Accessibility links

ჩოჩიევმა ჟენევაში თბილისი, ვაშინგტონი და ევროკავშირი გააკრიტიკა


ჟენევის მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდზე, 27 ივლისს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ”მიუთითეს რიგ სახიფათო პროვოკაციებზე, რომლებსაც ქართული სამართალდამცველი სტრუქტურები ახორციელებენ.” ამ შინაარსის განცხადებას, სააგენტო ”რეს” ინფორმაციებზე დაყრდნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და კავშირგაბმულობის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ქართულ მხარეს განსაკუთრებით სახიფათო დამნაშავეების მფარველობასა და დაკავებული თუ დაკარგული პირების საკითხის იგნორირებაში დასდო ბრალი. ამასთან, ჩოჩიევმა შექმნილი სიტუაციის ”ცალმხრივად და ტენდენციურად” აღწერაში დაადანაშაულა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანს-იორგ ჰაბერი და თქვა, რომ მის მიერ წარდგენილი ანგარიში მხოლოდ საქართველოს მხარის მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის ახალ ხელშეკრულებას, რომლის გაფორმებასაც კრემლი და სეპარატისტული რეჟიმები მოითხოვენ, ჩიჩიევის თქმით, ამგვარი დოკუმენტის შემუშავებას მე-12 რაუნდზე ძველებურად შეუშალეს ხელი საქართველოსა და შეერთებული შტატების დელეგაციებმა. როგორც ცნობილია, თბილისის უცვლელი პოზიციის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება თავისთავად გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და ახალი დოკუმენტის გაფორმება საჭირო აღარ არის. თუმცა, თუკი ასეთი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში, ის უფრო დახვეწილი უნდა იყოს და მას აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი რუსეთმა. ამ პოზიციას იზიარებს ვაშინგტონი და ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს, თბილისში სტუმრობისას.
XS
SM
MD
LG