Accessibility links

logo-print
„მერაბიშვილის, ახალაიებისა და უგულავას დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“ - ამ სათაურით დღეს გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ბათიაშვილთან. საუბრის ძირითადი თემაა საკონსტიტუციო რეფორმა და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები. ირაკლი ბათიაშვილის აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი მიზანი პოსტსააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების დაბალანსების სურვილია, ანუ ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაჯგუფებები გაწონასწორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ”ხოლო ახალი კონსტიტუციის საფუძველზე გვეყოლება შედარებით გაზრდილი უფლებამოსილების მქონე პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი, რომელიც იქნება, ვთქვათ, არა გილაური, რომელიც დღეს არის, არამედ იქნება უფრო სერიოზული ძალმოსილი ფიგურა, როგორიც არის, ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი”, - უთხრა ირაკლი ბათიაშვილმა ”ახალ თაობას”. ამავე გაზეთში მწერალი მერაბ შათირიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის აჭარის მთავრობის მეთაურს ლევან ვაშალომიძეს ამზადებს.

”ახალი ანაკლია ხალხისთვის წართმეულ მიწაზე” - ამ სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”მთელი კვირა” აქვეყნებს, საუბარია ანაკლიის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში რიგითი ადამიანის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე. ჟურნალისტური გამოძიება იმ სამ მეთოდზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც, ანაკლიელების საკუთრებაში არსებული მიწების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაყვანა დაიწყო; ადგილობრივებს ჩამოერთვათ მიწები, რომლითაც დაურეგისტრირებლად წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ხელისუფლებას საქმე იმან გაუადვილა, რომ გლეხებმა არაფერი იცოდნენ მოქმედი კანონმდებლობის იმ ნორმაზე, რომლის თანახმადაც, თუ მოსარგებლე სახელმწიფო მიწით 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სარგებლობს, მისი დაკანონება შეუძლია. მეორე, მიწები ჩამოართვეს მათაც, ვისაც მიწის რეგისტრაციის შევარდნაძის დროს აღებული საბუთი ჰქონდათ. მათ, გაზეთ ”მთელი კვირის” თანახმად, მიწის რეფორმის დროს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითეს და, ბოლოს, მთელი კვირა ირწმუნება, რომ მიწა კანონიერი მფლობელების ერთმა ნაწილმა რატომღაც სახელმწიფოს აჩუქა, მეორე ნაწილს კი ჩამოერთვა იმის გამო, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები რეესტრში დათქმულ ვადაში ვერ წარადგინეს.

„ქართულ ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემია მძვინვარებს“ - ციხეებში არსებულ პრობლემებსა და პატიმართა მდგომარეობაზე გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ფურცლებზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს.

”დღესდღეობით ქსნის ტუბდაწესებულებაში მოთავსებულია რეზისტენტული ფორმით დაავადებული 49 პირი, რომელთა სრულფასოვანი მკურნალობა მედიკამენტების სიძვირის გამო ვერ მიმდინარეობს. იგივე შეიძლება ითქვას C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა მდგომარეობის შესახებ, რომელთაც ესაჭიროებათ ინტერფერონით მკურნალობა, თუმცა პრეპარატის სიძვირის გამო სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აირიდოს ეს ვალდებულება”, - უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაზეთ ”ასავალ-დასავალს”.
XS
SM
MD
LG