Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 ივლისი 2010


”ახალი სკანდალი ვერა ქობალიას გარშემო”, ანუ გააყალბა თუ არა მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიოგრაფია, CV. სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს, ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულია კანადური გამოცემა ” The Vancouver Sun”-ის გვერდებზე ჟურნალისტ კატია ჰოლუვეის მიერ მომზადებული პუბლიკაცია. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფიის ის მონაკვეთი გააყალბა, რომელშიც მის ”GLOBAL TV”-ის პროდიუსერად მუშაობის შესახებაა მინიშნებული. კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალია აღნიშნული ტელეკომპანიის პროდიუსერი არასოდეს ყოფილა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული პირები ცდილობენ დეზინფორმაციითა და ჭორების გავრცელებით მასაც და სხვა თანამდებობის პირებსაც მუშაობაში ხელი შეუშალონ.

ვერა ქობალიას შესახებ სტატიას დღეს გაზეთი ” ახალი თაობაც” აქვეყნებს. მაგრამ ვიდრე ამ სტატიას გაგაცნობდეთ, კიდევ ერთი პუბლიკაცია ”რეზონანსიდან”. ”ოპოზიცია საარჩევნო კოდექსისათვის საბრძოლველად ერთიანდება” - ამ სათაურით გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს კონსერვატორ კახა კუკავასთან. 7 ქართული ოპოზიციური პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვას იწყებს. პარტიები მიიჩნევენ, რომ გარდა ქართული საზოგადოების აქტიურობისა, მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც. თუმცა ამავე ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ კონსერვატორთა მოსაზრებით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც შეუძლიათ საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დისკუსიასა და მოლაპარაკებების წარმართვას შეუწყონ ხელი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არ იგულისხმება. NDI, ამბობს კახა კუკავა, ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. როდესაც ერთი მხარე ნიშნავს შუამავალს, ეს მიუღებელია, ასკვნის იგი.

ახლა კი ”ახალი თაობა” და სტატია, სათაურით ” მთავრობაში განხეთქილებას ვერა ქობალია შეიტანს”. ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს ჩამოართვა, საუბარია იმაზე, რომ მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი მთავრობაში იმ კატალიზატორის როლს შეასრულებს, რასაც ოპოზიცია კარგა ხანია ელის. კერძოდ, ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ის კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მინისტრის მისამართით გააკეთა, სწორედ ვერა ქობალიას დამსახურებაა. პროცესი კი იმით გაგრძელდება, რომ ზოგიერთი მინისტრი თანამდებობას დატოვებს, საბოლოო ჯამში კი, მთავრობაში გაჩნდება ბზარი, რაც ასახვას პარლამენტზეც პოვებს.

ამავე გაზეთის ფურცლებზე ხელისუფლების შიგნით დაძაბულობის აწევას ვარაუდობს ექსპერტი გია ხუხაშვილიც. ეს, მისი აზრით, უკავშირდება როგორც თბილისის მერის გიგი უგულავას საპრეზიდენტო ამბიციებს, ისე სხვა ბევრი პირის ამბიციურობას, ზოგადად. გია ხუხაშვილის ვარაუდით, 2013 წლამდე ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი.

”ენგურზე მიმოსვლა აღდგა” - წაიკითხავთ გაზეთ ”24 საათში.” გაზეთის თანახმად, ენგურზე მდებარე იმ საგუშაგოზე, რომელზეც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, მიმოსვლის პრობლემები აღარ იქნება. მოქალაქეებმა ოკუპირებული რეგიონიდან ადმინისტრაციული საზღვარი რომ გადაკვეთონ, საჭიროა საშვი, რომლის ღირებულება 100 რუსულ რუბლს შეადგენს. ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაც დაიწყო. ამ პასპორტებით აფხაზები რუსეთში, ნაურუში, ნიკარაგუასა და ვენესუელაში გადაადგილდებიან.
XS
SM
MD
LG