Accessibility links

logo-print
ინფორმაცია ჟონავს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ვებგვერდმა რამდენიმე ათასი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა ამერიკული ჯარების ავღანეთში ყოფნის შესახებ. ამ ინფორმაციამ არა მარტო დიდი რეზონანსი გამოიწვია ტრადიციულ მედიაში, არამედ ზეგავლენა მოახდინა გავლენიანი პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებათა ფორმირებაზე. სამეცნიერო დონეზე მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიის განვითარების პირობებში ინფორმაციის გაჟონვა თანმდევი პროცესია და მისი ხელოვნური შეჩერება სისტემებისათვის სულ უფრო რთული ხდება.

წარმოიდგინეთ, რომ ოპერატიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქართული კანონმდებლობით საიდუმლოა, გამოქვეყნდა. ჰო, ვიღაც ადგა და ანონიმურობის დაცვით გამოაქვეყნა თუნდაც სატელეფონო მოსმენების შესახებ დოკუმენტაცია… წარმოიდგინეთ, გამოქვეყნდა დოკუმენტები ფარული კონტრაქტების შესახებ, სამხედრო საიდუმლო დოკუმენტაცია, მაგალითად, სამხედრო შესყიდვების შესახებ - მოკლედ, უსასრულოდ. წარმოიდგინეთ, ვინმეს ეს ყველაფერი დაესკანირებინა და ინტერნეტში აეტვირთა. თანამედროვე ინფორმაციის საუკუნეში სწორედ ეს ხდება - საიდუმლო სახელმწიფო თუ სხვა ნებისმიერი სახის ცენზურაგავლილი ინფორმაცია ინტერნეტში ხვდება. რამდენიმე დღის წინ ავღანეთში ამერიკული ჯარების ფარული ინფორმაცია - 90-ზე მეტი ათასი დოკუმენტი - საჯარო გახდა. ამ ფაქტმა უდიდესი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, დოკუმენტმა აჩვენა, რომ წლების განმავლობაში დახარჯული რესურსისა და მსხვერპლის ფონზე თალიბანი უფრო გაძლიერდა - ახლა პრეზიდენტ ობამას საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწევს, რადგან საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის დარწმუნება ძალიან გაუჭირდებაო. ეს ყველაფერი კი არა რომელიმე გავლენიანმა მედიაორგანიზაციამ, არამედ ერთმა ვებგვერდმა მოახერხა.

”ვიკილიქსი” სულ რამდენიმე წელია - 2006 წლიდან - არსებობს და, ჟურნალ „ნეიშენალის“ თქმით, მისი მეშვეობით უფრო მეტი ინფორმაცია გახდა საჯარო, ვიდრე გაზეთმა ”ვაშინგტონ-პოსტმა” 30 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა. სისტემა საკმაოდ მარტივია. ინფორმაციის წყარო ნებისმიერი ჩვენგანია, ნებისმიერი, ვისაც კი კომპუტერსა და რაიმე საიდუმლო ინფორმაციასთან ხელი მიუწვდება.

ამისათვის მოქალაქენი, უბრალოდ, ”ვიკილიქსის” ვებგვერდზე შედიან, კითხულობენ პირობებს, რომლის მიხედვითაც „ვიკილიქსი“ გარანტორი ხდება, რომ წყაროს არ გაამჟღავნებს, ამაგრებენ საიდუმლო დოკუმენტს და მას ინტერნეტში ტვირთავენ. ასეთი გზით ”ვიკილიქსმა” რამდენიმე წელიწადში ათასობით საიდუმლო დოკუმენტს მოუყარა თავი.

უშიშროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების განვითარებასთან ერთად ვითარდება ინტერნეტიც. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის ხელოვნური შეჩერება შეუძლებელია. სახელმწიფოებს სულ უფრო გაუჭირდებათ ინფორმაციის კონტროლი, „ვიკილიქსი“ კი ამის ნათელი მაგალითია - ინტერნეტში ხვდება სხვადასხვა სამთავრობო ფარული კონტრაქტები, პოლიტიკა, მიმართულებანი, ხშირად დანაშაულებანიც. ყველაზე გახმაურებული ამერიკული სამხედრო ვერტმფრენების მიერ შეცდომით „როიტერის“ ჟურნალისტთა ლიკვიდაციის შესახებ ვიდეოს გამჟღავნება იყო. ”მსოფლიოს შეზანზარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაჟონვით” - ესაა სლოგანი ”ვიკილიქსის” შემქმნელთაგან, საკუთარ მთავარ ლოზუნგში კი ”ვიკილიქსი” ამბობს:

”ინფორმაცია უნდა იყოს თავისუფალი და საჯარო, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ეს ინდივიდუალურ ადამიანებზე.”

ჟურნალი „ტაიმსი“ კი ამ ინტერნეტ წამოწყების შესახებ ამბობს:

” ‘ვიკილიქსი’ შესაძლოა გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი ჟურნალისტური ინსტრუმენტი, როგორიც ინფორმაციის თავისუფლების აქტი.”

თუმცა ”ვიკილიქსის” შეჩერებას, „ვიკილიქსისა“, რომელიც უფრო სოციალური მოვლენაა, რამდენადაც მასში მოქალაქენი მონაწილეობენ, ხშირად ცდილობენ. ინდივიდუალურ ადამიანებზე უარყოფითი გავლენის თუ საკანონმდებლო სანქციების გამო, ტრადიციული მედია, მაგალითად, ”ვიკილიქსის” მასალებს ხშირად ერიდება; არის შემთხვევები, როცა უკვე გამოქვეყნებულ მასალებს საიტებიდან ხსნიან. თუმცა ”ვიკილიქსის” შემქმნელნი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საქმე სასამართლომდე მიდის. ერთ-ერთი თანაავტორი საიტისა, დანიელ შმიდტი, ერთ-ერთ ღია კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს:

„ეს გრძელდება უსასრულოდ - ჩვენ გვიჩივიან, უჩივიან გაზეთებს, მაგალითად, ინგლისში. ჩივიან ისინი, ვისაც ეს ყველაფერი პრობლემებს უქმნის.“

”ვიკილიქსი” არამარტო მმართველობის სისტემების, მთავრობათა შეზანზარებას, არამედ ტრადიციული მედიის რევოლუციურ გარდაქმნას ისახავს მიზნად, ეს კი იმ ყველაფრის გამოქვეყნებით ხდება, რაზე დაყრდნობითაც მუშაობს ზოგადად ტრადიციული მედია. იგივე დანიელ შმიდტი ამბობს:

„თუ მასალა რომელიმე ჟურნალისტს მივაწოდეთ და მან ის არ გამოაქვეყნა, ეს გვეხმარება გავიგოთ, რას და რატომ არ აქვეყნებს ესა თუ ის მედიასაშუალება. ეს გაშიფრავს მედიას, გვაჩვენებს, რის მიხედვით ახარისხებენ ისინი ინფორმაციას. საბოლოო ჯამში, ეს შექმნის ბევრ მექანიზმს, რომელიც ახალ ამბავს მომავალში უფრო საინტერესოს გახდის.“

„ვიკილიქსი“ კიდევ ერთ საინტერესო სოციალურ მოვლენაზე საუბრობს. შემქმნელები აღიარებენ, რომ ადამიანებს არც დრო აქვთ და ხშირად არც სურვილი თავად გაეცნონ პირველწყაროს, მით უმეტეს, თუ ეს პირველწყარო რამდენიმე ასეულგვერდიანი დოკუმენტია. ალბათ, სწორედ ამიტომ ”ვიკილიქსს” პირველად ტრადიციული მედიისთვის უწევს მასალების გაგზავნა. ტრადიციული მედია კი ამ შემთხვევაში არა ინფორმაციის მომპოვებლის, როგორც ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა, არამედ ფილტრის როლს ასრულებს და, როგორც ზევით გამოჩნდა, ეს ფილტრაციის პროცესი რაც უფრო სამართლიანი და დაბალანსებულია, მით მეტი შანსი აქვს ტრადიციულ მედიას დარჩეს ბიზნესში, ბიზნესში, რომელიც ინტერნეტის განვითარების გამო ტრადიციულ მედიას სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. მაგალითად, თუ კონკრეტულ შემთხვევას, ანუ ავღანური მასალების შემთხვევას, განვიხილავთ, ეს მასალები მსოფლიოს სამ უდიდეს გაზეთს ოფიციალურ გამოქვეყნებამდე დაეგზავნა. სამივე გაზეთმა მასალები გამოაქვეყნა. აი, რას ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილში, რომელიც გამოქვეყნებულ სტატიებს ახლავს:

„იმის გადაწყვეტა, გამოვაქვეყნოთ თუ არა საიდუმლო ინფორმაცია, ყოველთვის ძნელია. ხშირად, როცა ვწონით რისკებს და საზოგადოების ინტერესს, ჩვენ ვარჩევთ ხოლმე, რომ არ გამოვაქვეყნოთ. მაგრამ არის ხოლმე დრო, როცა ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესებისთვის, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ და ეს ერთ-ერთი ასეთი დროა.“

მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ითქვა, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო - ძირითადად, იურიდიული პრობლემების გამო -ტრადიციული მედია ”ვიკილიქსის” მასალებს საერთოდ არ აქვეყნებს. ალბათ, ამის გამო ”ვიკილიქსის” ხელმძღვანელობა სხვადასხვა საჯარო გამოსვლებით ცდილობს საზოგადოებას შუამავლის გარეშე ესაუბროს. მათი თქმით, 40 პროცენტი მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა ინტერნეტში პირდაპირი ძიებით ვრცელდება, თუმცა ჯერ კიდევ დიდია ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის შემთხვევები ტრადიციული მედიაარხების საშუალებით. და, მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის წვდომა ჯერ კიდევ ათი პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG