Accessibility links

logo-print

ნაგავსაყრელის ტოქსიკური ეფექტი


გლდანში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც, ეკოლოგების ინფორმაციით, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, უკვე წლებია გლდანის რაიონის 200 ათასზე მეტი მცხოვრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. წესი, რომლის მიხედვითაც გლდანის ნაგავსაყრელი არსებობს, სპეციალისტების განცხადებით, ყველაზე ცუდ საბჭოთა სტანდარტშიც კი არ ჯდებოდა. ახლა კი გადავსებული ნაგავსაყრელი მთელი დღეების განმავლობაში იწვის ან ხრჩოლავს. წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური აირები კი ჰაერში გაიტყორცნება და ადამიანების ჯანმრთელობას და გარემოს საფრთხეს უქმნის, ასეთია სპეციალისტების შეფასება. როდის და რა სტანდარტით დაიხურება ნაგავსაყრელი? როგორია, საერთოდ, ქვეყანაში ნარჩენების მართვის პროცესი?

ეს ბოლო რამდენიმე წელია, 6-7 წელი იქნება, ნაგავსაყრელის გამო საშინელი კვამლი და სუნი დგება ქუჩაში ...
გლდანის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი კვამლის ნისლი ნაგავსაყრელიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც იოლი შესამჩნევია. კვამლს საშინელი სუნი აქვს.

”ეს ბოლო რამდენიმე წელია, 6-7 წელი იქნება, ნაგავსაყრელის გამო საშინელი კვამლი და სუნი დგება ქუჩაში. ზოგჯერ ისეთი საშინელება ხდება ხოლმე, რომ აივანზე ვერ გავა ადამიანი და ეზოში ვერ ჩავა. არ ვიცი რა გვეშველება. ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ ყველანი კიბოთი დავიხოცებით, ალბათ”,- ამბობს გლდანის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები დავით ლეღავა.

სუნი და კვამლი ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების წვის შედეგად გამოიყოფა, ძირითადი განმაპირობებელი კი ორგანული ნარჩენებია, რომლის ლპობის შედეგადაც წარმოიშობა მეთანი, რომლის თვითაალების შედეგად ჩნდება ცეცხლი.

კონსერვატიული პარტიის დედაქალქის საქმეთა მდივანი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ხსნის იმ პროცესს, რომელიც ღია ტიპის ნაგავსაყრელ პოლიგონებზე ნარჩენების ლპობის შედეგად ვითარდება:

”საქართველოში არ არსებობს ნარჩენების განცალკევებული შეგროვების სისტემა. შესაბამისად, ყველა ნარჩენი ერთად იყრება და, მათ შორის, სახიფათო ნარჩენებიც ხშირად ხვდება გლდანის ნაგავსაყრელზე. ამ შემთხვევაში აალებას იწვევს ორგანული ნარჩენები, საკვები ნარჩენები, რომლის ლპობის შედეგად გამოიყოფა მეთანი. მეთანის თვითაალება ხდება, შემდეგ უკვე ცეცხლში იწვის ყველა ტიპის ნარჩენი და განსაკუთრებით საშიშია პოლიმერული ნარჩენების წვის პროდუქტები. საუბარია პლასტმასზე, პლასტმასის ბოთლებზე, პოლიეთილენის პარკებზე და ეს ყველაფერი გამოიფრქვევა ჰაერში და ამ ყველაფერს სუნთქავს თბილისის მოსახლეობა. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მავნე ზეგავლენა ამ წვის პროდუქტებისა გლდანში ძალიან მაღალია.”

მეთანმა შეიძლება მოკლას ადამიანი. ამ შემთხვევაში კი ამ აირების გამოყოფა ხდება ღია სივრცეში ...
იმ მავნე ზეგავლენაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელიდან წამოსულ კვამლს აქვს, ”საქართვლოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარე, ეკოლოგი ნინო ჩხობაძე საუბრობს:

”თქვენ იფიქრეთ, მეთანი, რომელიც არის გაზი ჩევულებრივი, ასევე პროპანიო, ბუტანი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორც საწვავს, რა შეუძლია მათ? მეთანმა შეიძლება მოკლას ადამიანი. ამ შემთხვევაში კი ამ აირების გამოყოფა ხდება ღია სივრცეში, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს ძალიან ბევრი დაავადება, მაგალითად, სისხლის დაავადებები.”

კითხვით, მართლაც აქვს თუ არა ისეთი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელიდან წამოსულ კვამლს, როგორზეც ეკოლოგები საუბრობენ, რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს მიმართა. ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ კვამლზე გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ავტომანქანების გამონაბოლქვს და სიგარეტის კვამლს. იმისთავის, რომ ეკოლოგების მონაცემები გადაგვემოწმებინა, ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა სტატისტიკა, რომელიც თბილისის მასშტაბით ავადობების მაჩვენებელს სწავლობს. ამ მონაცემების შესახებ პაატა იმნაძე ამბობს:

”2007 წელს თბილისში იყო სულ 6 418 სიმსივნით დაავადებული, 2008 წელს იყო 6 341, ანუ დაახლოებთ ერთ დონეზეა. რაც შეეხება გლდანის რაიონს, 327 ავადმყოფი იყო რეგისტრირებული 2007 წელს და 2008-ში -278 ავადმყოფი. ასე რომ, სიმსივნური დაავადებების დაკავშირება ამ თემასთან ასე, 2-3 წლის სტატისტიკით, ძალიან ძნელია.”

