Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური ფორუმი დაგმეს, ცხოვრებოვის ცემა არ გახსენებიათ...


თემურ ცხოვრებოვი, გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორი
თემურ ცხოვრებოვი, გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორი
გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორის თემურ ცხოვრებოვის ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ კოკოითის ხელისუფლებამ ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. სააგენტო „ოსინფორმის“ ცნობით, ამ შეხვედრაზე ოსურმა მესამე სექტორმა მკაცრად დაგმო ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის საქმიანობა.

შეხვედრის ინიციატორმა, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხებში კოსტა ძუგაევმა განაცხადა, რომ ფორუმის ოსი წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გავიდნენ და ამით კანონი დაარღვიეს.

16 ივლისს ჰოლანდიაში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი ერთობლივი მიმართვა მიიღეს - პოლიტიკოსებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.

ჰოლანდიის ფორუმში შვიდი ოსი ეროვნების ადამიანთან ერთად სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვიც მონაწილეობდა. ფორუმის შეხვედრიდან ცოტა ხანში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა თემურ ცხოვრებოვი და ფორუმის სხვა ოსი მონაწილეები ოსური სახელმწიფოს ინტერესების ღალატში დაადანაშაულა, რასაც ცხოვრებოვის ქუჩაში ცემა მოჰყვა.

ცხოვრებოვის განცხადებით, მას სხვებთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი სცემდა. ცხოვრებოვი ახლა მკურნალობის კურსს ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადის.

ცხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ მრგვალ მაგიდაზე ცხოვრებოვის ცემის ფაქტზე არაფერი თქმულა. იქ მხოლოდ ფორუმის საქმიანობა დაგმეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა დაგმო როგორც ფორუმის საქმიანობა, ისე იმ დეპუტატების მოქმედება, ვინც ცხოვრებოვს ფიზიკურად გაუსწორდა.

ხელისუფლებასთან შეხვედრაზე პროტესტის ნიშნად არ მისულან ფორუმის ოსი წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სარმატ ფარასტაევმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოკოითის რეჟიმის შიშის გამო დაგმო ფორუმის საქმიანობა. ფარასტაევი ყველაზე მეტად ოსი უფლებადამცველის ლირა ცხოვრებოვას ქცევამ გააკვირვა, რომელმაც ერთ დღეს თავდამსხმელი დეპუტატების მოქმედება დაგმო, შეხვედრისას კი ფორუმის საქმიანობას აკრიტიკებდა. ფარასტაევის აზრით, ლირა ცხოვრებოვა, რომელიც სხვა ფორმატში ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებას თავადაც აწარმოებს, შიშის გამო გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს.

სარმატ ფარასტაევის აზრით, კომუნისტური პარტია და მისი ლიდერი სტანისლავ კოჩიევი სხვების ფონზე ყველაზე პროგრესულ პიროვნებად გამოჩნდა, რადგან დეპუტატების კრიტიკას არ მოერიდა და მათი საკითხის განხილვა ეთიკის საპარლამენტო კომისიას დაავალა.

თემურ ცხოვრებოვის მხარდასაჭერი განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის ჟურნალისტებმა გაავრცელეს. მიმართვაში, რომელსაც 12 ჟურნალისტი აწერს ხელს ნათქვამია, რომ ისინი აღშფოთებულნი არიან თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტით და მოითხოვენ - დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.
XS
SM
MD
LG