Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი კარზაი ნატოს მოუწოდებს, იერიშები მიიტანოს ტერორისტების ბაზებზე ავღანეთის საზღვრებს მიღმა


პაკისტანი ითხოვს განმარტებას ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, პაკისტანის შეფასებით, „გაუგებარი“ განცხადების გამო, რომ დასავლეთს უფრო მკაცრი ზომების მიღება ჰმართებს ექსტრემისტების იმ ბაზების წინაღამდეგ, რომლებიც ავღანეთის საზღვრებს მიღმა მდებარეობს. პაკისტანის საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, ისლამაბადმა ქაბულში თავის ელჩს სთხოვოს იმის გარკვევა, თუ რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება. მანამდე ჰამიდ კარზაიმ ნატოს სარდლობას დაქვემდებარებულ მრავალეროვან ჯარებს მოუწოდა, იერიშები განახორციელონ ტერორისტების ბაზებზე ავღანეთის საზღვრებს მიღმა. როგორც კარზაიმ დღეს ქაბულში განაცხადა, ავღანეთს არა აქვს შესაძლებლობა, თვითონ მოაწყოს ასეთი იერიშები, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლიათ ავღანეთის მოკავშირეებს და ახლა, კარზაის თქმით, საკითხავია, რატომ არ აკეთებენ ამას. კარზაის გამოსვლის ფონია ინტერნეტსაიტ WikiLeaks-ის მიერ გასული კვირის მიწურულს გავრცელებული საიდუმლო ინფორმაცია ავღანეთში ომის შესახებ. საქმე ეხება 90 000-ზე მეტ საიდუმლო დოკუმენტს, მათ შორის მასალას, რომელიც თალიბანისადმი პაკისტანის მხარდაჭერაზე მიუთითებს. ჰამიდ კარზაიმ დაგმო ავღანეთში ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. მედიის ამ ქმედებას მან „უკიდურესად უპასუხისმგებლო და შოკისმომგვრელი“ ნაბიჯი უწოდა.
XS
SM
MD
LG