Accessibility links

logo-print
დასრულდა საქართველოში პედაგოგთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა 14 ათასამდე პედაგოგმა მიიღო. გამოცდა ამჯერად შეეხო მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგებს. გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, მანამდე კი ცნობილი ის არის, რომ სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ. ვინაიდან გამოცდა ნებაყოფლობითი იყო, საინტერესოა პედაგოგების გამოცდაზე გასვლის მოტივაცია, რა მოლოდინები არსებობდა და რა ტენდენციები გამოავლინა გამოცდამ.

ნათია ონიაშვილი, რომელიც ქალაქ ბოლნისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლის, პადაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე, გარდა საკუთარი ცოდნის შეფასებისა, კიდევ ერთი მოტივით გავიდა:

”რა თქმა უნდა, ველოდები, რომ მეტად პრივილეგირებული ვიყო, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, და ერთ-ერთი მოტივი სწორედ ესაა, რადგან ჩვენს მუშაობას ფასი საერთოდ არ აქვს.”

მისგან განსხვავებით, სკოლაში ანაზღაურების მომატების იმედით გამოცდაზე არ გასულა მარინა ბერსენაძე. ის მოსწავლეებს კერძოდ ამზადებს და მას იმის გაგება სურდა, რამდენად შეესაბამება მისი სწავლების მეთოდები განათლების თანამედროვე სტანდარტებს:

”მაინტერესებს, უბრალოდ, რა ტიპის გამოცდაა, რისი მომცემია, რამდენად ემსახურება პროფესიონალიზმის ამაღლებას. ასევე, ელემენტარულად, მაინტერესებს რამდენად გადაერთო ჩემი მენტალობა ახალ მეთოდებზე”, - განმარტა მარინა ბერსენაძემ.

ამ და სხვა მოტივაციით 1400-მდე პედაგოგი სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, სერტიფიცირების მთავარი მიზანი ის იყო, რომ 2014 წლისთვის საქართველოში მომუშავე პედაგოგები შეესაბამებოდნენ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ”მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს”. ეს დოკუმენტი პედაგოგებთან ერთად მომზადდა და რამდენიმე ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

ამას გარდა, ნებაყოფლობით სასერტიფიკაციო გამოცდაზე წელს გასულ პედაგოგებს, შეუძლიათ, მათთვის არასასურველი შეფასების შემთხვევაში, მომდევნო წელს ისევ გავიდნენ გამოცდაზე.

”წლევანდელი წელი ძალინ მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მიეღოთ გამოცდილება და დაენახათ, სად არის მათი სუსტი მხარე და სწორედ ამაზე გაემახვილებინათ ყურადღება და შემდეგში უკეთ გადაელახათ ბარიერი”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

მისივე სიტყვებით, სერტიფიკატს 5-წლიანი ვადა აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში კი ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი გარკვეული პრივილეგიით ისარგებლებს.

”მთავრობის ვალდებულებაა ეს და სერტიფიცირებულ ყველა პედაგოგს მოემატება ხელფასი და ასევე შეგვიძლია სხვა პრივილეგიებიც ჩამოვთვალოთ. მენტორ მასწავლებლად შეუძლიათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს მუშაობა და აქ კიდევ 160 ლარია დანამატი.”

”პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის” ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ, დაპირებისამებრ, სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ - სხვა შემთხვევაში გამოცდები აზრს დაკარგავს.

”თავისთავად ცხადია და ვეთანხმებით, რომ მასწავლებელმა გამოცდა უნდა ჩააბაროს. ეს არის რეგულირებადი პროფესია. სახელმწიფომ უნდა იცოდეს რა კვალიფიკაციის პედაგოგები ასწავლიან სკოლაში. ამის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი განათლების მიღწევა. აქედან გამომდინარე, გამოცდა არის ერთ-ერთი ღინისძიება, რომ მასწავლებელმა კვალიფიკაცია აიმაღლოს, მაგრამ, დღვანდელი მდგომარეობით, ამისთვის მასწავლებელს მოტივაცია არა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვდით, რომ მასწავლებელმა, რომელიც გამოცდას აბარებს, უნდა იცოდეს, რისთვის აბარებს ამ გამოცდას, ანუ მან უნდა იცოდეს, რა იცვლება ამით მის ცხოვრებაში - როგორც კარიერაში, ასევე სახელფასო ანაზღაურებაში”,- განაცხადა მაია ლიპარტელიანმა.

პედაგოგები გამოცდას ორი მთავარი ტესტის მიხედვით აბარებდნენ - ზოგადი უნარებისა და პროფესიული ტესტის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, წერის, მოსმენის და ახსნის მეთოდებს ამოწმებდა. მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ იყო პრეტენზიები, რაც, ძირითადად, მოსასმენ სავარჯიშოებს ეხებოდა, რამაც აჩვენა, რომ ამ მხრივ პედაგოგებს პროფესიული წვრთნა სჭირდებათ. მისივე ინფორმაციით, განათლების სამინისტრო აპირებს მომავალი წლიდან გახსნას პედაგოგთა მოსამზადებელი ცენტრები, რომელთა მუშაობაც, დიდწილად, გამოცდებზე ნაჩვენებ პრაქტიკულ შედეგებს დაემყარება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG