Accessibility links

logo-print

ჟენევაში მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდი მიმდინარეობს


გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გაეროს შტაბბინა ჟენევაში

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მე-12 რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა და დევნილების დაბრუნების პერსპექტივა იქნება. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ რაუნდზე ”განსაკუთრებული წინსვლა მოსალოდნელი არ არის.” საქართველოს დელეგაცია დაძაბულ და რთულ მოლაპარაკებებს მოელის.

როგორც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სახელმწიფო კომიტეტი იტყობინება, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარ ამოცანას ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის გაფორმება წარმოადგენს. ”რუსეთის მხარე გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით”, - ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმების გაფორმება ასევე უპირველეს პრიორიტეტად რჩება აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებისთვისაც. ქართული მხარე კი კვლავაც მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება თავისთავად გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და ახალი დოკუმენტის გაფორმება საჭირო აღარ არის. თუმცა, თუკი ასეთი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში, ის უფრო დახვეწილი უნდა იყოს და მას აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი რუსეთმა. ამ პოზიციას იზიარებს ვაშინგტონი და ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს, თბილისში სტუმრობისას.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ღებულობს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბა. მის ნაცვლად, ჟენევაში წარმოდგენილი არიან: დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნადირ ბიტიევი. წინასწარი მუქარის მიუხედავად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკამ ბოიკოტი მაინც არ გამოუცხადა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-12 რაუნდის მსვლელობაში მონაწილეობას არ ღებულობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მის ნაცვლად რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსეი დვინიატინი. როგორც დვინიატინმა განუმარტა ”იტარ-ტასის” კორესპონდენტს, კარასინის არყოფნა ”დროებითი მოვლენაა” და ეს რუსეთის მხრიდან არანაირ ”პოლიტიკურ სიგნალს” არ წარმოადგენს. იმავე წყაროს ცნობით, ამ რაუნდზე რუსეთის დელეგაციის რიცხობრივი შემცირება შვებულებების პერიოდით აიხსნება.
XS
SM
MD
LG