Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია ავღანეთში ომზე და სხვ.


„უიკილიკ“ ჰქვია საინტერნეტო ვებგვერდს, რომელზეც ავღანეთში ომის მიმდინარეობის ამსახველი 90 ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა. მამხილებლად მიჩნეულმა ონლაინ გამოცემამ დასავლეთის მედიის სამ გამოცემას - აშშ-ში გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“, ბრიტანეთის „გარდიანს“ და გერმანულ ჟურნალ „შპიგელს“ - გადასცა ომის შესახებ დღემდე უცნობი მასალა, სამხედროთა ანგარიშები, სადაც აღწერილია ავღანელი სამოქალაქო პირების გაუხმაურებელი დახოცვა, აშშ-ის სპეცნაწილების მალული ქმედებები თალიბანის ლიდერების წინააღმდეგ, ასევე პაკისტანის დაზვერვის სამსახურის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თანამშრომლობა მეამბოხეებთან.

სანამ ჯულიენ ასანჯი, „უიკილიკის“ დამაარსებელი, ავღანეთის ომზე ინფორმაციის ასე ფართო მასშტაბით გავრცელებას შეუწყობდა ხელს, მას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა, უპასუხისმგებლო უწოდა. ახლა, როცა ამ დოკუმენტებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, აშშ-ის მთავრობამ მკაცრად დაგმო ინფორმაციის გავრცელება. აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ჯეიმს ჯონსმა თქვა, რომ ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ისევე როგორც ქვეყნის უშიშროებას. თვითონ ასანჯი, 39 წლის კაცი, ამბობს, რომ ეს მონაცემები ყველაზე უფრო დიდი მოცულობისაა მათ შორის, რაც კი რომელიმე ომის მსვლელობის დროს გამოქვეყნებულა. ანუ მისი აზრით, კონფლიქტის დროს მხილება ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას იძლევა. მისივე თანახმად, ეს მასალა ჩრდილქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც ავღანეთზე დღემდე თქმულა. ის შეცვლის ჩვენს შეხედულებას არა მხოლოდ ამ ომზე, არამედ ყველა თანამედროვე ომზეო, თქვა მან.

„ავღანეთის და სხვა ქვეყნების საზოგადოებებს ახლა შეუძლიათ ნახონ, რა ხდება სინამდვილეში და პრობლემებზე იფიქრონ. ამ მასალების მნიშვნელობა ორმაგია. ერთია ფართო კონტექსტი, ანუ ის ეხება ომს 2004 წლიდან. მეორეა კერძო - ასევე მნიშვნელოვანი -მოვლენები ან ამ მოვლენებისგან მომავალი საფრთხე. ეს ეხება „373-ე სპეცნაწილს“, აშშ-ის მოიერიშეთა რაზმს, რომელიც მთელ ავღანეთში ხოცავს მათ, ვინც შეტანილია სიაში, სახელწოდებით „მოკალი ან დაიჭირე“.

ასანჯი დარწმუნებულია, რომ მასალის გამოქვეყნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზეგავლენას მოახდენს. „შპიგელთან“ ინტერვიუში ის ამბობს, უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც ომს აწარმოებსო. სანამ მაგალითებს მოგიყვანდეთ, რა არის აღწერილი ამ დოკუმენტებში, გეტყვით, რომ, ასანჯის თქმით, მისმა ვებგვერდმა გამოქვეყნებამდე გაფილტრა მასალები, რათა ავღანეთში განთავსებულ ჯარებს ან უდანაშაულოებს საფრთხე არ შექმნოდათ. ეს დოკუმენტები ასევე არ შეიცავს ჯარების მოძრაობასა და მისთანაზე ცნობებს. მანვე თქვა 26 ივლისს პრესკონფრენციაზე, რომ აღწერილი მოვლენების შეფასება - რა არის დანაშაული და რა არა - სასამართლოს გადასაწყვეტია:

„სასამართლოზეა დამოკიდებული გადაწყვიტოს ცხადად, არის თუ არა რომელიმე ქმედება დანაშაული. ერთი შეხედვით, ამ მასალებში საომარი დანაშაულის არსებობა დადასტურებულია.“

