Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები წყლის დეფიციტს უჩივიან


სოფელ ზედაეწერში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილი 120 ოჯახი წყლის დეფიციტს განიცდის. 30 კომპაქტურ კორპუსს, სადაც 800-მდე სული ცხოვრობს, 3 თვეა წყალი არ მიეწოდება. დევნილების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს გამგებელს და დევნილთა სამმართველოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ. სამთვიანი ლოდინის შემდეგ კი დღეს სოფლის ცენტრში აქცია გამართეს.

კომპაქტურ დასახლებაში 30-მდე კორპუსს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში რეაბილიტაცია გაუკეთდა. მართალია, კორპუსების ფასადები შეიღება და გალამაზდა, მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაისვა, მაგრამ დევნილები ამბობენ, რომ კედლები უკვე გაიბზარა და ბათქაში ჩამოცვივდა.

დევნილების საპროტესტო აქციას ზედაეწერის ამბულატორიის ექიმიც ესწრებოდა. დოდო მდინარაძის განცხადებით, წყლის პრობლემა ახლო ხანებში თუ არ მოგვარდა, შესაძლოა სოფელში ეპიდემიამ იფეთქოს.

დევნილების ბრალდებებს უარყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლობაში. მისი ხელმძღვანელის ვაჟა კირთავას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”საქჰიდროენერგომშენმა” წყალკანალის სამუშაოები პროექტის ფარგლებში ზედმიწევნით შეასრულა. ”დაბალი ძაბვის გამო ძრავები, რომელიც კომპანიამ დაამონტაჟა, ვეღარ მუშაობს. ამიტომ უახლოეს დღეებში გამოსავალს ვიპოვით და პრობლემა მოგვარდება”, ამბობს ვაჟა კირთავა.

სოფელ ზედაეწერში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ, რომ თუ კომპაქტურ დასახლებას უახლოეს დღეებში წყლის მიწოდება არ აღუდგა, ზუგდიდში ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG