Accessibility links

logo-print

გადადგა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხში

  • ნიკო ნერგაძე

ელა პამფილოვა

ელა პამფილოვა

დღეს საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი გადადგომა ოფიციალური პირების მხრიდან მზარდმა ზეწოლამ განაპირობა.

ელა პამფილოვამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა ადამანის უფლებათა საკითხებში, გადადგომის შესახებ 30 ივლისს გამოაცხადა. მიზეზებზე მას არ ულაპარაკია, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ბოლო დროს მასზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა ძლიერდებოდა.

თავად პამფილოვამ კი საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს უთხრა - ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც უცებ არ მიმიღია და არავინ არაფერს მაიძულებდაო.

ადამიანის უფლებათა დამცველები პამფილოვას აქებენ და იმედიც კი გამოთქვეს, რომ მედვედევი მის განცხადებას არ დააკმაყოფილებდა.

უფლებათა დამცველი ჯგუფის - „მემორიალის“ - წარმომადგენელი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ პამფილოვას გადადგომით რუსეთში ადამიანის უფლებები დაზარალდება.

ეს არის სიგნალი სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რომ ვითარება მისთვის გაუარესდება.

რუსეთში ხელისუფლების კრიტიკა იშვიათია, თუმცა პამფილოვა დროდადრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა არჩევნების სამართლიანობასთან, სასამართლოს თავისუფლების ნაკლებობასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. წლის დასაწყისში მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადამიანის უფლებებს დიდ ზიანს აყენებდა დემოკრატიული ინსტიტუტების განუვითარებლობა. „ეს მთავარი პრობლემაა“, - თქვა მან მაშინ და დაამატა: „კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი მაღალი დონის კორუფციაა ცხოვრების ყველა სფეროშიო.“

დღეს კი პამფილოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გააგრძელებდა ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად. „ჩემი გადადგომაც ამ ბრძოლის ნაწილიაო“, - თქვა მან.

„მემორიალის“ წარმომადგენელი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ მთავრობის ავტორიტარული ბუნება განაპირობებდა იმას, რომ პამფილოვას საბჭო მხოლოდ ნაწილობრივ იყო ეფექტიანი. მისი თქმით, საბჭო მოულოდნელად გადაიქცა მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდად სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის.

მიუხედავად ამისა, პამფილოვას ხშირად აკრიტიკებდნენ ოფიციალური პირები და კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციები, მათ შორის, გავლენიანი ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაში“. ორლოვი ამბობს, რომ პამფილოვას გადადგომა ნიშნავს იმას, რომ ზეწოლა წარმატებული აღმოჩნდა.

ის არღვევდა ამ წესებს, ის აკეთებდა საჯარო, ზოგჯერ მკვეთრ განცხადებებს და აკრიტიკებდა კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციებსა და ძალებს, როდესაც ისინი ადამიანის უფლებებს არღვევდნენ.

კვირის დასაწყისში პამფილოვამ დაგმო საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი, სადაც გამოფენა მოაწყვეს, რომელზეც ნაჩვენები იყო რუსი უფლებადამცველების სარზე წამოცმული თავების გამოსახულება. თან ამ თავებს ნაცისტური მუზარადები ეხურათ. ეს ბანაკი თავად მედვედევმა მოინახულა.

როდესაც მედვედევი ხელისუფლებაში მოვიდა, 2008 წელს, მან კანონის უზენაესობის გაძლიერების პირობა დადო. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ პიროვნების თავისუფლებები მას შემდეგ კიდევ უფრო შეიზღუდა. 29 ივლისს, მაგალითად, მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უფლებებს უზრდის ფედერალური უშიშროების სამსახურს და, კრიტიკოსების აზრით, სიტვყისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

პამფილოვა საბჭოს ხელმძღვანელად 2002 წელს დაინიშნა. მანამდე ის პარლამენტარი გახლდათ. 90-იან წლებში ბორის ელცინის მთავრობაში ის სოციალური დაცვის მინისტრი იყო, 200 წელს კი გახდა პირველი რუსი ქალი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.

პამფილოვამ ინტერფაქსს უთხრა, რომ აპირებდა მოღვაწეობის სფერო შეეცვალა და ჩამოშორებოდა პოლიტიკას და საჯარო სამსახურს. თავის შემცვლელად მან უფლებადამცველი ალექსანდრ აუზანი დაასახელა.
XS
SM
MD
LG