გლდანის ნაგავსაყრელი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მონაცემებით, ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე 600-700 ტონა ნაგავი იყრება. შემდეგ ის იტკეპნება და მიწის ფენით იფარება. თუმცა, სამსახურის უფროსის ნიკა ტოგონიძის სიტყვებით, ”კოშმარი გლდანში” მალე დასრულდება. მიმდინარე წლის ბოლომდე გათვალისწინებულია ნაგავსაყრელის კონსერვაცია, რომელიც, მისი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტებით მოხდება. პროექტი 4 მილიონ ლარადაა შეფასებული და ის ფურცელზე უკვე არსებობს. კონსერვაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც. რას გულისხმობს კონსერვაცია, ნიკა ტოგონიძე განმარტავს:

”კონსერვაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე არ მოხდება, ამას ითვალისწინებს პროექტი. წვრილმანებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ კონსერვაცია არ გულისხმობს მხოლოდ მიწის ფენის მიყრას და, უბრალოდ, ვალის მოხდას, რომ ნაგავსაყრელი დაიხურა და გლდანის მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. ყველაფერი განხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. პროექტი გვიდევს. მისი განხორციელება იმ უბრალო მიზეზის გამო არ დაგვიწყია, რომ ახალ პოლიგონზე ჯერ არ გადავსულვართ.”

კონსერვაცია, ეკოლოგების განმარტებით, ნიშნავს სპეციალური ე.წ სარკოფაგის, ანუ სპეციალური წყალგაუმტარი და ჰაერგაუმტარი საინჟინრო კონსტრუქციის შექმნას.

საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი, სპეციალისტების შეფასებით, არასწორად მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა, მათი აზრით, ის არის, რომ არ ხდება ნარჩენების გადარჩევა, ანუ სეპარაცია. მიუხედავად იმისა, რომ მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურმა რადიო თავისუფლებას უჩვენა თბილისში არსებული ნაგვის პროცენტული შემადგენლობა, ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს ეჭვი ეპარება მის სარწმუნობაში. მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ გადარჩევა არ ხორციელდება.

ამ თემას პრობლემურად განიხილავს კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილიც. მისი აზრით, ნარჩენების სეპარაციის საშუალება მოქალაქეებსაც უნდა მიეცეთ და პლუს ნაგავსაყრელებზე სპეციალური ტექნიკაც უნდა არჩევდეს. მისი განმარტებით, ასეთი გზით გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა შემცირდებოდა და, ამასთან, მეორადი წარმოების საშუალებაც გაჩნდებოდა.

მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკა ტოგონიძე ამ საკითხის პასუხად ამბობს, რომ ახალ ნაგავსაყრელზე, რომელიც ახლა მშენებლობის სტადიაშია, გათვალისწინებული იქნება ნარჩენების გადარჩევის თემაც. თუმცა სპეციალური ქარხანა იმუშავებს თუ, უბრალოდ, გადამრჩევი ტექნიკა, ჯერ ცნობილი არ არის.

ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის გარდა, სპეციალისტები კიდევ ერთ თემაზე საუბრობენ და ამ კუთხით შესაძლო კორუფციულ მანიპულაციებს უსვამენ ხაზს. ეს უკავშირდება ნარჩენების აწონას. თუ არ არის ცნობილი ნარჩენების ზუსტი წონა, დარჩება ადგილი მანიპულაციისთვის, რადგან დასუფთავების ბიუჯეტი ნარჩენების მასის მიხედვითაც გამოიყოფა, ამტკიცებენ ეკოლოგები.

ჩვენ დავინტერესდით იწონება თუ არა ნაგავსაყრელზე შეტანილი ნარჩენები. როცა გლდანის ნაგავსაყრელზე მივედით, დაგვხვდა ადამიანი, რომელმაც თავი დისპეტჩერად გაგვაცნო. ის ნაგავსაყრელზე ჩვენი შეშვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო:

” მე დისპეტჩერი ვარ, შესვლა არ შეიძლება, გადადით გადაღმა! ”

როდესაც აწონის პროცესის ჩვენება ვთხოვეთ, გაბრაზებულმა იქვე მდგარი ჯიხურის კარი მოგვიჯახუნა, ნაგავმზიდი მანქანის მძღოლმა კი ამასობაში საბუთი აიღო, რომელზეც მის მიერ მიტანილი ნაგვის წონა იყო ნაჩვენები. რამდენად რეალური იყო წონა, ჩვენ ვეღარ გადავამოწმეთ, რადგან სასწორის ცოფერბლატი, ალბათ, კაბინაში იყო, გარედან კი მხოლოდ ჯიხურიდან გამოწვდილი ხელი ჩანდა, რომელმაც ფურცელი ნაგავმზიდის მძღოლს გადასცა.

ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ თემატიკას რადიო თავისუფლება კიდევ მიუბრუნდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG