Accessibility links

logo-print

„სერგეი მაგნიტსკის ცხოვრებისა და სიკვდილის საათი და თვრამეტი წუთი“


მიხაილ უგაროვი, რეჟისორი

მიხაილ უგაროვი, რეჟისორი

თეატრი ხშირად მიმართავს თემებს, რომლებიც საზოგადოებას, როგორც იტყვიან, „აწუხებს“. სად გადის ზღვარი წმინდა ხელოვნებას, თავისუფალ ინსპირაციასა და სოციალურად აქტუალურის სცენაზე ატანას შორის, ძნელი სათქმელია. რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი თეატრი კიდევ უფრო მიუახლოვდა რეალობას და რეკონსტრუქცია გაუკეთა მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში დაღუპული ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, ცხოვრებასა და სიკვდილს.

თეატრის სცენა სამყაროა და ადამიანები კი იქ იმისთვის მიდიან, რომ განსაჯონ, ამბობს ამ დადგმის რეჟისორი, მიხაილ უგაროვი. მისი წარმოდგენა გარდაცვლილი ადვოკატის დღიურებს ეფუძნება. სერგეი მაგნიტსკიმ ციხეში დალია სული შარშან ოქტომბერში მას მერე, რაც ერთი წელი სასამართლოს ელოდა. ის თავის თავს არც კი თვლიდა პატიმრად. მე მძევალი ვარო, ასე აფასებდა თავის მდგომარეობას მაგნიტსკი. წარმოდგენას, რომელიც „ტეატრ დოკ“-ში დაიდგა, ჰქვია „საათი და თვრამეტი წუთი“. ორი თვის განმავლობაში ამ წარმოდგენაზე ბილეთები მთლიანად იყო გაყიდული. მისი ავტორების მიერ დადგმა ჩაფიქრებული იყო, როგორც საზოგადოებრივი სასამართლო პროცესი, ხელისუფლების მიერ ჩასატარებელი გამოძიების შემცვლელი. სცენაზე მოქმედებენ მოსამართლეები და ექიმები, რომლებიც მაგნიტსკის ცხოვრების ბოლო პერიოდს შეესწრნენ და აკვირდებოდნენ და არ იზიარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. ერთ-ერთ სცენაში, მოსამართლე ალექსეი კრივორუჩკო, რომელმაც ორჯერ გაუგრძელა მაგნიტსკის საპატიმროში ყოფნის ვადა, - მის როლს თამაშობს ალექსეი ჟირიაკოვი, - კითხულობს ჩანაწერს და არ ეთანხმება საპატიმროს დაღუპულისეულ აღწერას.

„ეს დაცინვაა. ტუალეტი ყველა საკანში მხოლოდ ხვრელია იატაკზე. ბაკნები ისეთი ჭუჭყიანია, რომ შეხედვაც შეგეზიზღება, და არ გვაძლევენ საწმენდ ჯაგრისებს. გესმით, ხუთი მილიარდი აქვს და ტუალეტში მოსაქმება არ სიამოვნებს. დაცინვაა. ტუალეტი და საკანი გამოყოფილი არ არის. იძულებული ვართ ზეწრები დავკიდოთ. მერე მათი ხმარება შეუძლებელია. და მე კი ვიცი, რომ მათ იქ არავინ იყენებს. არ არის ეს დაცინვა? ბუნებრივია, ამ დამცინავ საჩივარს მე პროპორციულად ვუპასუხე.“

სპექტაკლის დამდგმელმა, მიხაილ უგაროვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გულწრფელად არ სჯეროდა, ასეთი წარმატება თუ მოელოდა მის დადგმას:

„დიახ, ყოველი წარმოდგენის შემდეგ განხილვა ხდება ხოლმე. მაყურებელი რჩება და მსჯელობს იმაზე, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა გავაკეთოთ და, რაც მთავარია, იმაზე, რომ ეს მოხდა იმ საზოგადოებრივი აზრის არარსებობის გამო, რომელიც შეძლებდა ამას წინ აღდგომოდა. ეს სპექტაკლი კი, მართალია, მცირე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრია. წარმოდგენის შესახებ იცის ხელისუფლებამ, პროკურატურამ, იციან სასამართლოებმა და მათ ეს ძალიან არ მოსწონთ, მაგრამ რა ქნან?“

მოსკოვის და, საერთოდ, რუსეთი პრესა სპექტაკლზე ბევრს წერს, წარმოდგენას დაესწრო თვით საპატიმროების ზედამხედველობის საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე, ვალერი ბორშევი. რეჟისორმაც თქვა, რომ ყოველ საღამოს მაყურებელი და მსახიობები რჩებიან და მიმდინარეობს განხილვა ნანახისა. დადგმას „სოციალურ პროექტს“ უწოდებენ. ერთ-ერთი მაყურებელი თვლის, რომ „საათი და თვრამეტი წუთი“ არა პოლიტიკური, არამედ ადამიანური დრამაა:

„ მინდა ვთქვა, რომ ეს, უბრალოდ, სპექტაკლი არ არის. ის არ არის პოლიტიკაზე, ის უფრო ადამიანურობაზეა. და რეჟისორების და მსახიობების, ადამიანურობის მხრივ, სარგებელი არა ისაა, რომ მაგნიტსკის ეხება, არამედ ის, თუ რამდენად დაუცველია ადამიანი, საერთოდ.“

რეჟისორს ჩვენმა კორესპონდენტმა ჰკითხა სპექტაკლის პოპულარობის შესახებ. უგაროვის თქმით, მოსკოვის ხელისუფლება დუმს, რადგან ახლა სხვა გზა არა აქვს, მყუდროების ყოველგვარი დარღვევა და ხმაური არ არის მათ ინტერესებში.
ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, დოკუმენტური თეატრის ჟანრი რუსეთში არაა გავრცელებული. ეს, ფაქტობრივად, ამ კატეგორიის მეორე დადგმაა. პირველი ეკუთვნის ამავე „ტეატრ დოკს“ და მისი სახელწოდებაა „სენტიაბრ დოკი“, რომელიც 2004 წელს რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში, სკოლაზე თავდასხმას შეეხებოდა. ამ თავდასხმისას 330 ადამიანი, უმეტესად, ბავშვები დაიხოცნენ. „სენტიაბრ დოკი“ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ჩანაწერებსა და „ჩეტრუმებში“ ნალაპარაკევს ეფუძნებოდა.

ციხეში ყოფნისას სერგეი მაგნიტსკის ასობით წერილი მისდიოდა. მის მიმართ წაყენებული ბრალდება ეხებოდა ბეგარის გადაუხდელობის საქმეში ხელშეწყობას. მისი და არა მარტო მისი შეფასებით, ეს იყო სრულიად უსაფუძვლო ბრალდება. ერთი ვერსიით, ის ეფუძნებოდა მის ჩვენებას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებმაც, მაგნიტსკის თანახმად, მთავრობის სალაროდან ძალიან დიდი თანხა მიითვისეს. მას დაკითხვებს უწყობდნენ და სთხოვდნენ თავი დამნაშავედ ეღიარებინა, რაზეც უარი თქვა. ამას კი ის მოჰყვა, რომ ერთ დღეს მას მუცლის არეში მძიმე ტკივილი ჰქონდა და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ასე, ხელბორკილებით, მარტო, თავის საკანში გარდაიცვალა მაგნიტსკი ექიმის მოთხოვნიდან ერთ საათსა და თვრამეტ წუთში, რაც იქცა თეატრალური დრამის სახელწოდებად. წარმოდგენაში მსახიობი ბორის ხლებნიკოვი კითხულობს მაგნიტსკის საბოლოო სიტყვას:

„მომისმინეთ, დავიღალე თხოვნით. გაიგეთ, სხვა არაფერი მინდა, პური და წამალი მომეცით. საშინელი ტკივილი მაქვს, მართლა ძალიან უსიამოვნო. ჭიქა მინდა წამლის დასალევად. მერე რა, რომ მოსამართლე ვარ. გაიგეთ, მოსამართლესაც ეკუთვნის ცხელი საკვები. ადამიანის მიმართ ასე მოქცევა არ შეიძლება. კარგი, გადავიხდი, ვიცი, რამდენია საჭირო, ოღონდ წყალი მომეცით. და ჭიქა? რით დავლიო? ჭიქა არ არის? პლასტმასისაც არ გაქვთ? კიდევ გადაგიხდიდით, მაგრამ აღარა მაქვს ფული, სულ დამეხარჯა. საათს მოგცემდით, მაგრამ შემხსნეს. აღარაფერი მაქვს.“

რეჟისორ უგაროვს ბევრს აკრიტიკებენ: თეატრის სცენაზე ასე პირდაპირ ცხოვრებიდან აღებული თემები არ უნდა ადიოდესო. ის კი სხვაგვარად ფიქრობს:

„ჩვენთან ხომ ითვლება, რომ თეატრი ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს. ასე თეატრში მომუშავეები მიიჩნევენ. ჩვენ კი სხვაგვარად ვფიქრობთ და ეს ახალი მიმართულებაა. ის ჯერ არაა ცნობილი. რთული სამუშაოა, მაგრამ საინტერესო.“

უგაროვი მოელის, რომ მისი სპექტაკლის წარმატება არა მარტო თეატრისთვის არის შესანიშნავი მოვლენა, მას საზოგადოებასაც ბევრი შეუძლია მისცეს იმ მხრივ, რომ ხალხმა დაიწყოს მსჯელობა რუსეთში არსებულ პრობლემებზე. მაყურებელი, ჩანს, უგაროვს ეთანხმება. ბევრმა აღნიშნა, რომ მაგნიტსკი იქცა პოლიტიკური დისიდენტობის სიმბოლოდ და რომ ასეთი წარმოდგენები საზოგადოებას არწმუნებს, რომ ასეთი ტრაგიკული ამბები არ უნდა იქნეს დავიწყებული. ერთ-ერთი მაყურებელი ამბობს:

„სპექტაკლი იმიტომ ვნახე, რომ თავს დისიდენტად მივიჩნევ. პოლიტიკით ვარ დაინტერესებული და მაგნიტსკის საქმე მძაფრია. გასაგებია, არაა აუცილებელი ნახვა, მაგრამ საჭიროა, რომ მაგნიტსკის სიკვდილი შეიგრძნო. ეს არ ეხება ას თუ ორას ადამიანს. ჩვენი ცხოვრება მშვიდად მიედინება და მიდრეკილნი ვართ, დავივიწყოთ. არადა, ასეთი რამ არ შეიძლება დავივიწყოთ.“

რეჟისორ უგაროვის თქმით, თუკი სპექტაკლს პეტერბურგშიც წარადგენენ, დარბაზი იქაც გაივსება და საინტერესო მსჯელობაც შედგება.
XS
SM
MD
LG