Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ”კავკასიურ სახლს”?


კავკასიური სახლი, რომელიც სოლოლაკში, ე.წ. სმირნოვების სახლად ცნობილ შენობაშია განთავსებული და უკვე ათ წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, შენობის გარეშე რჩება. პრეზიდენტის დადგენილებით, ამ შენობაში მხოლოდ სმირნოვების სახლ-მუზეუმი დარჩება, რომელსაც დღეს რამდენიმე ოთახი უჭირავს და რომელიც უკვე წელიწადზე მეტია დალუქულია. კავკასიური სახლის დირექტორი ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის - არ არსებობდეს თბილისში სახლი, სადაც კავკასიის ხალხების ინტერესებს დაიცავენ და ხალხთა შორის ურთიერთობაზე იზრუნებენ.

პრეზიდენტის დადგენილების შესახებ კავკასიური სახლის თავმჯდომარემ ნაირა გელაშვილმა და ორგანიზაციის მთელმა შემადგენლობამ მედიის საშუალებით შეიტყო. მათთან არანაირი ოფიციალური შეტყობინება, რომ შენობა მხოლოდ სმირნოვების სახლ-მუზეუმად უნდა გადაკეთდეს, არ მისულა. შენობის გარე ფასადზე დღეს ორი აბრაა - ერთი მიანიშნებს, რომ იქ კავკასიური სახლის ოფისია, მეორეზე კი წერია, რომ ამ სახლში ამა დ ამ წელს სმირნოვები ცხოვროდნენ. ამ შენობაში სმირნოვების მუზეუმს რამდენიმე ოთახი უჭირავს, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია დალუქულია. ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ კავკასიური სახლი იურიდიულად ჰაერშია გამოკიდებული და შენობის გარეშე მისი მომავალი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:

”გაუქმდეს კავკასიური სახლი და მის ადგილას შეიქმნას სმირნოვების მუზეუმი, როგორც უფლებამონაცვლე, გაუგებარი ამბავია ყველასათვის.”

რადიო თავისუფლება: კავკასიური სახლი სად უნდა გადავიდეს?

ნაირა გელაშვილი: „აქ ძირითადი ორგანიზაცია არის არასამთავრობო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ანუ კავკასიური სახლი, რომლის მიერ მოპოვებული გრანტებით არის აქ ყველაფერი გაკეთებული, შენობა რესტავრირებული და მუზეუმი გადარჩენილი და ჩვენი პროექტების განხორციელებას შენობა სჭირდება. ახლა გამოდის, რომ იურიდიულად ჰაერში გამოვეკიდეთ და არ ვიცით რა იქნება.”

ეს არ არის შემთხვევითობა, ამბობს ნაირა გელაშვილი და კავკასიური სახლის მიმართ მრავალწლიან მტრობაზე ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ სახლს ჯერ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტეს, შემდეგ იყო მასობრივი დეზინფორმაციების ნაკადი რუსულ ტელევიზიებში, კავკასიური სახლი ლამის ჩეჩენ ტერორისტთა თავშესაფრად მონათლეს. იმის ეჭვი, რომ კავკასიური სახლის არსებობა თბილისში არც ხელისუფლებას აძლევდა ხელს, სწორედ მაშინ გაჩნდა. ორი წლის წინ იყო „24 საათში“ დაბეჭდილი კიდევ ერთი საგაზეთო წერილი, რომელსაც ხელს რუსული ინტელიგენცია აწერდა და სადაც ეწერა, რომ თურმე თბილისში სმირნოვების მუზეუმი ნადგურდება:

”როგორც კი ამ ორგანიზაციას დაერქვა კავკასიური სახლი, გაიხსნა ფრონტი ჩვენს წინააღმდეგ, პირველ რიგში, რუსეთიდან - ოღონდ ადგილობრივი ემისრების საშუალებით. ასეთი ადამიანები ჩვენ ყველგან აღმოვაჩინეთ - კულტურის სამინისტროსა და, ზოგადად, ხელისუფლებაში და ჩვენთანაც კი - მუზეუმის მცველი ალექსანდრე სვატიკოვი, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, რომ არ ყოფილიყო კავკასიური სახლი”...

კავკასიური სახლი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ შენობაში 1999 წლიდან არსებობს. თუმცა ეს ე.წ. სმირნოვების სახლი, როგორც გელაშვილი განმარტავს, თავის დროზე თბილისელ სომეხს, ვინმე თამამშევს ეკუთვნოდა. მისი ქალიშვილის სმირნოვზე გათხოვების შემდეგ ეს სახლი მას მზითევში მისცეს. მაგრამ ეს მე-19 საუკუნეა. მოგვიანებით ამ სახლში დასახლებული სმირნოვების ბოლო შთამომავალმა, მიხეილ სმირნოვმა, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა, ანდერძით ეს სახლი ამ შენობაში განთავსებულ მთარგმნელობით კოლეგიას დაუტოვა. მოგვიანებით იქ კავკასიური სახლი განთავსდა, რომელმაც ფონდ „ჰორიზონტის“ ნახევარმილიონიანი დაფინანსებით შენობა მთლიანად აღადგინა და მუზეუმში დაცული ექსპონატებიც შემოინახა. ამ მუზეუმის მცველი წლების განმავლობაში, ალექსანდრე სვატიკოვი, ამბობს, რომ სმირნოვებმა ეს შენობა საქართველოს აჩუქეს და არა რომელიმე ორგანიზაციას:

”ჩემთვის დასახლებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და უფრო მტკივნეულია, რა პირობებში ინახება ის ნივთები მუზეუმში და მუშაობს თუ არა ის. მაგრამ ქალბატონმა ნაირამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მუზეუმი არ იყოს. ბოლო წლების განმავლობაში ის ყველა თავის წერილში გაურბის სიტყვა „მუზეუმის“ ხმარებას და მხოლოდ „კავკასიურ სახლს“ ახსენებს”...

ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ არსებობს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ჰორიზონტს“ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თუ კულტურის სამინისტრო აიძულებს კავკასიურ სახლს დატოვოს შენობა, მაშინ მათ უნდა დაუბრუნონ შენობის რესტავრაციაში გადახდილი ნახევარი მილიონი დოლარი. სხვა გზა, - თუ კავკასიურ სახლს, უბრალოდ, შენობის გათავისუფლებას მოსთხოვენ, - გარდა სასამართლოსი, ამბობს გელაშვილი, აღარ დარჩება:

”კავკასიური სახლი ვართ ჩვენ, ცოცხალი ადამიანები, და ჩვენ გვჭირდება ეს შენობა, რომელიც ჩვენ გადავარჩინეთ, ჩვენი რესტავრირებულია, ჩვენი ფულია აქ ჩადებული და ყველანაირი უფლება - მორალურად, იურიდიულად, პოლიტიკურად - ამ შენობაზე გვაქვს ჩვენ. და რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ სურთ საერთაშორისო სკანდალი და სასამართლოები ჰააგაში, კი ბატონო”...

გიორგი ლობჟანიძე კავკასიური სახლის აღმოსავლურ განყოფილებას ხელმძღვანელობს. კავკასიურ სახლში მისული, ის თავის აღმოსავლელ კოლეგებს ესაუბრებოდა ტელეფონით. საუბრის თემა იყო კავკასიური სახლის მოსალოდნელი დახურვა. ამ ზარს კიდევ არაერთი ზარი მოჰყვა. აღმოსავლური მიმართულება კავკასიური სახლის საქმიანობის მხოლოდ ერთი სეგმენტია - მთავარი საქმე აქ სწორედ კავკასიათმცოდნეობის კუთხით კეთდება. გიორგი ამბობს, რომ კავკასიური სახლის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნებიც კი საკმარისია სურათის შესაქმნელად, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ურთიერთობებზე, რომელიც თუნდაც აღმოსავლეთის ქვეყნებთან აქვთ:

”კავკასიური სახლის სახელი იმდენად გახმიანდა ყურანის თარგმანის გამო, რომ სხვა რომც არაფერი გაკეთებულიყო აღმოსავლურ ცენტრში, მარტო ეს თარგმანი ეყოფოდა, რომ კავკასიური სახლი იყოს სიმბოლო თანამედროვე საქართველოს აღმოსავლეთთან ურთიერთობის. მე რომ ირანის პრეზიდენტისგან პრემია მივიღე, იქ მუდმივად ისმოდა - საქართველოდან, კავკასიური სახლიდან, და როცა ორი თუ სამი წლის შემდეგ ჩავედი იქ, აღმოჩნდა, რომ ირანელებმა შექმნეს ირანში კავკასიური სახლი და შენ კი არ გინდა ეს ყველაფერი არსებობდეს, მესამე ძალის ახირების გამო.”

კავკასიურ სახლში ასევე ითხოვენ, რომ გაიხსნას სმირნოვების მუზეუმის დალუქული ოთახები და შიშობენ, რომ მასში არსებული ექსპონატები შესაძლოა დაზიანებული იყოს. მით უმეტეს, რომ, როგორც ნაირა გელაშვილი ამბობს, ხშირად ირთვება სიგნალიზაცია, რაც მათ ეჭვს უჩენს, რომ იქ მღრღნელები გაჩნდნენ.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ხუნწარია ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტლებით კავკასიური სახლის ბაზაზე უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სმირნოვების მუზეუმი. რაც შეეხება „კავკასიურის“ ბედს, ამაზე ხუნწარია ამბობს, რომ მუზეუმსა და კავკასიური სახლის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შესაძლებელია. თუმცა რას შეიძლება გულისხმობდეს ეს შეთანხმება, ჯერჯერობით ნათელი არ არის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG