Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009

Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009

გასული კვირის საზღვარგარეთის პრესა განსაკუთრებით ბევრს წერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრზე და ფოტოზე, რომელზეც ის მაგიდაზე ცეკვავს. პუბლიკაციებს ამასთან დაკავშირებით აქვეყნებდა უცხოეთის წამყვანი ბეჭდური მედია - მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და ასევე ელექტრონული მედია, როგორიცაა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოგი - „ჰაფინგტონ პოსტი“. თუმცა ჩვენ ჯერ კანადური „ვანკუვერ სანი“ უნდა ვახსენოთ, რომელმაც 28 ივლისს ფოტოსთან დაკავშირებულ განხილვას „საერთაშორისო მედია ფურორი“ უწოდა და სკანდალი გაამწვავა ვერა ქობალიას სამუშაო გამოცდილების ეჭვქვეშ დაყენებით. ქართულ სამთავრობო საიტზე მის ბიოგრაფიაში ნახსენებია, რომ ვერა ქობალია ვანკუვერში, „გლობალ ტივის“ პროდიუსერად მუშაობდა. „ვანკუვერ სანი“ წერს, ამ ტელევიზიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ არა აქვს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ქობალიას იქ მუშაობას დაადასტურებდაო.

თუმცა პუბლიკაციების უდიდესი ნაწილი მაინც იმას განიხილავდა, თუ სად არის გადაღებული ფოტო, რომელზეც ვერა ქობალია, მისი და და მეგობრები მაგიდაზე ცეკვავენ - ვანკუვერის სტრიპკლუბში, როგორც ამას ქართული მედია აშუქებდა, თუ ფლორიდაში, დასვენების დროს, როგორც ამას თავად ეკონომიკის მინისტრი ამბობს.

ამას განიხილავს, მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომლის ვებსაიტზეც ავტორი წერს, ინტერნეტში მოპოვებული სხვა ფოტოები ქობალიას ვერსიას ამყარებს - როგორც ჩანს, იმავე დღეს გადაღებულ სხვა ფოტოებში მეგობრები ფლორიდის ერთ-ერთი სასტუმროს წინ დგანანო.

ფოტოსთან დაკავშირებულ აურზაურს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში განიხილავს ბრიტანული „გარდიანი“. გაზეთის კორესპონდენტი მოსკოვში წერს: რუსეთში არად ჩააგდეს, რომ ფოტოზე ქობალია ჩაცმულია, არანაირი კვალი არ ჩანს იმისა, რომ სტრიპტიზში იღებდა მონაწილეობას ან რომ საერთოდ ფოტო სტრიპკლუბშია გადაღებული და კრიტიკის შკვალში გაატარეს პრეზიდენტი სააკაშვილი მინისტრად სტრიპერების დანიშვნისათვისო. „გარდიანი“ წერს, განსაკუთრებით რუსული ყვითელი პრესა აქტიურობდა, რომლის დიდმა ნაწილმაც ფოტო პირველივე გვერდზე მყვირალა სათაურების თანხლებით გამოაქვეყნაო.

გავლენიანი ყოველკვირეული კანადური ჟურნალი „მაკლინზი“ კი, პირიქით, საქართველოში აგორებულ ანტირუსულ კამპანიაზე წერს. ჟურნალი მკითხველს აუწყებს, ამ სასწავლო წელს ქართველი მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოს მიიღებენ, რომელიც რუსეთის ოკუპაციის 200 წელს აღწერს. ეს კი მხოლოდ ერთი მაგალითია სააკაშვილის ანტირუსული კამპანიისა, რომელიც მან 2004 წლიდან, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დაიწყოო. „როგორც ჩანს, ის გეგმავს, რომ საქართველო ყველაფერი რუსულისგან ან საბჭოთასგან განწმინდოს“, - წერს კანადური ჟურნალი და საქართველოს ანტირუსული კამპანიის მაგალითად მოჰყავს გორში საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის, ძეგლის აღება. გამოცემა სვამს შეკითხვას, მოუტანა თუ არა ამ კამპანიამ რამე კარგი საქართველოს. პასუხად კი რუსეთ-საქართველოს ომის დეტალები მოჰყავს და ჰაიდი ტალიავინის სიტყვები - ყველა დამარცხდაო.

კიდევ ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ, ამჯერად „ნიუსვიკიდან“, რომელიც პირდაპირ საქართველოს არ ეხება, მაგრამ ნახსენებია. „ნიუსვიკი“ წერს ლობისტების გავლენაზე ვაშინგტონში, კერძოდ კი, ავტორიტარული სახელმწიფოების ლობისტებზე, რომლებიც ზოგჯერ ახერხებენ მთლიანად შეცვალონ დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. ავტორი წერს, ეკვატორული გვინეის ხელისუფალს ამერიკაში ავტორიტარის იმიჯი ჰქონდა, წლების მუშაობის შემდეგ კი მას ლობისტებმა ამერიკის მეგობრის იმიჯი შეუქმნეს და გასულ წელს ობამასთან ერთად ფოტოც კი გადააღებინესო. „ნიუსვიკი“ წერს, ხშირ შემთხვევაში ლობისტები არად აგდებენ ინტერესთა კონფლიქტსაცო. სწორედ ამის მაგალითად მოყვანილი ერთი ფაქტი ეხება საქართველოს. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჯონ მაკკეინის უფროსი მრჩეველი საგარეო საქმეებში იყო რენდი შოინემანი, რომელიც პარალელურად საქართველოს მთავრობის მრჩეველიც იყო და ამაში ფულს იღებდაო. საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მაკკეინს აქვს რეპუტაცია, რომ ადამიანის უფლებების წამყვანი მცველია, შოინემანმა კი თავიდან აირიდა შეკითხვება, რომლებიც იმას ეხებოდა, მოახდინა თუ არა მისმა ლობიმ გავლენა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სენატორზეო, - წერს „ნიუსვიკი“.
XS
SM
MD
LG