Accessibility links

logo-print
26 მაისის აღლუმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არმიის ხელმძღვანელობას სამუშაო ვითარებაში პირველად გასულ კვირაში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა არმიის ხელმძღვანელობას ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა - ტოტალურ თავდაცვაზე გადასვლა და მომზადება იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მადლიერიც იყო, მომთხოვნიც და, რაც იშვიათი შემთხვევაა, თვითკრიტიკულიც. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე არასწორი იყო კადეტთა სამხედრო სასწავლებლის გაუქმება და სამხედრო აკადემიაში ოთხწლიანი სწავლების ერთწლიანი სასწავლო კურსით ჩანაცვლება. საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ყველაფრის თავიდან დაწყება საქართველოს ძვირი დაუჯდა. სააკაშვილის თქმით, დაიკარგა დრო და, რაც მთავარია, სამხედრო საგანმანათლებლო სისტემაში ასეთმა უხეშმა ჩარევამ ოფიცერთა მომზადების ტემპზეც ნეგატიურად იმოქმედა.

„ ვასწორებთ იმ შეცდომას, როდესაც რამდენიმე წლის წინ გაუქმდა კადეტთა კორპუსი. გადავაყოლეთ, ფაქტობრივად, ბავშვი ჭუჭყიან წყალს. გვინდოდა სისტემის შეცვლა, მაგრამ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა რქებით გაიტანა ეს, რომ გააუქმა კადეტთა კორპუსი. ძალიან ბევრი ბავშვი დარჩა, რომელსაც მაშინ გულით უნდოდა ოფიცრობა. მაშინ რომ დაგვეტოვებინა, ბევრი ახლა ოფიცერი იქნებოდა.“

რას ნიშნავს მითიური ტოტალური თავდაცვა?

თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ყურადღებით და საქმიანი გამომეტყველებით უსმენდნენ. არმიის დღევანდელ სარდლობაში თითქმის არავინ არის დარჩენილი თუნდაც 4 წლის წინანდელი შემადგენლობიდან, ვისაც კადეტთა სასწავლებლის დახურვაში ანდა სამხედრო აკადემიის არასწორ რეორგანიზაციაში მიუძღვის ბრალი. ამიტომ უმაღლესი მთავარსარდალი სამხედრო ძალების ახალი ხელმძღვანელობის მიმართ ქების სიტყვებს არ იშურებდა. თუმცა პრეზიდენტის ქება არ არის ინდულგენცია. ამოცანა, რომელიც სამხედრო უწყებას დაუსახა პრეზიდენტმა, არმიის ხელმძღვანელებისაგან სრულ უკუგებას მოითხოვს და შექმნილ ვითარებაში საკმაოდ რთული განსახორციელებელიცაა:

„2008 წელმა მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ არანაირი ასპროცენტიანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამოცდილება. ამიტომ უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, პასუხისმგებელი პირები, მინიმალური რაოდენობის საჭირო იარაღი იმ სიტუაციისათვის, რომ ყველამ შეძლოს თავისი სოფლის, თავისი ქუჩის, თავისი ქალაქის, თავისი რაიონის დაცვა.“

მიხეილ სააკაშვილმა იქვე დააზუსტა, თუ რას ნიშნავს ყბადაღებული ტოტალური თავდაცვა:“ამრიგად, თუ მოწინააღმდეგე გადაწყვეტს უკვე ეთნიკურად გაწმენდილი ტერიტორიებიდან წინ გადმოსვლას, ყოველი კვადრატული მეტრი ქართული მიწის მის ქვეშ უნდა იწვოდეს. ეს არის ამოცანა. მაგრამ ამას სჭირდება სათანადო დონეზე სამოქალაქო თავდაცვის განვითარება.“

საქართველო აპირებს მეტი ჯარისკაცის გაგზავნას ავღანეთში

ქვეყნის ტოტალური თავდაცვა და ყველა სოფელში თავდაცვითი რაზმების მომზადება კი ძალიან რთული, შესაძლოა, უტოპიური ამოცანაც კი იყოს. ასეთი დონის მზადყოფნის მიღწევას სჭირდება ეროვნული თანხმობა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა, დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსები და საერთაშორისო მხარდაჭერა, რადგან ტოტალური თავდაცვა, შესაძლოა, დისონანსში მოდიოდეს საქართველოს მიერ ნაკისრ დემოკრატიულ ვალდებულებებთან. ესეც რომ არ იყოს, მიხეილ სააკაშვილმა სამხედროებს აშკარად მიანიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის ამოცანებისათვის მაინცდამაინც დიდი ბიუჯეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ:

„ჩვენ, გარკვეულწილად, სამხედრო ბიუჯეტი შევამცირეთ ეკონომიკური კრიზისის გამო. როგორც შევძლებთ, ახლა ამ პროცესს უკან მოვაბრუნებთ, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ქვეყანას ჩვენ ვერ დავტოვებთ თავდაცვის გარეშე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი ფული ახლა ჩაიდება მომზადებაში, სწავლაში და ინდივიდუალურად პროფესიონალიზმის ამაღლებაში.“

და, აი, უმაღლესი მთავარსარდლის კიდევ ერთი დავალება, რომელიც სამხედრო ძალებს და მთლიანად ქვეყანას ახალი გამოწვევის წინაშე დააყენებს: 28 ივლისის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებს კიდევ უფრო გაზარდოს ქართული სამხედროების რიცხვი ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, სადაც უკვე დღეისათვის ქართული დროშის ქვეშ 1000 ჯარისკაცი იმყოფება:

„ჩვენ გვჭირდება გამოცდილება, ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ ვართ ავღანეთში, რაც, რა თქმა უნდა, ჯდება ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობის ფასად და შეიძლება დაგვიჯდეს სიცოცხლის ფასადაც, და ამაზე ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ. მაგრამ ეს ასევე აძლევს საქართველოს უნიკალურ გამოცდილებას. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა შევწყვიტოთ ავღანეთში მონაწილეობა, არამედ ჩვენ უნდა განვიხილოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ახალი საშუალება ვნახოთ ავღანეთში უფრო აქტიური მონაწილეობისა. ამის შესახებ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს პარტნიორებთან.“

იმ ამოცანებიდან, რომლებიც 28 ივლისს სააკაშვილმა არმიის ხელმძღვანელობას დაუსახა, შესაძლოა, ტექნიკურად ყველაზე იოლი შესასრულებელი ავღანეთში დამატებითი ქვედანაყოფის გაგზავნა იყოს. თუმცა საკითხავი ისაა, თუ როგორ მოახერხებს საქართველო „ორ ფრონტზე“ ასეთი რთული სამხედრო ამოცანის შესრულებას - ტოტალურ თავდაცვასაც ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო გაზრდილი ქვედანაყოფის შენახვას თავისი საზღვრებიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG