Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონი

26 ივლისს, ზაფხულის ბოლო შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კოსოვოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წერიგში შეტანილია ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკითხები. შეხვედრის შედეგები ჩვენი შუაღამის გადაცემისათვის გახდება ცნობილი. მანამდე კი გთავაზობთ რეპორტაჟს, რომელიც ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა მოამზადა.

გაეროს საერთაშორისო სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს გამოძებნოს შერიგების გზები პრიშტინასა და ბელგრადს შორის, რომლებსაც მიღებული აქვთ პირობა, რომ, საბოლოო ჯამში, ევროპის ბლოკში ორივე გაწევრიანდება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონმა სერბიისა და კოსოვოს ლიდერებს გაუგზავნა წერილი და ისინი ბრიუსელში კავშირის ხელშეწყობით ორგანიზებულ პირდაპირ მოლაპარაკებაზე მიიწვია. თუმცა კეტრინ ეშტონის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას. სერბია მტკიცედ აცხადებს, რომ იგი არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ ცნო ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ - ესპანეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და კვიპროსმა. ეს ქვეყნები შიშობენ, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება წაახალისებს მათ საზღვრებში არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს. 22 ივლისის გაეროს სასამართლოს შემდეგ რუმინეთისა და კვიპროსის მხრიდან იყო მოწოდებებიც, რომ ევროკავშირს კოსოვოსათვის დახმარება შეემცირებინა . აი, რა განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკოს კიპრიანუმ:

„როდესაც საქმე ეხება ისეთ სპეციფიკურ საკითხს, როგორიცაა დეკლარაციის პროცედურული ნაწილი, საერთაშორისო სამართლის სასამართლოს მოსაზრება კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კანონიერებასთან დაკავშირებით ძალიან შეზღუდულია. ამავე დროს, ჩვენ გვწამს, რომ ყველა საკითხი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, უნდა წყდებოდეს მოლაპარაკებებისა და დისკუსიების გზით და არა დამოუკიდებლობის უნილატერალისტული გამოცხადებით.“

საბოლოო ჯამში, კეტრინ ეშტონის განცხადებაში კოსოვოს სტატუსის თაობაზე არაფერია ნათქვამი. მასში მხოლოდ ისაა ხაზგასმული, რომ როგორც სერბიის, ასევე კოსოვოს მომავალი „ევროპის კავშირშია“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი „ხელს უწყობს პროგრესს და სტაბილურობას რეგიონში.“ განცხადების ასეთ მიდგომას დღეს, სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გაიზიარებენ.“

მოსალოდნელია ასევე, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხოს სერბიაზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ნაკისრი ვალდებულება - შეიპყროს და სასამართლოს გადასცეს სამხედრო დანაშაულში ბრალდებული რადკო მლადიჩი და ითანამშრომლოს კოსოვოსთან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ასევე რთულ ვითარებაზე ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სადაც ძალიან ბევრი შიშობს, რომ საერთაშორისო სამართლის სასამართლოს დადგენილება წაახალისებს სეპარატისტულ ტენდენციებს ბოსნიელი სერბებით დასახლებულ სრპსკას რესპუბლიკაში. კეტრინ ეშტონი და სტეფან ფულე, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი, აპირებენ გააერთიანონ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობები ბოსნიაში და ასევე მეტი ფინანსური დახმარება გაუწიონ ბოსნიის დაქსაქსულ პოლიტიკურ ელიტას.

კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს კეტრინ ეშტონი მოკლედ გააცნობს საქართველოში თავისი ვიზიტის შედეგებს. ბრიუსელი ხვდება, -აცხადებს ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი, ანონიმურობის დაცვით, - რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დარწმუნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კეტრინ ეშტონი შეწუხებულია იმით, რომ საქართველოს ლიდერს აკლია რეალიზმი როგორც ევროკავშირთან, ისე რუსეთთან ურთიერთობაში.
გასულ თვეში ევროკავშირმა გაუგრძელა მანდატი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებზე მყოფ ევროპელ სამხედრო დამკვირვებლებს. თუმცა დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ადრე თუ გვიან კავშირის შიგნით გარდაუვალი გახდება დებატები, რათა შემცირდეს ამ კუთხით ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG