Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (”ენ-დი-აი”) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება. სათაურებს გადავხედოთ: ”24 საათი” – ”ქართული საზოგადოების შეცვლილი და უცვლელი განწყობები”; ”რეზონანსი” – ”ენ-დი-აი-ს კვლევების უცნაური შედეგები”; ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”84 პროცენტს სააკაშვილის გაპრემიერება არ სურს”.

”სამი წლისთავზე კიდევ ერთხელ მოხნა ძალამ ”სამშობლოს” აღმართი” – ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკა” გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან დევნილების გამოსახლებას ეხმაურება. ავტორი პარალელს 2007 წელს შენობიდან ჟურნალისტების გამოძევების ფაქტთან ავლებს და განსხვავებაზე წერს: ”ჩვენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შუაღამით გამოგვაძევეს, დევნილები კი ”დაინდეს” და რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. რა ბედი ელით დევნილებს?”.

”24 საათი” განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ინტერვიუს აქვეყნებს. შაშკინი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ სწავლის საფასურს ვეღარ გაზრდიან. გამონაკლის შემთხვევებშიც (მაგალითად, მაღალი ინფლაციის დროს) ”მთავრობის თანხმობის გარეშე უნივერსიტეტი თანხას ვერ გაზრდის”, - აცხადებს შაშკინი.

”ახალ თაობაში” ”მემარჯვენე” მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, განსხვავებით ქართველი საზოგადოებისგან, უკვე ნამღერი სიმღერაა. ვისურვებდი, რომ მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ ორიენტირებულები არიან პენსიის 10 ლარით მომატებაზე, 120 ლარიან საარჩევნო ფულზე, ერთ ტომარა შაქარსა და ფქვილზე ან შიშზე”, - აცხადებს კაციტაძე. ”ახალ თაობაშივე” ქრისტიან-დემოკრატ გიორგი ახვლედიანთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მე არ გამოვრიცხავ, რომ სექტემბრისთვის გარკვეული ცვლილებები განახორციელოს ხელისუფლებამ. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შემოდგომაზე მორიგი წმენდა ჩაატაროს, რომელმაც ბოლო დროს გადაწყვიტა, რომ მკაცრი პოლიტიკის დემონსტრირება მოახდინოს.”

”ალიას” კორესპონდენტს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეუბნება: ”ამას თქვენ ექსკლუზიურად გეუბნებით. პრაქტიკამ დამარწმუნა ამაში და ”ლეიბორისტული პარტია” გადადის ბრძოლის ახალ მეთოდზე - ევროპასა და ამერიკაში აწი სისტემატურად დავიწყებ საერთაშორისო ბრიფინგების გამართვას. პირდაპირ უცხოეთში მოვიწვევ პრესკონფერენციებს, დავუძახებ პრესა-ტელევიზიებს და პირდაპირ იქნება მხილებული სააკაშვილი...”

”ალიას” ჟურნალისტი ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძეს ეკითხება - რა გახდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისთვის შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის ოპერატიულად მინიჭების მიზეზი: ”ფილმი, რომელიც ეხებოდა აგვისტოს ომის მოვლენებს და რომლის გამოსვლამდე ამ ხელისუფლებას ურჩევნია, ქუდი დაიხუროს და წავიდეს. იქ ისეთი სკანდალური ინტერვიუები და ისეთი შემზარავი კადრებია, რომ საქართველოს კი არა, მსოფლიოს ჩააგდებს შოკში. ამ მასალის ძირითადი ნაწილი წამოღებულია ცხინვალიდან. შვეიცარიას სწორედ ამიტომ მოსთხოვა ვახო კომახიძემ თავშესაფარი, რომ ფილმის დასრულებისა და მისი მსოფლიოსთვის ჩვენების საშუალება მიეცეს. ჟენევაში ჰააგის ტრიბუნალის ერთ-ერთ მოსამართლესთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა. სკანდალი იქნება!” - ამბობს ნანა კაკაბაძე, რომელსაც ”ალიას” კორესპონდენტი ესაუბრა.

”რეზონანსი” ვრცელ სტატიას უძღვნის ფოთის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტს. ტექსტი ასე სრულდება: ”ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ ფოთში ვითარება კვლავ უცვლელია: მოსახლეობას წყალი კვლავ სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდება. ონკანში ხშირად მღვრიე და ნალექიანი წყალი მოდის. ხშირად წყალს უცნაური სუნი და გემო აქვს. არის წყლით დაინფიცირების შემთხვევებიც. ფოთელები კი 2007 წლიდან მოყოლებული, 27 მილიონიანი პროექტის წყალობით, ამ ყველაფერში გაზრდილ ტარიფს იხდიან.”
XS
SM
MD
LG