Accessibility links

”სავაჭრო დავა ორგანიზაციის ფარგლებში გადაწყდება” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ”კომერსანტი” სამშაბათს. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინა პირველად გამოიყენებს უფლებას დაიწყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში კონსულტაციები საკუთარი ექსპორტიერების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ქვეყნის ეს ნაბიჯი იძულებითიაო, ნათქვამია სტატიაში, რადგან არაფორმალურმა მოლაპარაკებებმა სომხეთთან ვერ მოაგვარა ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქციაზე დისკრიმინაციული ფასები. კონფლიქტის მოგვარების პროცესი შესაძლოა ორ წელს გაგრძელდეს, მაგრამ ამ პროცესის გაწელვის შემთხვევაში უკრაინამ სომხეთს შეიძლება მოსთხოვოს არა მხოლოდ დისკრიმინაციის მოხსნა, არამედ ფულადი კომპენსაციის გადახდაც.

საქმე ისაა, რომ 2000 წლიდან სომხეთში თამბაქოზე აქციზის გადასახადის ფასი ყოველ ათას ღერ სიგარეტზე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 12,9 დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტიერებისთვის - 17,7 დოლარს. ამის გამო სომხეთის ფისკალური რეჟიმი უკრაინული საქონლისთვის ნაკლებად კეთილგანწყობილია. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ სომხეთის ასეთი საქციელი არღვევს 1994 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ გენერალურ შეთანხმებას ვაჭრობაზე ტარიფების შესახებ, რადგან სომხეთი ადგილობრივი მწარმოებლების წახალისებას იმპორტიორების დისკრიმინაციის გზით ცდილობს.

”კომერსანტის” სტატიაში ნათქვამია, რომ მსგავსი პრობლემა უკრაინას ერთი წლის წინ საქართველოსთანაც ჰქონდა, მაგრამ არაოფიციალური მოლაპარაკებების გზით მოხერხდა თბილისის დარწმუნება და 1 იანვრიდან აქციზის გადასახადი ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელზე გათანაბრდა. ”თბილისმა მალევე აღიარა დარღვევა, სომხეთთან მიმართებაში ჩვენ პირველად მოგვიწია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში საკითხის განხილვა”, - უთხრა ”კომერსანტს” წყარომ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროდან.

სომხეთში უკრაინიდან თამბაქოს იმპორტი 5-10 პროცენტია, რომელმაც, 2009 წლის მონაცემებით, 166 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსული ”გაზეტა” კი წერს, რომ დიმიტრი მედვედევმა ორშაბათს სახელმწიფო ჯილდოების მორიგი ულუფა დაარიგა. ”ზურაბ წერეთელმა და მურთაზ რახიმოვმა დამსახურებულად მიიღეს” - ასეთია სათაური სტატიისა, სადაც ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ჯილდოები არა მხოლოდ პროფესიული დამსახურებებისთვის გაიცა, არამედ უფრო პოლიტიკური მიღწევებისთვის. იმ 47 დაჯილდოებულს შორის, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტმა ჯილდოები გადასცა, სამი ქართველია - მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, მომღერალი თამარ გვერდწითელი და მოსკოვში ქართული სკოლის დირექტორი ანა კერესელიძე-პერეკროსტი.

”თუ დირექტორმა პრეზიდენტის ხელიდან მეგობრობის ჯილდო მიიღო, თამარ გვერდწილეთმა - ღირსების ორდენი, ზურაბ წერეთელი, რომელიც ცნობილი და სადავო ”პეტრეს” ავტორია მოსკოვის ცენტრში, რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს - ”სამშობლოსთვის გაწეული დამსახურებისთვის” პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი გახდა, რომლითაც, ჩვეულებრივ, ეროვნულ გმირებს აჯილდოებენ. ისეთი რა გმირობა ჩაიდინა წერეთელმა (”პეტრეს” გარდა, რა თქმა უნდა), ალბათ, 50 წლის შემდეგ გააცხადებენ. მაგრამ ეს მიღწევები აშკარად მისი მონუმენტური შემოქმედების მიღმა დევს”, - წერს სტატიის ავტორი.
წერეთელმა რუსეთსა და საქართველოს შორის ძმური კავშირები გაამყარა. ყოველ შემთხვევაში, მედვედევმა მისი გვარი მოიხსენია გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ”შემოქმედებითი ელიტის” წარმომადგენლების გვერდით, როცა ჯილდოს გადასცემდა. მან ასევე გამოყო წერეთლის წვლილი რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიალოგისა და ძმური კავშირების გამყარების კუთხით. თავად რუსული მონუმენტალისტიკის მეტრი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი კოლოსალური შემოქმედებითი წვლილისთვის გადასცეს, - წერს ავტორი.
კიდევ ერთმა ეროვნულმა გმირმა მიიღოო, წერეთლის მსგავსად, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და ეს გახლავთ, 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადამდგარი ბაშკირეთის პრეზიდენტი მურთაზ ხარიმოვიო, ნათქვამის სტატიაში.
XS
SM
MD
LG