Accessibility links

logo-print

ევროკავშირში თურქეთის შესვლისთვის ...


ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ) და დევიდ კამერონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ) და დევიდ კამერონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპის კავშირის წევრობის ყველაზე ხანდაზმულ პრედენდენტ ქვეყანაში, თურქეთში, ბრიტანეთის ახლახან არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა აშკარად გამოიწვია გერმანიის და საფრანგეთის, სულ მცირე, უკმაყოფილება, როცა მასპინძლებს თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა ევროპის კავშირში გაწევრიანების საქმეში. კამერონმა თავისებური არგუმენტიც მოიყვანა: მაბრაზებს, რომ ამ ქვეყნის გაწევრების საქმეში წინსვლა არ ჩანს, მაშინ როცა მას, როგორც ნატოს ნაწილს, ევროპის დაცვას ვთხოვთო.

კამერონის მხრიდან თურქეთის ეს თავგამოდებული მხარდაჭერა მოჰყვა აშშ-ის ლიდერების შენიშვნებს, ევროპის კავშირის თავშეკავებულობამ თურქეთის მიმართ ანკარა აიძულა აღმოსავლეთში ახალი კავშირი ეძებოსო.

ანკარაში გამოსვლისას დევიდ კამერონმა ასევე თქვა, რომ გულმხურვალედ უჭერს მხარს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას. მან ვალდებულება იკისრა, რომ გზას გაიყვანს „ანკარიდან ბრიუსელისკენ“ და სხვა წევრები, ვინც არ ემხრობა თურქეთის მიღებას ევროპულ ოჯახში, ამავე დროს კი სიხარულით იღებს მის სამსახურს ნატოში, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. მან მეტაფორულად გამოხატა აზრი, რომ თურქეთი ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იღვწის, სხვათა შორის, ავღანეთში, ამავე დროს კი, მისი ევროკავშირში წევრობა შეჩერებულია. კამერონმა თქვა: „არასწორია ვისურვოთ, რომ თურქეთი ბანაკის მცველად იდგეს, მაშინ როცა უფლება, იჯდეს კარავში, არ ეძლევაო“.

„თურქეთი ნატოს დიდებული წევრია. ეს ქვეყანა იზიარებს ტერორიზმთან ბრძოლის ჩვენეულ მიდგომას, როგორც ალ ყაიდის, ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიის შემთხვევაში.“

კამერონის შენიშვნები, თურქეთში მისი პირველი ვიზიტის დროს გამოთქმული, ეხმაურება ბრიტანეთის წინა, ლეიბორისტული მთავრობის მხარდაჭერას თურქეთისადმი, მაგრამ უფრო ინტენსიურია. ამასთან, კამერონი პირდაპირ იწვევს გერმანიას და საფრანგეთს, რომლებიც არ ეთანმხებიან ამ უპირატესად მაჰმადიანებით დასახლებული ქვეყნის ევროპულ კავშირში შესვლას. თუმცა 2005 წლიდან მოლაპარაკება ამის თაობაზე დაწყებულია, მაგრამ ძალიან ნელა მიმდინარეობს. ბერლინმა და პარიზმა თურქეთის პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე სცადეს მისთვის „პრივილეგირებული პარტნიორობის“ კონცეფციის შეთავაზებით დაეკმაყოფილებინათ, მაგრამ ანკარამ ეს არ ისურვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ახლახან, თურქეთში ვიზიტისას, ღიად თქვა, თურქეთი არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლადო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის ევროპის გვერდით ყოფნა სურს და რომ ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს, არამედ ბევრი კონფლიქტის მოგვარებაში კონსტრუქციულ დახმარებას ეხება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავის უარს თურქეთისადმი განამტკიცებს მოსაზრებით, რომ დიდია კულტურული განსხვავება და ამას შეუძლია საფრთხე შეუქმნას ბლოკის პოლიტიკურ მთლიანობას. კამერონმა პარიზის ეს დამოკიდებულება შეადარა 60-იან წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლის, წინააღმდეგობას მისი ქვეყნის - ბრიტანეთის - ევროკავშირში გაწევრებისადმი. კამერონმა შეუტია მათაც, ვინც სამყაროს ცივილიზაციათა შეხლის არენად მიიჩნევს და უთხრა, თქვენ ფიქრობთ, რომ თურქეთი არჩევანის წინაშეა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და არც ერთი გადაწყვეტილება არ მოგწონთო. კამერონმა თურქეთში ვიზიტისას ილაპარაკა თურქეთზე, როგორც ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაზე და რიტორიკულად იკითხა: ევროპის რომელი ქვეყანა გაიზარდა 11 პროცენტით წელს? რომელი ევროპული ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეორე ადგილზე ზრდის ტემპით 2017 წლისთვის? რომელ ევროპულ ქვეყანას ჰყავს უფრო მეტი ახალგაზრდა, ვიდრე ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ცალ-ცალკე?

მანვე თურქეთი მოიყვანა იმის მაგალითად, თუ როგორ ახერხებს ანკარა ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებას. ის გულისხმობდა ბრაზილიასთან ერთად ბირთვული საწვავის გაცვლის შესახებ ირანთან შეთანხმებას. ანკარა იქნება ის, ვინც დაგვეხმარება, თუკი ირანი ბომბის შექმნას დააპირებსო, თქვა კამერონმა. კამერონმა თურქეთს მოუწოდა გამოასწოროს ურთიერთობა ისრაელთან, რომელმაც დააკავა თურქეთის, ღაზის სექტორისკენ მიმავალი, ჰუმანიტარული ფლოტილია და მასზე მყოფი თურქი ეროვნების აქტვისტები დახოცა. კამერონი თვლის, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს ისეთი პოტენციალი, ხელი შეუწყოს ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთგაგებას, როგორიც აქვს თურქეთს.
ზოგიერთი დასავლელი მიმომხილველი ფიქრობს, რომ თურქეთის დაპირისპირება ისრაელთან ნასაზრდოები იყო ევროპის კავშირში გაწევრების საქმის შეყოვნებით და, შესაბამისად, ანკარის სურვილით, აღმოსავლეთში ეძებოს პარტნიორები. მოსაზრება, რომ ევროკავშირის უარმა უბიძგა თურქეთს დასავლეთს დაშორებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა დაადასტურეს. მათი თქმით, თუკი თურქეთი თავს არ იგრძნობს ევროპული ოჯახის ნაწილად, მაშინ ის მოკავშირეებს და კავშირებს სხვაგან დაუწყებს ძებნას.
XS
SM
MD
LG