Accessibility links

logo-print

საქართველო ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის


ესტაკადის მშენებლობა თბილისში

ესტაკადის მშენებლობა თბილისში

ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას, - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ეკონომიკური აქტივობა სულ უფრო იზრდება, რადგან ქვეყანას მიმზიდველი საინვესტიციო პირობები აქვს.

ის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, იქნება ძალიან დიდი მიზეზი იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები ჩამოვიდნენ საქართველოში ...
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციას ერთიდან ოთხ დღემდე სჭირდება. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველია მსოფლიოს 87 ქვეყანას შორის. ბანკის მრჩეველთა ჯგუფმა კერძო იურიდიული კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე მოამზადა 200 გვერდიანი ანგარიში - "ინვესტიციები საზღვრებს გარეშე 2010", რომლის მიხედვითაც, საქართველო ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას აზრით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას:

”უცხოელი ინვესტორები ინვესტიციის განხორციელებამდე უყურებენ ასეთ რეიტინგებს და, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკის რეიტინგი არის ერთ-ერთი პირველი, რომელსაც უყურებენ. ის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, იქნება ძალიან დიდი მიზეზი იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები ჩამოვიდნენ საქართველოში.”

მსოფლიო ბანკის მიერ ჯერ კიდევ ივლისის თვის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გაიხსენა, როდესაც ის ბიზნესისთვის შექმნილ გარემოზე საუბრობდა:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
”პირველ ადგილზე გავედით ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით მსოფლიოში. ჩვენ, როგორც მთავრობამ, შევძელით, რომ ყველა მაჩვენებელი გაგვეუმჯობესებინა, დანარჩენი უნდა გააკეთოს კერძო ინიციატივამ და კერძო ბიზნესმა.”

ბიზნესმენები პასიურობენ

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე და მანამდეც არაერთხელ გამოითქვა შენიშვნა ბიზნესმენების პასიურობის შესახებ. ისინი ექსპორტის განსახორციელებლად ან არ, ან კიდევ ვერ იყენებენ ”ჯი-ეს-პი პლუსის” პრეფერენციების სისტემას. პასიურობას იჩენენ უცხოელი ბიზნესმენებიც, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დაიწყეს და შემდეგ გადადეს ან საერთოდ შეაჩერეს.

მაგალითად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო იმ მიზეზით, რომ იქ საკმარისი რაოდენობის ბიზნესი არ დარეგისტრირდა. ხოლო ვინც დარეგისტრირდა, - მათ შორის, სამხრეთკორეული ”ელ-ჯი” ან კიდევ კომპანია ”არაი”, - ინვესტიციების განხორციელებას არ ჩქარობენ. შეჩერებულია თბილისში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და სხვ.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პრეზიდენტს არწმუნებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლება კვლავაც გრძელდება:

”დღგ-ს ბრუნვების ზრდა არის თითქმის პირდაპირ კორელაციაში ეკონომიკის ზრდასთან. ანუ რახან დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია, შემოსავლების ზრდის ნაწილი ეკონომიკის ზრდით არის გამოწვეული, მეორე ნაწილი კი ადმინისტრირების გაუმჯობესებით.”

საინვესტიციო შიმშილი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.

ჩვენ ის პრობლემები, ის დანაკარგი თუ წინააღმდეგობები, რაც ჩვენთან შეიძლება ინვესტორს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გავაუქმოთ ...
საქართველოში რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმწირეა, ამას არც მთავრობის წევრები ფარავენ. 2010 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 75 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც წინა წლის ბოლო კვარტალში თითქმის ოთხჯერ მეტი ინვესტიცია შემოვიდა.

ეკონომისტების აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებასთან ერთად საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

აი, რას ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ინვესტორმა რომ საქართველო, მაგალითად, ესტონეთს ამჯობინოს:

”ჩვენ ის პრობლემები, ის დანაკარგი თუ წინააღმდეგობები, რაც ჩვენთან შეიძლება ინვესტორს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გავაუქმოთ და პლუს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ და ესტონეთს ერთი და იგივე პირობები გვაქვს, რაც შეეხება ინვესტორების მოპყრობას, მაგრამ ესტონეთს უფრო მაღალი გადასახადები აქვს. ამიტომ გირჩევთ ჩვენთან ინვესტირებას.”

გია ჯანდიერი ლაპარაკობს გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე, რაზეც საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე უარი თქვა.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი კი ისეთი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც ბიზნესმენს მარტივად რეგისტრირებული საქმის წარმოება აღარ გაუჭირდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG