Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარწყავი წყალი 75 ლარად


კონფლიქტის ზონის სოფლებს სარწყავი წყლის პრობლემა ნაწილობრივ მოეხსნათ. როგორც ცნობილია, კოკოითის ხელისუფლებამ სარწყავი არხები გადაკეტა და ქართულ მხარეს წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მოსთხოვა. ქართული მხარე ამ პირობას არ თანხმდება, რადგან მიწოდების შემთხვევაში, გაზს რუსული ჯარიც მოიხმარს. ეს პრობლემა ვერც ჟენევის დისკუსიის მე-12 რაუნდზე გადაწყდა. ქართულმა მხარემ კი პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო.

სოფელ ნიქოზში მდინარე ლიახვზე წყალსაცავი აშენდა, რომელსაც მიმდებარე სოფლები სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა, მაგრამ ნიქოზის კაშხალმა გამართული მუშაობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერ დაიწყო. ხან ტექნიკური პრობლემები იყო, ხან სატუმბი სადგური ელექტროენერგიის დავალიანების გამო ვერ მუშაობდა. მოსახლეობას კი გვალვის გამო მოსავალი უხმებოდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია სამჯერ მოაწყო და ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

გორის რაიონის სოფლები სარწყავ წყალს სალთვისისა და ტირიფონის წყალსაცავებიდან იღებდნენ, მაგრამ ცხინვალიდან დაკეტილი არხების გამო ეს საირიგაციო სისტემები გაჩერებულია. გორის და კასპის რაიონის სოფლებში იმდენად მძიმე ვითარება შეიქმნა, რომ ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა ოპერატიული თათბირი მოიწვია. მან გამგებლებს და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება მოსთხოვა.

ნიქოზის კაშხალზე ტექნიკური პრობლემა მოგვარდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგოპროჯორჯიას დავალიანებაც დაიფარა. გორის რაიონის სოფლების მეღვრეკისის, ტყვიავის, ტირძნისის და თერგვისის მოსახლეობამ სარწყავი წყალი მიიღო. საირიგაციო კომპანიის მტკვარი-ემ-ის ხელმძღვანელის დავით მუჯირიშვილის თქმით, მოსახლეობამ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოსარწყავად 75 ლარი უნდა გადაიხადოს.

ადგილობრივი ხელისუფლება ახლა მოლაპარაკებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართავს. გადაწყვეტილია, რომ იმ სოფლებში, რომლებიც სალთვისის საირიგაციო სისტემით ირწყვებოდა, დამატებითი სარწყავი ჭაბურღილები და სატუმბი სადგურები დამონტაჟდება. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს რომ სარწყავი წყლის ტარიფი მაღალია და მის დაწევას მოითხოვს. სოფლის მეურნეობის ექსპერტების თქმით, ომისგან დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება 1 ჰექტარის მოსარწყავად 75 ლარს ვერ გადაიხდის, რაც კიდევ ერთხელ სარწყავი წყლის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
XS
SM
MD
LG