Accessibility links

logo-print

„ომის აპოთეოზი“ ისტორიის მუზეუმში


ვიქტორია ივლევა, რუსი ფოტოჟურნალისტი

ვიქტორია ივლევა, რუსი ფოტოჟურნალისტი

ქალთა ორგანიზაციების ინიციატივით თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „ომის აპოთეოზი“, რომელიც რუსი ფოტოჟურნალისტის, ვიქტორია ივლევას, ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ივლევა არა მარტო ფოტოკორესპონდენტი, არამედ ადამიანის უფლებათა დამცველია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სურათების დათვალიერებისას მნიშვნელოვანია ამ ქალბატონის ბიოგრაფიის ცოდნაც.

“სურათებს იმიტომ ვიღებ, რომ მჯერა – რაღაცას შევცვლი ამ სამყაროში“, – აღნიშნა ერთხელ „ნოვაია გაზეტას“ ფოტოკორესპონდენტმა ვიქტორია ივლევამ. იგი პირველი ფოტოგრაფია, რომელმაც 80-იანი წლების მიწურულს ჩერნობილის ატომური სადგურის გადაღება შეძლო – შეაღწია დახურულ ზონაში და ფირზე აღბეჭდა ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობდნენ... მოგვიანებით კი ასე შეაფასა თავისი საქციელი:

“მე მართლა არაფერი შემემთხვა, მაგრამ ადამიანები, ჩემი ჩერნობილელი მეგობრები კი სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ, რათა გაეგოთ ავარიის მიზეზები. ამას აკეთებდნენ მაშინ, როცა რუსი და იაპონელი რობოტებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ ემოძრავათ ამ სივრცეში. ხალხი დოზიმეტრებით მუშაობდა. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი.“

ვიქტორია ივლევასთვის ფოტოგრაფია სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის იარაღია, ისევე როგორც თუნდაც უზბეკ ფოტოგრაფ უმიდა ახმედოვასთვის, რომელიც უზბეკეთის პოლიციამ დააპატიმრა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლის გადაღება სცადა... ივლევა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ამ ფაქტს – თავის კოლეგებთან ერთად მოაწყო აქცია მოსკოვში, უზბეკეთის საელჩოსთან, ლოზუნგით „მხატვარი თავისუფალი უნდა იყოს“.

ვიქტორია ივლევა იყო ყველგან, სადაც ადამიანებს დაცვა სჭირდებოდათ – ყარაბახში 80-იანი წლების ბოლოს, 1989 წლის აპრილში თბილისში, რუანდაში 2004 წელს... როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია „ომის აპოთეოზი“, რომელიც ომებისა და სამოქალაქო კონფლიქტების მსხვერპლს მიუძღვნა. ექსპოზიცია, რომელიც კვირის ბოლომდე იქნება გახსნილი „ქარვასლაში“, მოიცავს 42 ფოტოს. ექსპოზიცია ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

2007 წელს ვიქტორია ივლევა გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ცხოვრებას. ივლევა არა მარტო იმ სტერეოტიპებს წარმოგვიდგენს, რომლისგანაც ვერ თავისუფლდება ყოფილი საბჭოთა სივრცე, არამედ ცდილობს ადამიანებს შორის დანგრეული ხიდების აღდგენასაც. შესაძლებელია სწორედ ამიტომაც მიიჩნიეს ქალთა უფლებების დამცველებმა ეს ფოტოგამოფენა რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგის ლოგიკურ გაგრძელებად - დიალოგისა, რომელიც დაიწყო 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და რომლის შედეგადაც შეიქმნა “საქართველოს და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი".
XS
SM
MD
LG