Accessibility links

logo-print
გახდება თუ არა ტურიზმი საქართველოს შემოსავლის მთავარი წყარო - ეს შეკითხა კვლავ აქტუალური რჩება. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დიდ იმედებს ამყარებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას ეკონომიკური ვარდნის სწრაფად დაძლევაში სწორედ ტურისტული ინდუსტრიის განვითარება დაეხმარება.

საგულისხმოა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახალ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებისას ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ტურიზმი, უპირველესად კი - ჩამოსული ტურისტების რაოდენობის გაორმაგება დაასახელა, რაც იაფი ავიაკომპანიების შემოყვანას, ახალი სასტუმროების გახსნას და გზების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ტურიზმის სფეროში ანონსირებულია ერთ-ერთი საპრეზიდენტო პატრონაჟით მიმდინარე ახალი პროექტის შესახებ. კერძოდ, ფარავნის ტბაზე უმაღლესი დონის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი უნდა მოეწყოს. რამდენიმე დღეში ფარავანზე უკვე მშენებლებსაც აიყვანენ. პარალელურად, განახლების სამუშაოები მიმდინარეობს აჭარის მთელ სანაპიროზე, ასევე სვანეთსა და ანაკლიაშიც. მოკლედ, ტურიზმის განსავითარებლად მთავრობა საკმაოდ ბევრი მიმართულებით მუშაობს და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამრავალფეროვნებასაც ცდილობს.

თუმცა, როგორც ჩანს, მარტო ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. როგორც ირკვევა, საქართველოში დასვენება ევროპის ცნობილ კურორტებთან შედარებით, დაახლოებით, 3-ჯერ ძვირი ჯდება. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ 4,5 დღე რჩებიან და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 1500 დოლარზე მეტს ხარჯავენ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ერთი ტურისტი ქვეყანაში დღეში საშუალოდ 337 დოლარს ხარჯავს. თუ შევადარებთ, მივიღებთ, რომ, საქართველოში დასვენების ღირებულება არა მხოლოდ თურქულ, არამედ ევროპულ ფასებსაც მნიშვნელოვნად აღემატება.

მაგალითისთვის, ევროპის პოპულარულ კურორტებზე ტურისტის დანახარჯი დღეში, როგორც წესი, 100-120 ევროს ფარგლებში მერყეობს და გაცილებით მაღალი დონის სერვისსაც გულისხმობს.

ტურისტები საქართველოში სუვენირების მაღალ ფასებსაც უჩივიან, რადგან სამახსოვრო საჩუქრებში მათ ასევე დაახლებით 3-ჯერ მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე სხვაგან.

ასე რომ, საქართველოს ტურისტული მარშრუტების სიმრავლე და შინაარსობრივი მიმზიდველობა აშკარად არასაკმარისი პირობაა, როცა დასვენება ასე ძვირი ჯდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG