Accessibility links

logo-print
ოსური მედია იუწყება, რომ გუშინ, დილის 5 საათზე, ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინაში შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ამავე სოფლის მცხოვრები მიხეილ ყულუმბეგოვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ყულუმბეგოვი ამბობს, რომ მას სახლში შეუვარდნენ და იარაღის მუქარით ქართული სოფლის, დირბის მიმართულებით გაიტაცეს. მისი თქმით, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მას ეუბნებოდნენ, რომ მძევალი იყო და ცხინვალში დაკავებულ ერთ-ერთ ქართველზე გაცვლას უპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს და იგი უვნებლად გაათავისუფლეს.

როგორც ცხინვალის ტელევიზიის კორესპონდენტმა მადინა ვალიევამ განაცხადა, სოფელში ამ ინციდენტის გადასაღებად ჩასულ გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს ქართული სოფლიდან, რის შედეგად დაზიანდა ვიდეოკამერა. ცხინვალის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გარბის, ისმის ავტომატის სროლის ხმა და ამ დროს ვიდეოკამერა ითიშება. როგორც მადინა ვალიევა ამბობს, მათ ცეცხლი "კობრის" მარკის დაჯავშნული მანქანიდან გაუხსნეს.

გვირგვინაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ოპერატიულად გაავრცელა განცხადება და ქართული მხარე შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. უშიშროების პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი დაემთხვა ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას, სადაც ოსური მხარე თავდაუსხმელობის და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებას მოითხოვს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ასეთი დოკუმენტის მიღებას არ თანხმდება. ოსური უშიშროების წარმომადგენლის განცხადებით, ქართული მხარე ამ ინციდენტის მოწყობით მოლაპარაკების ჩაშლას შეეცადა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ოსურმა მხარემ შეგნებულად გაავრცელა დეზინფორმაცია ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობისას. მისი თქმით, ინციდენტი საერთოდ არ მომხდარა და ყველაფერი გამოგონილია. ჯუღელი ამბობს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მოსაზღვრე სოფლებში ქართული საპატრულო დანაყოფები მინდვრებში მომუშავე კომბაინების დასაცავადაა შეყვანილი, რადგან ოსური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან იყო მცდელობა, ქართველი ფერმერებისთვის კომბაინი წაერთმიათ. პოლიციამ საქმის კურსში ჩააყენა რუსული მხარეც. პოლიციის უფროსის თქმით, ამჟამად ყველა საგუშაგოზე ოსები რუსებმა ჩაანაცვლეს.

როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა საკუთარ თავზე აქვთ აღებული რუსეთის შეიარაღებულ ნაწილებს. შესაბამისად, მათვე ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული სოფლების მოსაზღვრე ოსურ სოფლებში სიმშვიდისთვის. ოსური მხარის მიერ ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი რუსული მხარე დუმილს ამჯობინებს.

ტრადიციულად, ჟენევის მოლაპარაკების დროს კონფლიქტის ზონაში ხდება ხოლმე დაკავებულების გაცვლა ან რაიმე ინციდენტები. ბოლო პერიოდში, ძირითადად, ინციდენტები ხდება. უკვე დიდი ხანია, აღარ იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, სადაც მხარეების სამართალდამცველები ინფორმაციას ცვლიდნენ ხოლმე. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა არაერთხელ მოუწოდეს მხარეებს აღნიშნული შეხვედრების განახლებისკენ, მაგრამ ოსურ მხარეს საკუთარი პირობები აქვს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებამდე არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG