Accessibility links

logo-print
„იწყება თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებები“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნას სთავაზობს, თუმცა აფხაზები ჯერჯერობით უარზე არიან. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საკითხის აქტუალიზება ეკუთვნის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნების, რომელიც სოხუმში 14 ივლისს რეგიონში ევროკავშირის როლის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების მიზნით ჩავიდა. ის, რომ რკინიგზის საკითხზე აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერებიდან უარი მიიღო, ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, იმითაა განპირობებული, რომ ინიციატივაში ქართული კონტექსტი იკითხებოდა. ”სემნები ამ საკითხზე საუბრისას საქართველოზე იყო ორიენტირებული. უთხრა, მოდით, დავსხდეთ, საქართველოსთან ვილაპარაკოთ რკინიგზის გახსნაზეო. ეს არის ძველი მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა. ფაქტობრივად, აფხაზების ინტერესებს არ ვითვალისწინებთ. მათ კი არ უნდათ მოლაპარაკებების დაწყება რუსეთის გარეშე. სწორედ ამიტომ თქვეს აფხაზებმა უარი”, - აღნიშნავს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ ”რეზონანსის” ფურცლებზე.

”პრესტიჟის მისია” - ამ სათაურით კი გაზეთი ”24 საათი” მკითხველს სთავაზობს სტატიას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ. სტატიაში აღნიშნულია, რომ, საქართველოს გარდა, ამ მანდატის მოქმედება, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვისაც. აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით ”24 საათს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ვასილ ჭყოიძემ:
”ევროკავშირი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თვითონ, როგორც რბილი ძალა, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ხისტი ნატო. სწორედ ამიტომ კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირის პრესტიჟის საქმეც არის.”

„როგორ ჩადის საფოსტო გზავნილები ოკუპირებულ რეგიონებში“ - ამ საკითხზე ”24 საათი” იუწყება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალთან საფოსტო გზავნილები შეწყვეტილია, რაც შეხება აფხაზეთს, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა ცვლა აფხაზეთის მიმართულებით სწორედ ”საქართველოს ფოსტის” მეშვეობით ხორციელდება, თუმცა არსებობს შეზღუდვებიც, ანუ ”საქართველოს ფოსტას“ აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ წერილები ჩააქვს და არა ამანათები. როგორ ხორციელდება საფოსტო კავშირი? - სპეციალური კოორდინაციის სამსახურს წერილები საქართველო-აფხაზეთის საზღვართან ჩააქვს და აფხაზ მესაზღვრეებს გადასცემს. რაც შეხება საამანათო გზავნილებს, როგორც გაზეთ ”24 საათს” ”საქართველოს ფოსტაში” განუმარტეს, ამას კონფლიქტურ რეგიონებში ”რუსეთის ფოსტა” მსოფლიო საფოსტო კონვენციის დარღვევით ახორციელებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეფერენდუმზე გატანის საკითხს ალტერნატივა არ აქვს - ასე გადმოგვცემს ”თეთრი მოძრაობის” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის მოსაზრებას გაზეთი ”ახალი თაობა.” გაზეთის თანახმად, მაშინ როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეფერენდუმის გზით მიღწევის პროცედურის დაწყებაზე პოლიტიკური პარტიები ხანგრძლივად ფიქრობენ, ”თეთრი მოძრაობა” საქმეზე გადავიდა. ”თეთრი მოძრაობა იმპიჩმენტის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის განწყობით და ზოგიერთი მათგანის მონაწილეობით იწყებს შეხვედრა-კონსულტაციებს გავლენიან, საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან”, - ამბობს თემურ შაშიაშვილი გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG