Accessibility links

უცხოეთის პრესა კოსოვოს შესახებ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნაზე


კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასავლეთის პრესაში ბევრი დაიწერა. ბრიტანეთის „გარდიანი“მომავალ სირთულეებზე წერს: სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეიტანს წვლილს იმაში, რომ ადგილობრივი დაძაბულობა, სულ მცირე, ახლო მომავალში შეწყდეს. ყველა სახელმწიფო, რომლებიც სხვების გაჭირვებას ვერ ხედავენ, უნდა მიხვდეს, რომ საჭიროა სამუშაო ურთიერთობების დამყარება. ჩინეთი და ტაივანი დღეს, ადრე გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები იმის მაგალითს წარმოადგენენ, თუ როგორ ახერხებენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები თანაარსებობას. იგივე უნდა მოხდეს ახლა კოსოვოსა და სერბიას შორის კოსოვოში მიტროვიცას ჩრდილოეთი არეალის სერბთა ანკლავის გამო, რათა არ განმეორდეს ძალადობა. იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარდეს, ამ რეგიონისთვის საგანგებო სტატუსი უნდა გამოიძებნოს. „გარდიანის“ სტატიაში ნახსენებია საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიც: რუსეთი იმუქრებოდა, რომ დასავლეთის მხრიდან კოსოვოს აღიარებას უპასუხებდა საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - გამოყოფის ცნობით. ეს შესაძლებელია, მაგრამ პარალელები შორსაა რეალობისგან, წერს „გარდიანი“. კოსოვო ნაწილი იყო ყოფილი იუგოსლავიისა, რომელმაც მილოშევიჩის აგრესიის გამო არსებობა შეწყვიტა. თითქმის ორმილიონიანი მოსახლეობით, კოსოვო უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი. კოსოვოსთვის დასავლეთის მხრდაჭერა ხაზს უსვამს თავისუფალი ერების მგრძნობიარობას თვითგამორკვევის მოთხოვნის მიმართ. ახლანდელ კონფლიქტს გადაფარავდა სერბიასა და კოსოვოს შორის ღირსეული ურთიერთობა, რომელიც ორივე ქვეყნის ევროკავშირში შესაძლებელ შესვლას მოამზადებდა“, თვლის „გარდიანი“.

მადრიდში გამომავალი „ელ პაისის“ კომენტარი ამავე თემაზე: „მიუხედავად იმისა, რომ არ არის იურიდიულად სავალდებულო, გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება მნიშვნელოვანი შედეგები - პირველ რიგში, სერბიისთვის, რომელმაც სასამართლოს მოუწოდა, კოსოვოს გამოყოფის უკანონობა ეღიარებინა, და ასევე კოსოვოსათვის, რომელსაც გზა გაეხსნა გაეროსკენ და რომელიც შეიძლება აღიარონ სხვა ქვეყნებმაც. მაგრამ გადაწყვეტილება მოიტანს არასტაბილურ არეალებში, როგორიცაა,მაგალითად, ეთნიკურად დაყოფილი ბოსნიის სერბიული ნაწილი, სეპარატიზმის წაქეზებას, ვარაუდობს ესპანური „ელ პაისი“. ევროპის მიმართ იმედს გამოხატავს გერმანიაში გამომავალი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“, რომელიც წერს: „რამდენადაც დიდი იყო დანაშაული სერბიის მხრიდან, იმდენადვე ადვილი შესამჩნევია, რომ ორი წლის წინ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება პროვოკაცია იყო. უთიერთობის ეს ეთნიკურ-ნაციონალისტური გამწვავებები დღეს აფეთქების გაცილებით მეტ საშიშროებას შეიცავს, ვიდრე ოდესმე. ქვეყნების და ეთნიკურად გამორკვეული ხალხების უფლებათა შორის კონფლიქტს სასამართლოს დასკვნა ვერ მოაგვარებს. კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ევროპას შეუძლია და, კერძოდ, იმით, რომ ყველა მონაწილეს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა შესთავაზოს, გვიზიარებს თავის პოზიციას გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“. გაგაცნობთ თურქულ გაზეთ „რეფერანსის“ მიერ წარმოდგენილ სცენარს ევროპისათვის: „ესპანეთში ახლა დაჩქარდება ბასკებისა და კატალონიელების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. კვიპროსზე ბერძნებსა და თურქებს შორის ქვეყნის საბოლოო გაყოფა დადგინდება. რუსები სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ იზრუნებენ, რომ ჩეჩნების ამბოხება დამოუკიდებლობისთვის კიდევ უფრო დიდი ხნით ჩაახშონ. მაგრამ არსებობს შინაგანი წინააღმდეგობაც. თურქეთი, მაგალითად, ერთი მხრივ, კოსოვოს დამოუკიდებლობას უჭერს მხარს,მეორე მხრივ კი, მკაცრად გამოდის ერაყის ჩრდილოეთში ქურთთა სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ. არგუმენტი, რომ კოსოვოს შედარება არ შეიძლება ჩრდილოეთ ერაყთან, ძალას კარგავს“, თვლის თურქეთში გამომავალი „რეფერანსი“.

კოსოვოს მოსახლეობის მდგომარეობაზე წერს სლოვაკეთის გაზეთი“სმე“. ევროპის ამ უღარიბეს ქვეყანაში უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს. მთავრობა, რომელიც მეამბოხეთა, „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ წევრებისგან შედგება, მუდამ კორუფციაშია ეჭვმიტანილი. უცხოური ინვესტიციები არ ჩანს. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, განაგრძობს გაზეთი, კოსოვოელები ევროპის უდიდესი ოპტიმისტები იყვნენ, ახლა მათ ასე ძალიან აღარ ახარებთ ახალი სახელმწიფო. ყოველი მეოთხე ფიქრობს, რომ სერბიისგან გამოყოფა არასწორი იყო.

„ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორები შენიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ შეიძლება სიგნალი გახდეს მსოფლიოს სეპარატისტული მოძრაობებისთვის. გაზეთს მოჰყავს ნიდერლანდის საერთაშორისო ურთიერთობათა კლინგენდალის ინსტიტუტის ექსპერტის, ედვინ ბაკერის შეფასება: ხუთშაბათის დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის აღიარებს აქტს, რომლის მგავსი 40 წელია მსოფლიოს არ ახსოვს. პირველად 1970-იანი წლების შემდეგ, როცა პაკისტანის გამოყოფა მოხდა, ვხედავთ, რომ ქვეყანა ცხადდება დამოუკიდებლად მიუხედავად იმ სახელმწიფოს დიდი წინააღმდეგობისა, რომელსაც გამოეყოფა, ამბობს ბაკერი. გადაწყვეტილება გააძლიერებს სეპარატიზმს მთელ მსოფლიოში. რეგიონებში, რომელთა სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ძალით იქნა ჩახშობილი, ალბათ, იფიქრებენ, რომ დამოუკიდებლობის შანსი გაიზარდა. ბაკერის თანახმად, კოსოვოს მსგავსი რეგიონების რიცხვი შეზღუდულია. მისი ვარაუდით, სასამართლოს დასკვნამ რადიკალური სეპარატისტული ელემენტები შეიძლება წააქეზოს ესპანეთის ბასკეთსა და კვიპროსში.
XS
SM
MD
LG