Accessibility links

logo-print
ეს ამბავი 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა. რუსი საბჭოთა დიპლომატი, რომელიც ამერიკაში მუშაობდა, სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა. გამგზავრების წინ დიპლომატის 13-14 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა. მაშინვე ფეხზე დადგა საბჭოთა საელჩო და ამერიკის შესაბამისი სამსახურები. ბიჭი ორიოდე დღეში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ამერიკულ ცხოვრებას ნაზიარევ ბავშვს უმძიმდა ნაცრისფერ საბჭოეთში დაბრუნება და ცოტა ხნით გაიხანგრძლივა თავისუფალ ქვეყანაში ყოფნის სიამოვნება. როდესაც ამერიკელებმა ბიჭუნა საბჭოთა მისიის წარმომადგენლებს გადასცეს, ბავშვი ღიმილით გამოემშვიდობა ამერიკის უშიშროების სამსახურის მუშაკებს და დაიძახა: „მოიკითხეთ მიკ ჯაგერი!“ – ასე დაემშვიდობა ბიჭუნა იმ თავისუფალ სამყაროს, რომლის ყველა დადებითი კომპონენტი მისთვის ამ ინგლისელ როკ-მუსიკოსში იყრიდა თავს.

მიკ ჯაგერზე უამრავი ჭორი და ლეგენდა არსებობს, მაგრამ ეს ამბავი გამორჩეულად მომწონს. ვფიქრობ, ძალიან კარგად აღწერს, თუ რა როლს ასრულებს ჯაგერი პლანეტაზე.
მიკ ჯაგერი

ის, რომ მიკი ბოიმ მიკი მაუსსაც კი გადაასწრო პოპულარობაში, მარტო მუსიკის ბრალი არ არის. ის მშვენივრად აფასებს იმ მუსიკალური ჟანრის შესაძლებლობებს, რომელშიც მისი ჯგუფი, „როლინგ სტოუნზი“, მოღვაწეობს. ერთ უბრალო ფრაზას გავიხსენებ მისი 1974 წლის სიმღერიდან: „ვიცი, რომ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია, მაგრამ მაინც მიყვარს“. მგონი, ასე ზუსტად არავის მიუთითებია როკ-ენ-როლის ადგილზე ჩვენს ცხოვრებაში.

მიკმა გაუცნობიერებლად დაიწყო სტერეოტიპების დანგრევა. ის ერთ-ერთი პირველი თეთრკანიანი ბიჭი იყო, რომელიც მღეროდა შავკანიანი მუსიკოსების - ბო დიდლის, ჰაულინ ვულფის, მადი უოტერსის სიმღერებს. ეს არ იყო საკმარისი. თვით ნომერ პირველ ნოვატორებს, „ბიტლზის“ წევრებსაც კი უკვირდათ, რომ „სტოუნზები“ სცენაზეც იმავე ტანსაცმლით გამოდიოდნენ, რომლითაც ქუჩაში დადიოდნენ. გარდა ამისა, ქუჩის ბიჭის იმიჯს მიკი ძალიან ბუნებრივად უხამებდა მაღალი საზოგადოების წევრის ცხოვრების სტილს.

ის კიდევ უფრო შორს წავიდა. თანდაყოლილი ელეგანტურობა საშუალებას აძლევდა, სცენაზე ერთდროულად მშვენიერიც ყოფილიყო და საზიზღარიც, ქალურიც და მამაკაცურიც. მიკი, რომელიც ყოველთვის ნამდვილი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი იყო, არ შეშინებია გათამაშებოდა სექსუალური ორაზროვნების იდეებს. მის საქციელს ის ამძაფრებდა, რომ მან ეს გამოიჩინა კანტრის, ბლუზის და რითმ-ენ-ბლუზის განსაკუთრებით მამაკაცურ, პურიტანულ სამყაროში. „მან საფუძვლიანად შეცვალა იდეა იმისა, თუ რას ნიშნავს, იყო მამაკაცი“, თქვა ალექსის კორნერმა, ადამიანმა, ვინც ფაქტობრივად, გაუხსნა ჯაგერს გზა, როგორც მომღერალს.

მიკმა წაშალა საზღვრები კულტურებს, რასებს, სქესებსა და სოციალურ ფენებს შორის, რამაც უდიდესი ზემოქმედება მოახდინა 60-იან წლებზე და საშუალება მისცა მას, როკ-ვარსკვლავის სტატუსი ექცია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთში მომხდარი სოციალური ცვლილების სიმბოლოდ.

დაახლოებით იმავე პერიოდში, რომელიც ჩვენი თხრობის დასაწყისში ვახსენეთ, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ერთი ახალგაზრდა კაცი იპყრობდა გამვლელების არაჯანსაღ ყურადღებას. ტყავებში და ჯარისკაცის „ბათინკებში“ გამოწყობილს, სხეულზე ლითონის უამრავი ნივთი ჰქონდა აცმული. ჯაგერიდან 20 წლის შემდეგ ქართველი როკ-მუსიკოსი ლადო ბურდული სამშობლოში შეუდგა სტერეოტიპების ნგრევას.
ლადო ბურდული

ჯაგერისგან განსხვავებით, მას არ გაუმართლა. გარემო მზად არ იყო. იმ ხანებში უკეთეს შემთხვევაში ის გიჟი ეგონათ. მისი გარეგნობა თითქმის ყველას აღიზიანებდა. გამვლელების გაოცებული, ზიზღიანი, ბოროტი მზერა - რატომ განსხვავდება ჩვენგან?; მილიციელების სურვილი, წაეყვანათ განყოფილებაში და ეხმარათ, ჭკუაზე რომ მოსულიყო; ოფიციოზისთვის ის მტრული იდეოლოგიის მატარებელი იყო, მაგრამ რატომ, ვერ გეტყოდნენ.

მიკს ამ საკითხისადმიც ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა: „ჩვენ წყობას არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენი პროტესტი მიმართულია იმ იდიოტების წინააღმდეგ, ვინც თვლის, რომ წესიერი ადამიანი მხოლოდ ჰალსტუხიანი კაცია. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ უჰალსტუხოდაც შეიძლება, იყო წესიერი და ჭკვიანი. როკ-ენ-როლის ამოცანა გართობაა და არ ღირს მას ზედმეტი რაღაცები მივაწეროთ.“

ლადო კი აგრძელებს ბრძოლას, უბრალოდ, ფორმებს ცვლის. 90-იანი წლების უდენობას ის სანთლებით უპირისპირდება, ბოროტებას - ღიმილით. ჩაბნელებულ ქალაქში, თავის ბინაში, ის სანთლის შუქზე აწყობს მოდების ჩვენებებს, კონცერტებს, გამოფენებს, პერფორმანსებს; ჩამოჰყავს შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან; მოკლედ, კულტურის სამინისტროს ფუნქციებს ითავსებს.

ის უნიკალურია იმ მხრივ, რომ სამშობლოში ვერ მოაბა თავი ჩანაწერების გამოცემას, თუმცა საზღვარგარეთ ეს სხვებმა გააკეთეს მის მაგივრად. ალბათ ამიტომაცაა, რომ სატელევიზიო და რადიოპროგრამების ქართველ მენეჯერებს მისი სიმღერების გადაცემაზე მეტად, ეთერში მასთან საუბარი იზიდავთ. თუმცა, ესეც გასაგებია: ქართული პანკის მამისგან, რომელიც დღეს 46 წლის გახდა, ბევრი რამეა მოსალოდნელი. თუნდაც ეს: ჟურნალისტის კითხვას - გიხარიათ, რომ თქვენ და მიკ ჯაგერი ერთ დღეს დაიბადეთო - კითხვითვე უპასუხოს: მიკ ჯაგერი ვინ არისო.

ვერ გეტყვით, შეიძლება სულ სხვანაირად მოხდეს. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი: ლადოს და მიკის გარეშე თანამედროვე სამყარო ბევრად უფრო ღარიბი იქნებოდა; თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ვაჭარბებ და იქნებ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG