Accessibility links

logo-print
29 ივლისს, ევროკავშირი და საქართველო გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ. პირველ ეტაპზე იგეგმება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული 18 დასახელების ღვინის გაყალბებისგან დაცვა. ესენია: ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი და სხვა.

”ხელშეკრულება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს. შეთანხმების საშუალებით საქართველო შეძლებს თავისი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში... ეს პროცესი უდაოდ შეუწყობს ხელს იმ რეგიონების განვითარებას, რომელსაც ღვინის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ”, - ნათქვამია ევროგაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გეოგრაფიული სახელწოდებების სისტემა ევროკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა და მიზანმიმართულად უწყობს ხელს სახელწოდებების რეგისტრაციას. დღეისათვის ევროკავშირში დაახლოების 3000 დასახელების პროდუქტია რეგისტრირებული.

შეთანხმების პარაფირების ცერემონიაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 საათისთვის არის დაგეგმილი, საქართველოს წარმოადგენს მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირს - ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.
XS
SM
MD
LG