Accessibility links

logo-print

რუსეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა


რუსეთში უჩვეულო სიცხით გამოწვეული ხანძრების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანს კი სახლ-კარის მიტოვება მოუხდა. დაღუპულებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, სამი მეხანძრეა. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ჯარისკაცების გაგზავნა დაზარალებულ ცენტრალურ რუსეთში ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობის მისაღებად. ამჟამად ხანძრები, როგორც იუწყებიან, 866 კვადრატულ კილომეტრზე უფრო ფართო ტერიტორიაზეა მოდებული, რაც, მაგალითად, ბერლინის ტერიტორიას შეესაბამება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს ცენტრალურ ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში ჩაფრინდა, ადილობრივ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. პუტინმა მოინახულა სოფელი ვერხნაია ვერეა, რომელიც მთლიანად გადამწვარია და მის 500-ვე მკვიდრს ახალი სახლების აშენებას დაჰპირდა. ამავე დროს, პუტინმა განაცხადა, რომ სოფლის ყოველი მკვიდრი მიიღებს კომპენსაციას - 6 600 დოლარზე მეტს.
ხუთშაბათს რუსეთის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია იქ ტემპერატურის გაზომვის 130-წლიან ისტორიაში.
XS
SM
MD
LG