Accessibility links

როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწავლული აგრონომების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. როგორც სამინისტროს ვებგვერდი გვამცნობს, შერჩეული კანდიდატები უცხოეთის ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოკლე გადასამზადებელ კურსებს გაივლიან, გადამზადების კურსების გავლის შემდგომ კი რეგიონებში არსებულ მუნიციპალიტეტებთან წამყვანი აგრონომების თანამდებობაზე დასაქმდებიან.

მაგრამ სჭირდებათ კი გლეხებს აგრონომების რჩევები? ან რა აწუხებთ, პირველ რიგში, ქვემოქართლელ გლეხებს? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლება თავად სამინისტროს წარმომადგენლებს და გლეხებს გაესაუბრა.

ქვემო ქართლის რეგიონს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი სამმართველო ემსახურება. ხელმძღვანელი პოსტის გარდა სამმართველოში სამი საშტატო ერთეულია - აგრონომის, ვეტექიმის და სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტის.

მარინა ჩაჩანიძე ამ სამმართველოში აგრონომად მუშაობს. მისი სამოქმედო არეალი მთელი რეგიონია და, როგორც ის ამბობს, ასეთ პირობებში საქმისათვის თავის გართმევა ძალიან რთულია.

ქალბატონ მარინას ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონალური სამმართველოების გაუქმებას აპირებს, თუმცა ანალოგიური სამსახურები უკვე მუნიციპალიტეტების დონეზე შეიქმნება და სწორედ იქ დასაქმდებიან კონკურსით შერჩეული აგრონომები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტი გიორგი კვალიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში წალკის რაიონის გამგებელი იყო, აცხადებს, რომ გლეხებს კვალიფიციური აგრონომების დახმარება სჭირდებათ, რადგან, კვალიაშვილის სიტყვებით, გლეხობა ცხოვრებას ჩამორჩა და ძველი, მამაპაპური მეთოდებით მიწის დამუშავება სოფლის მეურნეობის დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს.

მაგრამ რეგიონის გლეხობას რომ ჰკითხოთ, აგრონომის რჩევებზე მეტად მათ სარწყავი წყალი სჭირდებათ. სარწყავი წყლის პრობლემაა გარდაბნის რაიონში, მაგალითად, სოფელ ლემშვენიერაში, სადაც, ადგილობრივთა განცხადებით, სასმელი წყალი სოფელში ოთხ დღეში ერთხელ მოდის და ისიც რამდენიმე საათით. სარწყავი წყლის ნაკლებობას უჩივიან მარნეულის რაიონის სოფლებშიც. სოფელ დაშთაფას მკვიდრი მაგომედ ასკეროვი ამბობს:

”ჩვენთან სარწყავი წყალი საერთოდ არ არის, ძალიან გვიჭირს. რაც შეეხება აგრონომების რჩევებს, ეს, ალბათ, უფრო მათ სჭირდებათ, ვინც დიდი ფართობის მიწებს ფლობს. თუმცა ჩვენთან საბაღე ნაკვეთი, რომელიც ერთ ჰექტარს აღწევს, ბევრს აქვს. ამიტომ დახმარების მიღების მსურველები გამოჩნდებიან.”

თუმცა, გიორგი კვალიაშვილის თქმით, უამრავი პრობლემის მიუხედავად, გლეხებს მცოდნე და განათლებული აგრონომების დახმარება მაინც სჭირდებათ, მინიმუმ იმის გასაგებად, როგორ იმოქმედონ სარწყავი წყლის დეფიციტის პირობებში.
XS
SM
MD
LG