დოკუმენტებში, რომლებიც საკუთრივ ავღანეთში მყოფი სამხედრო პირების ანგარიშებს წარმოადგენს, აღწერილია ასობით სამოქალაქო პირის დახოცვის ფაქტები, რომლებიც ოფიციალურად არ გახმაურებულა. იქვეა ინფორმაცია სპეცნაწილის საიდუმლო „შავი“ რაზმების შესახებ, რომლებიც ნადირობენ თალიბანის ლიდერებზე და რომელთა მიერ წარმოებულ ოპერაციას ჰქვია „მოკალი ან დაიჭირე“, რაც გაუსამართლებლად მეამბოხეთა ხოცვას გულისხმობს. ამავე მასალების თანახმად, უცხოეთის ჯარი ავღანეთში სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს სხვადასხვა მოდელის უპილოტო თვითმფრინავებს თალიბ მეამბოხეებთან საბრძოლველად. დოკუმენტში აღწერილია არაერთი შემთხვევა, როცა ეს ძალიან ძვირად ღირებული აპარატები სხვადასხვა მიზეზით ავარიას განიცდიან. სხვა დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ სამხედრო ოფიცრები არ ავრცელებდნენ ცნობებს იმაზე, რომ თალიბებს გაუჩნდათ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ და რომლებზეც მკაცრი კონტროლია დაწესებული. მიზეზი კონტროლისა კი ისაა, რომ თალიბანთან ომში დასავლეთის უპირატესობა ავიაციაა, რომელიც მეამბოხეებს არა აქვთ, და ეს რაკეტები ალიანსის ამ უპირატეობას ასუსტებს.

ცალკე თემაა პაკისტანის უშიშროების სამსახურისა და თალიბანის თანამშრომლობა. 180-ზე მეტი დოკუმენტი ასახავს ამ სამსახურის მიერ თალიბანისთვის გაწეულ დახმარებას. ამას აშშ დიდხანს ეჭვობდა. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ლაპარაკია პაკისტანის უშიშროების სამსახურის მონაწილეობაზე თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაში, ასევე საზენიტო დანადგარების ავღანეთში ფარულად შეტანაში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაიზე თავდასხმის მოწყობის მცდელობაში და თვით დასავლეთის ჯარისთვის მოწამლული ლუდის მიწოდებაში.

დოკუმენტებიდან შეიტყობთ, რა როლი შეასრულა ირანმა იარაღით, ფულით და აღჭურვილობით მეამბოხეთა დახმარების საქმეში. თეირანი, ჩვეულებრივ, უარყოფს ხოლმე ასეთი მხარდაჭერის შესაძლებლობას.

ზემოთ გითხარით, რომ აშშ-ის მთავრობამ დაგმო მასალების გამოქვეყნება. აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ჯეიმს ჯონსმა თქვა, სხვათა შორის, ეს მასალები ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ პარტნიორობა ავღანეთსა და პაკისტანთანო. თვითონ პაკისტანმა უარყო თავისი უშიშროების სამსახურის კავშირი თალიბებთან. ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უაჰიდ ომარმა, მას შემდეგ, რაც დღეს ქაბულში თქვა, რომ მასალების გამოქვეყნების ფაქტმა შოკი მოჰგვარა ავღანეთის მთავრობას, ილაპარაკა იმაზე, თუ რამ შეაშფოთა ყველაზე მეტად ქაბული:

„დოკუმენტების უმეტესობაში აშკარად ამოვიკითხეთ ორი შემაშფოთებელი მომენტი: ერთია სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შემთხვევები და მეორე ეხება პაკისტანის დაზვერვის სამსახურის როლს ავღანეთის შიგნით დესტალიზაციაში.“

ამ მასალებში ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი ზარალის მომტანად მიიჩნევა ინფორმაცია დახოცილი სამოქალაქო პირების შესახებ. გახმაურებულია კიდეც არაერთი შემთხვევა, როცა ავღანეთის მთავრობა პროტესტით გამოვიდა. მოგიყვანთ მაგალითებს, რომელსაც შეიცავს ახლა „უიკილიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია: 2008 წელს საფრანგეთის ჯარმა ბავშვებით სავსე ავტობუსს ესროლა და რვა მათგანი დაჭრა; აშშ-ის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ასევე ავტობუსს და დახოცა და დაჭრა 15 სამოქალაქო პირი; პოლონეთის შენაერთმა თავდასხმა მოაწყო სოფელზე, სადაც მექორწილეები - მათ შორის, ორსული ქალი - დაიხოცნენ. ჩანს, ეს თავდასხმა შურისძიების მიზნით იყო მოწყობილი მას მერე, რაც მეამბოხეებმა პოლონელებზე იერიში მიიტანეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG