახავს მიზნად:

„შესაბამისად, პროგრამა გათვლილია ექვს წელიწადზე. პირველი ორი წლის განმავლობაში ჩვენი მუშაობა ეძღვნება თავდაცვის სამინისტროს და ამიტომაც ვარ აქ. შემდგომი ორი წელი უკვე მთლიანად უსაფრთხოების სფეროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს დაეთმობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ჩვენ საზოგადოებრივ სექტორთან ერთად ვიმუშავებთ. ამ მომენტისათვის ვასრულებთ საქართველოსთვის განკუთვნილი პროგრამის პირველი წლის სამუშაოებს, რაც, მე ვფიქრობ,საკმაოდ წარმატებული იყო. თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ ღიაა თანამშრომლობისათვის და უკვე გვაქვს გარკვეული მიღწევები, მით უფრო, რომ პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია.“

ნატო-საქართველოს განვითარების პროგრამას შეხება არა აქვს სამხედრო პერსონალთან - მისი შერჩევის, გადაადგილების, დაწინაურების თუ დაქვეითების საკითხებთან. ელინა ლანგე და მისი გუნდი, უმთავრესად, სამოქალაქო პერსონალის საკითხებზე მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტთან. შედეგებზე ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკიო, ამბობს ელინა ლანგე, რომელიც დარწმუნებულია, რომ კადრების მართვის სისტემის რეფორმირების შემთხვევაში სამხედრო უწყების მუშაობას ბევრად ეფექტურს გახდის.

„გვყავს ასევე ძალიან გამოცდილი გუნდი ნორვეგიელი მრჩევლებისა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს სამხედრო უწყების ინიციატივებს. ისინი რამდენჯერმე იყვნენ უკვე საქართველოში და ამჟამად გათვლების ანალიზზე მუშაობენ, რომელიც სექტემბრისათვის იქნება მზად და ამის შემდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდეს ამ გათვლების იმპლიმენტაცია. საკადრო რესურსების კარგი მენეჯმენტი ნებისმიერი ინსტიტუტისა და ორგანიზაციის საფუძველია. და თუკი იგი შეიქმნება, მაშინ თავდაცის სამინისტროს ბევრი რამის გაკეთება გაუადვილდება.“

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნატო-საქართველოს განვითარების პროგრამა ზრუნავს,საზოგადოებასთან თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას ეხება. ერთ-ერთი პირველი სამუშაო სემინარი ამ საკითხებზე შარშან ნოემბერში ჩატარდა და თემა ისეთი იყო, რომ მედიის ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. სემინარზე მოწვეული ლატვიელი, ლიტველი და ესტონელი სტუმრები ცდილობდნენ დახმარებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, ISAF -ში, ქართული ქვედანაყოფის საინფორმაციო სტრატეგიის შექმნაში. რეკომენდაცია ითვალისწინებდა იმას, რომ სპიკერები მომზადებულიყვნენ თავად სამხედროთა შემადგენლობიდან, ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ საზოგადოება რეგულარულად ყოფილიყო ინფორმირებული და ქართული მედიის წარმომადგენლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პირადად გასცნობოდნენ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობას ავღანეთში. ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ელინა ლანგე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-საქართველოს განვითარების პროგრამის მენეჯერი, ამბობს:

„მაგრამ ეს არის სახიფათო რეგიონი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამისათვის უნდა მოემზადოს. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გაიზარდოს უწყების გამჭვირვალე მუშაობა მედიისათვის. ჩვენი მუშაობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა მუდმივი დიალოგი, რომელშიც, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.“

თუ რამდენად ხშირად იმართება ასეთი შეხვედრები და რამდენად ითვალისწინებს ამ დიალოგში მონაწილე ექსპერტებისა და ჟურნალისტების რეკომენდაციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ეს უკვე ცალკე თემაა და, კაცმა რომ თქვას, მათზე პასუხი ელინა ლანგეს არც მოეთხოვება. უბრალოდ, მეექვსე გრძნობას მივენდოთ. რაკი საქართველოს პრეზიდენტმა ელინას ღირსების ორდენი გადასცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატო-საქართველოს განვითარების პროგრამის კარგ რეკომენდაციებსაც მომავალში სავალდებულო ხასიათი მიეცემა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG